ბრძანება N 9468
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9468
14 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 16 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) №95130/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მარტის №094-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად შემცირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის ერთობლივი შემოსავლის გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას. განმარტავს, რომ აღნიშნულმა გამოიწვია მოგების გადასახადის დარიცხვა, თუმცა გასული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2016 წლის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას, ვინაიდან 2017 წლიდან კომპანია გადავიდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესზე.
3. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას გადაანგარიშების შედეგად დამატებით დარიცხული გადასახადის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის №ბს-974(2კ-24) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი თებერვლის №3ბ/706-23 განჩინება. ------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი თებერვლის №3ბ/706-23 განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № -------). აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „-------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ოქტომბრის №094-177 საგადასახადო მოთხოვნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში;
3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ოქტომბრის №27593 ბრძანება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 თებერვლის №4167 ბრძანების მეოთხე პუნქტი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 სექტემბრის №--------გადაწყვეტილება.“
---------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 12 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა სულ 976 173 ლარი, მათ შორის, გადასახადი 673 704 ლარი და ჯარიმა 302 469 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მარტის №------ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შპს „--------“ (ს/ნ ----------) საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის შემცირება. ასევე, შემცირდა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში გამოქვითული, შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, შემცირდა 2015 წლის ზარალი და გაიზარდა 2016 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, კომპანიას შეუმცირდა სულ 976 173 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შპს „------“ საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის შემცირება. ასევე, შემცირდა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში გამოქვითული, შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, შემცირდა 2015 წლის ზარალი და გაიზარდა 2016 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, კომპანიას შეუმცირდა სულ 976 173 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ --------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად თანხის დარიცხვა/შემცირებაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად 2016 წლის მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას, ვინაიდან 2017 წლიდან კომპანია გადავიდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური შეცდომის შედეგად, კომპანიას დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები რომლებიც არ ეკუთვნოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად შემცირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის ერთობლივი შემოსავლის გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2016 წლის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას;
3. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის შემცირება. ასევე, შემცირდა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში გამოქვითული, შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, შემცირდა 2015 წლის ზარალი და გაიზარდა 2016 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, კომპანიას შეუმცირდა სულ 976 173 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: