გადაწყვეტილება №19017/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19017/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორი „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ ყოფილი დირექტორის „----------“ (პ/ნ ----------) 1.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19017/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31325 ბრძანება.
30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა: 1 158 105,28 ლარი.
მათ შორის:
დღგ - საურავი - 132,74 ლარი
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 534 970,69 ლარი
(გადასახადი - 216 822 ლარი, ჯარიმა - 108 411 ლარი, საურავი - 209 737,69 ლარი)
მოგების გადასახადი - (- 5 508) ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 628 436,85 ლარი (გადასახადი - 273 023 ლარი, ჯარიმა - 136 510 ლარი, საურავი - 218 903,85 ლარი)
ქონების გადასახადი - 73 ლარი (გადასახადი - 43 ლარი, ჯარიმა - 30 ლარი)
ფაქტების აღწერა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიას წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.03.2016 წლის №8116 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მომჩივანმა 28.09.2022 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა (№176696/21-11) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31325 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 28.03.2016 წლის №8116 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნაზე, უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 28.09.2022 წლის №176696/21-11 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა როგორც საზოგადოების დირექტორი. შპს „----------“ 20.06.2011 წელს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (ოქმი №1), მისივე თხოვნით, არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაანთავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან. კომპანიის საქმესთან დაკავშირებით გაესაუბრა გამომძიებელი.
გამოძიებით ირკვევა კომპანიის ფინანსური საკითხები, რის შესახებაც მისივე განცხადებით გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება კომპანიის ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს.
იმის გამო, რომ მისთვის სულ ახლახანს გახდა ცნობილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში იმის გამო, რომ არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვებს, მოწოდებულ დოკუმენტებში არსებული მოთხოვნები არის მიუღებელი, არასწორი და არაზუსტი. შემოსავლების სამსახურმა მაშინ დაიწყო წარმოება, როდესაც ის აღარ იყო კომპანიის დირექტორი. 2011 წლიდან აღარ არის კომპანიის დირექტორი. დღეს გახდა ცნობილი მისთვის კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რადგან აღარი იყო კომპანიის დირექტორი, არანაირი წვდომა არ გააჩნია მის საბუღალტრო და ფინანსურ საქმეებთან. შესაბამისად არ არის პირი, რომელმაც ამ კომპანიის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც დირექტორმა უნდა აგოს პასუხი. რადგან მისი დაბარება განახორციელა საგამოძიებო სამსახურმა, ამ ფაქტმა დააინტერესა, რადგანაც პირდაპირ თუ ირიბად შეეხო მას.
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნებს, მიაჩნია დაუსაბუთებლად, არაზუსტად და უსაფუძვლოდ. შემოსავლების სამსახურმა ყურად არ იღო წინა საჩივარში წარდგენილი პოზიცია და განუხილველად დატოვა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე.
როგორც ცნობილია კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული იქნა 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნა და 30.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. საჩივრიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30.12.2015 წლის №50923 ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნით უსაფუძვლოდ დაერიცხა გადასახადის სახით 244 951 ლარი.
საჩივრის განხილვის შედეგად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საფუძვლიანად შეემოწმებინა და გამოეკვლია მოცემულ საქმეზე ყველა სამართლებრივი გარემოებები, რის შედეგადაც 25.10.2016 წლის №2903 ბრძანებით კომპანიას საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა სულ 293 866 ლარი, მათ შორის გადასახადი 134 074 ლარი, ჯარიმა 69 792 ლარი. ამავე ბრძანების შესაბამისად კომპანიას დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 8 065 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 8 065 ლარი. ბრძანების საფუძვლად მითითებულია შემოსავლების სამსახურის 28.03.2016 წლის №8116 ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 10.10.2016 წლის დასკვნა.
ზემოხსენებული დასკვნა და გასაჩივრებული ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შედეგად კომპანიაზე დარიცხული გადასახადების სიზუსტეს და სისწორეს და საჭიროებს კორექტირებას, რადგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართალია განხორციელდა კორექტირება და შეუმცირდა ძირითადი გადასახადი, თუმცა უყურადღებოდ იქნა დატოვებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ კომპანია ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. 2009 წლიდან ---------- ში, წყლის გამწმენდი ნაგებობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა ხორციელდებოდა ----------ის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში. ამ პროექტის დამფინანსებელია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი - kfw ბანკი, სადაც კომპანია წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს ერთობლივ საწარმო „----------“ და სს „----------“თან ურთიერთობაში. საქართველოსა და გერმანიის ფედერაციის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 12.10.2007 წლის №5377/ს დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს იმ მასალების, დანადგარებისა და დამხმარე მასალების იმპორტს, რომელთა შემოტანა საქართველოში დასაბუთების საფუძველზე ხდება ამ შეთანხმებით დაფინანსებული პროექტების მიზნების მისაღწევად, ყოველგვარი გადასახდელების, ბაჟის, მოსაკრებლების თუ სხვა სახის გადასახდელებისგან, რომლებიც დაწესებულია საქართველოს კანონმდებლობით. რადგან აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოადგენდა შემსრულებელ მხარეს და აწარმოებდა სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოებს, ამდენად ის გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. აუდიტის დეპარტამენტმა მართალია დააკორექტირა კომპანიის მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები, თუმცა უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ კომპანია წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს ერთობლივ საწარმო „----------“ და სს „----------“-თან ურთიერთობაში, სადაც საწარმო „----------“ არის ---------- ში რეგისტრირებული კომპანია და ---------- ში გადასახადის გადამხდელი. ეს კომპანია გახლავთ რეზიდენტი. შესაბამისად კომპანია იყო სუბკონტრაქტორი და ის უნდა დაიბეგროს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ფარგლებში. შესაბამისად, ამ ნაწილშიც დასაკორექტორებელი იყო კომპანიის მიმართ განხორციელებული დარიცხვები, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული კი მეტყველებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი პრობლემატური საკითხის გამოკვლევა კომპანიის საგადასახადო დარიცხვებთან დაკავშირებით საფუძვლიანად არ მომხდარა და აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2016 წლის №29003 ბრძანება ეყრდნობა არასწორ დასკვნებს, რის გამოც ეს აქტი ისევე როგორც 10.10.2016 წლის დასკვნა არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31325 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ის ეწინააღმდეგება მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ბათილია, რადგან ეწინააღმდეგება კანონს. მიუხედავად საჩივრისა, შემოსავლების სამსახურს არანაირი წარმოება არ ჩაუტარებია, ფარატინა ორ გვერდიანი ბრძანებით ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დატოვა განუხილველი. აღნიშნული კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს, მოხდეს საჩივრის განხილვა და დადგინდეს რეალური ჭეშმარიტება და არ დაისჯება უსამართლოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31325 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის 28.03.2016 წლის №8116 ბრძანებით გადაწყვეტილება მიღებულია აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე შპს „----------“ის (ს/ნ ----------) მიერ 25.01.2016 წელს წარდგენილ (№11945/21) საჩივარზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 1.04.2011 წლის (№----------) ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია „----------“ (პ/ნ ----------), ხოლო 27.06.2011 წლის (№----------) ამონაწერის მიხედვით, „----------“ (პ/ნ ----------).
შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2015 წლის №081-353 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი, 28.09.2022 წელს წარდგენილია (№176696/21-11) შპს „----------“ის (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის, „----------“ (პ/ნ ----------) მიერ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31325 ბრძანებით საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება არამართლზომიერია და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31325 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.