ბრძანება N 19885

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.09.2024
№ დოკუმენტი 19885
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიდოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებისაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადასაბეგრი ოპერაციის თანხადასაბეგრი ოპერაციის დროდღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებიკეთილსინდისიერებასხვა ჯარიმებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიდოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებისაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადასაბეგრი ოპერაციის თანხადასაბეგრი ოპერაციის დროდღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებისხვა ჯარიმებისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებაკეთილსინდისიერება

📄 სრული ტექსტი

N 19885

06 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ---------)

(მის.: --------------)

2024 წლის 25 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 25 ივლისის №90972/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №081-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ბუღალტრულად აღრიცხული და ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი შედგება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვებისგან. გარდა საწარმოს ძირითადი საქმიანობისა, მცირე ოდენობით რეალიზებულია წარმოებული საქონელი, რაც დაბეგრილია დღგ-ით. აღნიშნულ ნაწილში გადამხდელი ითხოვს დარიცხული დღგ-ის სრულად შემცირებას, რადგან საქონლის და ცხვრის ხორცის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილი ფულის ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი ითხოვს, ფულის ნაშთის გაანგარიშებას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ამასთან, ფიზიკური პირისგან აღებული 30 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხთან დაკავშირებით (რომელიც მონაწილეობას იღებს ფულის ნაშთის გაანგარიშებაში), გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული მათ ბუღალტრულ პროგრამაში. აცხადებს, რომ კომპანიის წარმოდგენილი აღრიცხვის პროგრამა ადასტურებს, რომ კომპანია სესხის აღებას არ საჭიროებდა.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ფიზიკური პირებისგან ხორცის შეძენაზე თანხები გადახდილია საბანკო ანგარიშსწორებით, შესაბამისად, რადგან საქონელი შეძენილია და ფიქსირდება შემოსავლის მიღება, მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას.

4. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას და მიუთითებს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №25664 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------------------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 აპრილიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის პირველი ივლისის №15442 ბრძანება და ამავე თარიღის №081- 154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 279 669 ლარი, მათ შორის, გადასახადი 150 229 ლარი, ჯარიმა 81 046 ლარი, საურავი 48 394 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---------------------ი“ (ს/ნ ----------------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 29 აპრილს და ამავე თარიღში დადგა დღგ-ს გადამხდელად, თუმცა, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე (13.01.2021 წლის სურსათის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტური შემოწმების აქტი N--------) ირკვევა, რომ საწარმო საქმიანობდა რეგისტრაციის გარეშეც და 2021 წლის იანვარში ობიექტი ახორციელებდა როგორც ხორცპროდუქტებით ვაჭრობას, ასევე იყო "კაფე" ქ. -----ში,-------ის N66-ში. გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, საქონლის და ცხვრის ხორცის შეძენა ხდებოდა ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რაზეც არ აქვთ შეძენის დოკუმენტები. წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ: შეძენილი სმფდან რა ნაწილი გაიყიდა ხორცად და რა ნაწილი მოხმარდა წარმოებას, ასევე, არ არის წარმოდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები სრულად. პროგრამის მიხედვით, ფიქსირდება 163 392 ლარის საქონლის ნაშთი, მაშინ, როცა კომპანიის სმფ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მალფუჭებადია და ფიზიკურად ვერ იქნებოდა წლები ნაშთად. მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელს ჩამოართვეს გაფუჭებული ხორცპროდუქტები, თუმცა, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში გადმოგზავნილი განცხადება გაფუჭებული და ჩამოწერილი ხორცის შესახებ არ იძებნება. კომპანია დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობაზე. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულმა ბრუნვამ შეადგინა 312 315 ლარი. ვინაიდან, არ არის მოწოდებული საბანკო ინფორმაცია სრულად, შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო კომპანიის საბუღალტრო პროგრამის უწყისებს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა დღგ 35 176 ლარი, ხოლო, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, 23 383 ლარით.

2. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ასევე, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმომ 2022 წელს ფიზიკური პირისგან აიღო სესხი 30 000 დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და აღნიშნული სესხი არც დაბრუნებული არაა გამსესხებელზე. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული განაცემი მიჩნეულ იქნა უსაბუთო ხარჯად, რის საფუძველზეც საწამოს დაერიცხა მოგების გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად:

1. ეს თავი განსაზღვრავს დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებს.

2. ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს უფლება არ აქვთ ჩაითვალონ დღგ, ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

3. ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ვერ დგინდება შეძენილი სმფ-დან რა ნაწილი გაიყიდა ხორცად და რა ნაწილი მოხმარდა წარმოებას, ასევე, არ არის წარდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები სრულად, ამასთან, პროგრამის მიხედვით, ფიქსირდება 163 392 ლარის საქონლის ნაშთი, მაშინ, როცა კომპანიის სმფ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მალფუჭებადია და ფიზიკურად ვერ იქნებოდა წლები ნაშთად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ ბუღალტრულად აღრიცხული და ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი შედგება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ით გათავისუფლებული ბრუნვებისგან. მიუთითებს, რომ გარდა ძირითადი საქმიანობისა, საწარმოს მცირე ოდენობით რეალიზებული აქვს წარმოებული საქონელი, რაც დაბეგრილია დღგ-ით. მიღებული შემოსავლის 50% რეალიზებულია დოკუმენტებით და აღნიშნული დოკუმენტური რეალიზაციის 48% შეადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, რაც შემოწმებამ გაითვალისწინა. გადამხდელი ითხოვს დარიცხული დღგ-ის სრულად შემცირებას, რადგან საქონლის და ცხვრის ხორცის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით. ასევე, გადამხდელი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება აღნიშნულის გათვალისწინება, აუცილებელია შემმოწმებელმა მოახდინოს შემოსავლის შესაბამისი პროპორციის მიხედვით განაწილება. ვინაიდან, შემოწმების შედეგების მიხედვითაც, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მიმართ არ განხორციელებულა დღგ-ით დაბეგვრა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად იხელმძღვანელოს დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმომ 2022 წელს ფიზიკური პირისგან აიღო სესხი 30 000 დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და აღნიშნული სესხი დაბრუნებული არ არის გამსესხებელზე. შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ითხოვს ფულის ნაშთის განსაზღვრისას გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. მომჩივნის განმარტებით, აუდიტორებისთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით და პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები) დასტურდება, რომ საწარმოს არ აქვს სრულად საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან საქონლის შეძენა ხდებოდა ბაზრობებზე და გაბნეულია ან თავის დროზე არ არის შედგენილი შესყიდვის აქტები. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლის 50%-ზე უნდა იქნას გამოყენებული სიტუაციური სახელმძღვანელო (N0256) და შემოსავლის 75% გათვალისწინებული უნდა იქნას ფულის ნაშთის გაანგარიშებაში, რაც შეამცირებს ფულის ნაშთს დაახლოებით 250 000 ლარით. ამასთან, ფიზიკური პირისგან აღებული 30 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, რადგან აღნიშნული სესხის შესახებ მათთვის უცნობი იყო.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შემოწმების მიერ განაცემები მიჩნეულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. შესაბამისად, აღნიშნული თანხების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად იხელმძღვანელოს დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. ითხოვს დარიცხული დღგ-ის სრულად შემცირებას.

2.შემოწმების მიერ დადგენილი ფულის ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი ითხოვს, ფულის ნაშთის გაანგარიშებას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

3. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას.

4. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25664 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 აპრილიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №15442 ბრძანება და №081- 154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 279 669 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

1. წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ: შეძენილი სმფდან რა ნაწილი გაიყიდა ხორცად და რა ნაწილი მოხმარდა წარმოებას, ასევე, არ არის წარმოდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები სრულად. პროგრამის მიხედვით, ფიქსირდება 163 392 ლარის საქონლის ნაშთი, მაშინ, როცა კომპანიის სმფ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მალფუჭებადია და ფიზიკურად ვერ იქნებოდა წლები ნაშთად. მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელს ჩამოართვეს გაფუჭებული ხორცპროდუქტები, თუმცა, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში გადმოგზავნილი განცხადება გაფუჭებული და ჩამოწერილი ხორცის შესახებ არ იძებნება. კომპანია დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობაზე. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულმა ბრუნვამ შეადგინა 312 315 ლარი. ვინაიდან, არ არის მოწოდებული საბანკო ინფორმაცია სრულად, შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო კომპანიის საბუღალტრო პროგრამის უწყისებს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა დღგ , ხოლო, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ასევე, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმომ ფიზიკური პირისგან აიღო სესხი , რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და აღნიშნული სესხი არც დაბრუნებული არაა გამსესხებელზე. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული განაცემი მიჩნეულ იქნა უსაბუთო ხარჯად, რის საფუძველზეც საწამოს დაერიცხა მოგების გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად იხელმძღვანელოს დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

ხოლო, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემის ნაწილში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9„ბ“); 96(„ა“); 97(1 „ბ“); 982(1 „ა“ და „ბ“ ); 101(1) ; 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 172(4 ,,ფ“); 269(1.7); 270(1); 272(1); 275(1,2, 21, 22); 291;