გადაწყვეტილება №22270/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2024
№ დოკუმენტი 22270/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22270/2/2024

10 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22270/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №005-227 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2160 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 185 733,68 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 388

დღგ - 45 716

საშემოსავლო გადასახადი - 73 672

ჯარიმა - 51 934

საურავი - 14 411,68

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 27.09.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №005-227 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2160 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენს შპალერის და ლამინატის იმპორტი (----------) და ადგილობრივი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 3 472 330 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №23612 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მასალები (ფაქტობრივი ნაშთი და საბაზრო ფასები) გადმოგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი სარეალიზაციო ფასით შეადგენს 3 060 855 ლარს. შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების და წლების მიხედვით (2022 წელი: შპალერი - 24,41%, ლამინატი - 23%; 2023 წელი: შპალერი - 34,34%; ლამინატი - 33,41%). აღნიშნულის საფუძველზე, ფაქტობრივმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 2 604 019 ლარი, ხოლო ბუღალტრულად უფიქსირდება 3 082 003 ლარის ნაშთი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. დამატებით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად და მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საზოგადოებას დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი დოკუმენტური რეალიზაციაა. პირთან განხორცილდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დადგენილი ფაქტობრივი ნაშთისა და სმფების სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის ჯგუფებისა და წლების მიხედვით. შემოწმებით სმფ-ების ინვენტარიზაციით აღრიცხულ ფაქტობრივ ნაშთსა და საწარმოს ბუღალტრულად დაფიქსირებულ საქონლის ნაშთს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, დამატებით მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხების უკან დაბრუნებად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილ პროგრამაში დაფიქსირებულია დამფუძნებლის შენატანები ძირითადად სალაროში, ხოლო გატარებები განხორცილებულია შემოწმების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდგომ.

ასევე, ჩატარებული ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა, რომ პირს არ ჰქონდა საჭიროება პროგრამაში აღრიცხული თანხის ოდენობით შეევსო კაპიტალი. შესაბამისად, შემოწმება არ დაეყრდნო ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ საწესდებო კაპიტალის ნაშთს და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი სრულად ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დეკლარირებული შემოსავლიდან 1 311 918 ლარიდან 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთისა და სმფ-ების სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით გამოყვანილი დოკუმენტური ფასნამატების, საქონლის ჯგუფებისა და წლების მიხედვით, სმფ-ების ინვენტარიზაციით აღრიცხულ ფაქტობრივ ნაშთსა და საწარმოს ბუღალტრულად დაფიქსირებულ საქონლის ნაშთს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა მართლზომიერია.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მოანაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ს ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმეს სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც რაოდენობრივად, ასევე, წონით. წონით შეძენილი პროდუქციის (ძირითადად შპალერი) შემთხვევაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პროდუქციის საკმაოდ დიდი რაოდენობა არის დაზიანებული (ნაწილობრივ ან სრულად) და სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი. შესაბამისად, ხდება აღნიშნული უვარგისი პროდუქციის განადგურება ან/და მიზერულ ფასად (თვითღირებულებით და თვითღირებულებაზე დაბალი ფასით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია ხორციელდება ძირითადად ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც ზედნადები არ სჭირდებათ, შედეგად, ასეთი ტიპის რეალიზაციებზე და ასევე განადგურებულ (გადაყრილ) საქონელზე განხორციელდა დოკუმენტით (ზედნადებით) დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რომ წონით შეძენილი პროდუქციის 100%-ის რეალიზაცია განხორციელდეს ფასნამატით. სრულიად ლოგიკურად მიგვაჩნია, შემოწმების მიერ, წონით შეძენილი საქონლის დანაკლისის რეალიზაცია განხორციელდეს თვითღირებულებით.

კომპანიას დაფუძნების დღიდან დღემდე ჰყავს ერთი დამფუძნებელი, რომელიც ამავე დროს არის კომპანიის დირექტორი. მის მიერ კომპანიის დაფუძნების დღიდან დღემდე, გარკვეული პერიოდულობით კომპანიის საწესდებო კაპიტალში შემოტანილი იქნა გარკვეული თანხები. აღნიშნული თანხები გადარიცხული იქნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან. საწესდებო კაპიტალში შემოტანილი თანხები სრულად მოხმარდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე, აღნიშნული თანხები დაფიქსირებული არის კომპანიის ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში, რომლითაც იხელმძღვანელა შემოწმებამ და მათ მიერ რაიმე სახის დარღვევა არ იქნა აღმოჩენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი თანხები შემოწმების მიერ პირველ რიგში განხილული უნდა იქნას როგორც დამფუძნებლის მეირ საწესდებო კაპიტალიდან უკან დაბრუნებულ თანხებად და მხოლოდ აღნიშნული ვალდებულების ამოწურვის შემდეგ, მიღებულ ხელფასად. აღნიშნული მიდგომა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებულია სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, სხვა კომპანიების მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი პრინციპების და სსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, მიზანშეწონილია, კომპანიის მიმართაც გამოყენებული იქნა ანალოგიური მიდგომა, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ საწესდებო კაპიტალში შემოტანილ თანხებთან დაკავშირებით არანაირი დარღვევა არ იქნა გამოვლენილი.

წონით შეძენილი პროდუქციის დანაკლისზე არ იქნას გავრცელებული დოკუმენტური ფასნამატი და რეალიზებული იქნას თვითღირებულებით. დამატებით გამოვლენილი თანხები არ იქნას განხილული დირექტორის მიერ მიღებულ სახელფასო თანხებად, განხილული იქნას როგორც დამფუძნებლის (100%-იანი წილის მფლობელი, ასევე, დირექტორი) მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხების უკან დაბრუნებად. აღნიშნული თანხის ამოწურვის შემდგომ, დარჩენილი თანხა განხილული იქნას ხელფასად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ შეძენილია 3 472 330 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი სარეალიზაციო ფასით შეადგენს 3 060 855 ლარს. შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების და წლების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე, ფაქტობრივმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 2 604 019 ლარი, ხოლო ბუღალტრულად უფიქსირდება 3 082 003 ლარის ნაშთი.

აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებული საქონელი გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა აღრიცხული პროგრამულად, ასევე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი საქონლის ჩამოწერის/განადგურების თაობაზე. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულია დამფუძნებლის შემონატანები შესამოწმებელ პერიოდში, ძირითადად სალაროში და აღნიშნული გატარებები განხორციელებულია შემოწმების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდგომ პერიოდში. აღნიშნული შემონატანები ფულის მოძრაობის ანალიზის გაკეთების დროს არ არის დამატებული შემოსავალში, შესაბამისად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის შემცირება.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 51 934 ლარის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №005-227 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 14 411,68 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია კომპანია

პირნათლად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმების აქტში დაფიქსირებული საკითხები არ არის გამოწვეული ჩვენი კომპანიის შეგნებული ქმედებით. იგი წარმოადგენს უნებლიე შეცდომებს.

როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გაგვათავისუფლოთ დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ შეძენილია 3 472 330 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი სარეალიზაციო ფასით შეადგენს 3 060 855 ლარს. შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების და წლების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე, ფაქტობრივმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 2 604 019 ლარი, ხოლო ბუღალტრულად უფიქსირდება 3 082 003 ლარის ნაშთი. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებული საქონელი გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა აღრიცხული პროგრამულად, ასევე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი საქონლის ჩამოწერის/განადგურების თაობაზე. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულია დამფუძნებლის შემონატანები შესამოწმებელ პერიოდში, ძირითადად სალაროში და აღნიშნული გატარებები განხორციელებულია შემოწმების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდგომ პერიოდში. აღნიშნული შემონატანები ფულის მოძრაობის ანალიზის გაკეთების დროს არ არის დამატებული შემოსავალში, შესაბამისად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის შემცირება.

2. შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 160; 275.