ბრძანება N 9532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9532
01 მაისი 2026
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2026 წლის 26 იანვრის და 19 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2026 წლის 26 იანვრის №10745/21 და 19 თებერვლის №27166/21 (რეგ.: №13868-21-14) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №094-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ შემოწმების აქტიდან ჩანს, რომ აუდიტორებმა მხედველობაში არ მიიღეს მათ მიერ წარდგენილი შეფასების აქტი და თავად განსაზღვრეს კომპანიის ქონების ღირებულება. აუდიტორებს არ წარმოუდგენიათ კომპანიის ქონების შეფასების მეთოდიკა, თუ რა მონაცემების საფუძველზე განსაზღვრეს კომპანიის ქონების ღირებულება 2022, 2023, 2024 და 2025 წლების მიხედვით.
2. გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების დანიშნულებით საწარმოდან გასული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13263 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28673 ბრძანება და ამავე თარიღის №094-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 265 334 ლარი, მათ შორის, გადასახადი 181 117 ლარი, ჯარიმა 57 273 ლარი, საურავი 26 943 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობას 2022 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეში წარმოადგენდა პურის წარმოება და დისტრიბუცია,თავისივე საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში. ამ პერიოდის შემდგომ კომპანიამ შეიცვალა საქმიანობის სფერო, კერძოდ, ახდენდა, როგორც აღნიშნული ფართის გაქირავებას, ასევე, პერიოდულად ადგილობრივად შეძენილი და იმპორტირებული ფქვილით ვაჭრობას (რუსეთიდან). გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში ქონების ღირებულებაზე წარმოდგენილია უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოც აღნიშნული დასკვნის გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. კერძოდ, დაუსაბუთებელი და დაუდასტურებელია ინფორმაცია, თუ რა პრინციპით აარჩია შემფასებელმა შეფასების მეთოდად დანახარჯების მიდგომა კომერციული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას და რატომ განსაზღვრა აქტივის საუკეთესო გამოყენებად “საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოყენება". ამასთან, წარმოდგენილ დასკვნაში დაუსაბუთებელია საბაზრო მიდგომის და შემოსავლის მიდგომის არ გამოყენების საფუძვლები, ჩატარებული გამოკითხვების და ანალიზის დეტალური შინაარსი. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საბაზრო ფასის განსაზღვრის მის ხელთ არსებული მონაცემებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საწარმოს ქონების ღირებულება, უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასით, რომლის საფუძველზე გამოანგარიშებულ იქნა 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს 2022 წელს 2 204 905 ლარით, 2023 წელს 2 219 310 ლარით და 2024 წელს 2 232 994 ლარით. შესაბამისად, პირს დაერიცხება ქონების გადასახადი.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება საწესდებო კაპიტალი 458 180 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2024-2025 წლებში ანაზღაურებულია სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. ამასთან, წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემების მიხედვით, საწყის ნაშთებზე განთავსებული თანხების დაჯამებით ბუღალტრულ პროგრამაში ბალანსი არ დგება. გადამხდელს მოეთხოვა საწყისი ნაშთების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რითაც დადასტურდებოდა საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია. პირის წერილობითი ახსნა-განმარტებით, პროგრამის მთავარ სერვერზე არსებული კიბერ შეტევის გამო, წინა საანგარიშო პერიოდების საბუღალტრო პროგრამა მიუწვდომელი გახდა. შესაბამისად საწყისი ნაშთების შესახებ მონაცემები ასახეს არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე. შემოწმების მიერ მოხდა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ კომპანია იყო მომგებიანი, გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოწმების შესწავლის მონაცემებით აღნიშნული კაპიტალის მიზნობრიობა/არსებობა არ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალის შემცირების დანიშნულებით საწარმოდან ფულადი სახსრების გასვლა სალაროდან, 458 180 ლარის ოდენობით, განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელი საქმიანობდა თავის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში. გადამხდელის მიერ ქონების დეკლარაციებში ასახულ ქონებაზე წარდგენილია უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოც აღნიშნული დასკვნის გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საბაზრო ფასის განსაზღვრის მის ხელთ არსებული მონაცემებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საწარმოს ქონების ღირებულება, უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასით, რომლის საფუძველზე გამოანგარიშებულ იქნა 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, კომპანიამ 2026 წლის 12 იანვარს საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერ მომზადებულია ექსპერტიზის დასკვნა (დართულია საჩივარს). ითხოვს, კომპანიის ქონების გადასახადი განისაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს საჩივრებზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და აღნიშნული დასკვნის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის თანახმად საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება საწესდებო კაპიტალი 458 180 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2024-2025 წლებში ანაზღაურებულია სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. ხოლო წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემების მიხედვით, საწყის ნაშთებზე განთავსებული თანხების დაჯამებით ბუღალტრულ პროგრამაში ბალანსი არ დგება. შემოწმების მიერ მოხდა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ კომპანია იყო მომგებიანი, გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოწმების შესწავლის მონაცემებით აღნიშნული კაპიტალის მიზნობრიობა/არსებობა არ დასტურდება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად მომჩივანის დამფუძნებულია სამი პარტნიორი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კომპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში, რაც ჩანს პარტნიორების მიერ კომპანიის კაპიტალში შენატანებისა და დამოწმებული სანოტარო აქტის შესაბამისად. კერძოდ, როცა კომპანიას ესაჭიროება ფინანსური დახმარება, დამატებით შეაქვთ თანხა. ხოლო კაპიტალიდან გააქვთ თანხები, როცა კომპანიას გააჩნია ჭარბი ფინანსური რესურსი. კომპანიის პარტნიორებმა 2017 წლის 11 აგვისტოს ნოტარიულად დაამოწმეს თავიანთი გადაწყვეტილება კომპანიის კაპიტალში დამატებით შეტანილი 827 280 ლართან დაკავშირებით (პარტნიორების მიერ 1000 ლარი შეტანილია რეგისტრაციის დროს, 826 280 ლარი შეტანილია შემდეგ პერიოდში). გადამხდელს წარდგენილი აქვს პარტნიორების მიერ კომპანიის კაპიტალში შენატანებისა და კაპიტალიდან გატანის შესახებ დოკუმენტაცია (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, პარტნიორთა კრების ოქმები), გადამხდელის მითითებით, წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საწესდებო კაპიტალი 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 458 180 ლარს, რაც შემოწმების პერიოდში გაცემული იქნა მომჩივანის პარტნიორებზე. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების დანიშნულებით საწარმოდან გასული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს საჩივრებზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და აღნიშნული დასკვნის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადის დარიცხვას
2. გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების დანიშნულებით საწარმოდან გასული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს საქმიანობას 2022 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეში წარმოადგენდა პურის წარმოება და დისტრიბუცია.ამ პერიოდის შემდგომ კომპანიამ შეიცვალა საქმიანობის სფერო, კერძოდ, ახდენდა, როგორც აღნიშნული ფართის გაქირავებას, ასევე, პერიოდულად ადგილობრივად შეძენილი და იმპორტირებული ფქვილით ვაჭრობას.გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში ქონების ღირებულებაზე წარმოდგენილია უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც შეიცავს არაერთ ხარვეზს.სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის თანახმად,საწარმოს ქონების ღირებულება, უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასით, რომლის საფუძველზე გამოანგარიშებულ იქნა 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.შესაბამისად, პირს დაერიცხება ქონების გადასახადი.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის შემოწმების მიერ მოხდა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ კომპანია იყო მომგებიანი, გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოწმების შესწავლის მონაცემებით აღნიშნული კაპიტალის მიზნობრიობა/არსებობა არ დასტურდება.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალის შემცირების დანიშნულებით საწარმოდან ფულადი სახსრების გასვლა სალაროდან განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს საჩივრებზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და აღნიშნული დასკვნის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,201,202.