გადაწყვეტილება №21784/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2024
№ დოკუმენტი 21784/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21784/2/2024

17 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ს“ 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21784/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის №041-70 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30135 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 520 053 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 247 732

დღგ - 117 482

მოგების გადასახადი - 123 529

საშემოსავლო გადასახადი - 6 721

ჯარიმა - 142 050

საურავი - 130 271

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურების გაწევა (გადაზიდვები საქართველოს ტერიტორიაზე).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით დარიცხულ იქნა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა ამავე კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სატვირთო-სატრანსპორტო მომსახურების გაწევა (გადაზიდვები საქართველოს ტერიტორიაზე), შესაბამისად ხარჯის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შეძენილი საწვავის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის ჩამოწერის აქტები თვის ჭრილში განხორციელებული გადაზიდვების შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყება-დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალებების მითითებით, თუმცა საწვავის ხარჯი კონკრეტული რეისების მიხედვით არ იდენტიფიცირდება. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-----ის“ გაწეული მომსახურების დროს ვის მიერ ხდებოდა საწვავის ხარჯის გაწევა/ანაზღაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საწვავის ღირებულებას სრულად უზრუნველყოფდა მომსახურების გამწევი პირი, თუმცა შპს „-----ს“ მიერ წარმოდგენილ საწვავის ჩამოწერის აქტებში აღნიშნულ მანქანებზეც მითითებულია დიზელის ხარჯი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების ადგილის მიხედვით გაანგარიშდა განვლილი მანძილი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების წვის შესაბამისად აღნიშნული გადაზიდვის განსახორციელებლად საჭირო ნავთობპროდუქტების საჭირო ოდენობა, რომელიც მნიშვნელოვნად ნაკლებია გადამხდელის მიერ სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ რაოდენობაზე, ამასთან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შპს „-----ს“ მიერ საწვავის ნაშთი არ ფიქსირდება (დღგ-ის დეკლარაციის დანართი), ნაშთი არ ფიქსირდება არც მის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ის ნაწილი, რომელიც არ იქნა გამოყენებული შპს „-----ს“ მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების შესაბამისად საწვავზე განხორციელებული გადახდები დაბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, ვინაიდან, ვერ ხერხდება აღნიშნული ხარჯის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დადასტურება, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა დაექვემდებარა შემცირებას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საწარმომ საკუთარი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ასრულებდა აღნიშნულ საქმიანობას, შეიძინა 2021 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდამდე გადაზიდვებს ასრულებდა სხვა ფიზიკური/იურიდიული პირებისგან მომსახურების შეძენის გზით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ასლები, საწვავის ჩამოწერის ოქმები, თუმცა ამ დოკუმენტებით ვერ ხერხდება საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციების დეტალური გაშიფვრა, მათ შორის შეძენის ხარჯების დაკავშირება კომპანიის მიერ სხვა პირებისთვის გაწეულ მომსახურებასთან. გადასახადის გადამხდელის განმარტებით საწვავის ხარჯის ანაზღაურება ხდებოდა შპს „----ს“ მიერ, რაც გავლენას ახდენდა ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულებაზე (მცირდებოდა). წარმოდგენილი განმარტებების, ხელშეკრულებების, მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების და საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შედარების საფუძველზე დადასტურდა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო მომსახურების ნაწილის ანაზღაურება ხდებოდა შემსრულებელი პირების სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწვავის მიწოდება განხილულ იქნა საქონლის (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად. ამასთან, სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირების ნაწილი სრულ ან გარკვეულ პერიოდზე არ წარმოადგენდნენ დღგ-ის გადამხდელ პირებს. ვინაიდან ბარტერული გაცვლისას ჩათვლა ხორციელდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაში, ზემოთხსენებული პირებისთვის საქონლის (საწვავის) მიწოდება დაიბეგრა დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით, ხოლო ჩასათვლელმა თანხამ აღნიშნულ ნაწილში შეადგინა 0 ლარი. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

4. შემოწმებისას განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავება, რის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშება. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ გადამხდელს ჩათვლა მიღებული აქვს, როგორც ავანსის ანგარიშ/ფაქტურით, ისე საბოლოო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით, ასევე, სხვაობა გამოიწვია შეძენილ ბენზინზე მიღებული ჩათვლის შემცირებამ. აღსანიშნავია, რომ გადამხდელი გადაზიდვებს ახორციელებს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც მოიხმარს დიზელს, შესაბამისად შეძენილი ბენზინის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელის უფლება ჩაითვალოს და უკან დაიბრუნოს დღგ-ის თანხა, რომელიც გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში და გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. ასევე, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 22.11.2022 წლის №29282 ბრძანება და №041-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. მე-2 სადავო საკითხთან (შეძენილი საწვავის ნაწილის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-3 სადავო საკითხთან (მძღოლებისთვის საწვავის მიწოდების, საქონლის (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და ბარტერულ ოპერაციად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 29 002 ლარი, მათ შორის გადასახადი 21 447 ლარი, ჯარიმა 7 555 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 29.09.2023 წლის №041-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30135 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზე და არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ასევე სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით,1. საწარმომ 2021 წლის მარტში შეიძინა შენობა-ნაგებობა და დაიწყო მისი რემონტი. ამისთვის მან აიღო სესხი ბანკიდან. სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი შეადგენს 150 693 ლარს. ფაქტიურად გაწეული ხარჯი აღემატება დოკუმენტალურად დადასტურებულს. საწარმოს თანამშრომელს საბანკო ანგარიშიდან გამოჰქონდა სარემონტო მასალების შესაძენად საჭირო თანხები და ყიდულობდა მასალებს პირველადი დოკუმენტების გარეშე. ბუღალტრულ აღრიცხვაში სალაროს ანგარიშზე თანხის დაგროვება მოხდა სწორედ ამ ოპერაციების შედეგად. ის ფაქტი, რომ თანხა მთლიანად მიმართული იყო შენობის რემონტისთვის, დასტურდება შენობაზე ფაქტიურად განხორციელებული სარემონტო სამუშაოებით. თუ იქნება მოთხოვნა, შეძლია წარმოადგინოს ექსპერტის დასკვნა რემონტის დანახარჯების შესახებ.

ითხოვს, გათვალისწინდეს ეს გარემოება და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად (0256) შეუცვალოთ კვალიფიკაცია ოპერაციას.

2. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს ფარგლებში ტვირთის გადაზიდვის მომსახურება. შესამოწმებელ პერიოდში საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ ჰყავდა და მომსახურებისთვის იყენებდა დაქირავებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ყველა მძღოლთან საწარმო შეთანხმებული იყო, რომ გადაზიდვას საწვავით უზრუნველყოფდა თვითონ საწარმო და მძღოლები მიიღებდნენ მხოლოდ მომსახურებისთვის ანაზღაურებას. ის ფაქტი, რომ მომსახურებას საწვავით უზრუნველყოფდა საწარმო, დასტურდება საწვავის გაცემის აქტებით, რომელსაც ხელს აწერენ მძღოლები და რომელშიც იდენტიფიცირებულია კონკრეტული თარიღისთვის, რომელმა მძღოლმა რა რაოდენობის საწვავი მიიღო (იხ. დანართი). შესაძლოა მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ყოფილიყო მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როდესაც მძღოლებმა თავად უზრუნველყვეს მომსახურება საწვავით.

რაც შეეხება საწვავის ჩამოწერის აქტებს, საწარმო ჩამოწერის აქტებს ამზადებდა იმ პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლებსაც უწევდა გადაზიდვის მომსახურებას. პირები აწვდიდნენ შიდა გადაზიდვის სასაქონლო-ზედნადებების რეესტრს, სადაც იდენტიფიცირდებოდა ყველა საჭირო ინფორმაცია. შემოწმების პერიოდში კვლავ გამოითხოვა ამ პირებისგან მის მიერ გაწეული გადაზიდვების სასაქონლო ზედნადებების რეესტრი და აღმოჩნდა, რომ პირვანდელ ინფორმაციაში გამორჩენილი იყო რეისების დიდი ნაწილი. დაზუსტებული ინფორმაცია წარუდგინა შემოსავლების სამსახურს. მათი განმარტებით, მესამე პირებისგან (დამკვეთებისგან) გამოთხოვილი ინფორმაციით აქტებში მითითებული რეისების ძირითადი ნაწილი არ დასტურდება.

ვერ გაარკვია, რატომ არის ასეთი ცდომილება საწარმოს მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის მონაცემებს შორის ერთი და იგივე პირებისგან მიღებულ ინფორმაციაში. ყველა დოკუმენტი, რომელიც წარუდგინა შემოსავლების სამსახურს, მიღებული აქვს მესამე პირებისგან ელექტრონულად მეილის საშუალებით და გადაგზავნილი აქვს შემოსავლების სამსახურის მეილზე უცვლელად. ასევე წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აფიქსირებს, რომ გადაზიდვის მომსახურებას უწევდა 16 სხვადასხვა კომპანიას, შემოსავლების სამსახურმა დათვალა მხოლოდ ოთხი კომპანიის რეისები.

დანართის სახით წარმოადგენს დაზუსტებულ საწვავის ჩამოწერის აქტებს, რომელებიც ეფუძნება მისი მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციას საწარმოს მიერ შესრულებული გადაზიდვების შესახებ. როგორც აქტებიდან ჩანს, საწარმოს მიერ შესყიდული საწვავი სრულადაა გამოყენებული საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში. ამასთანავე აღნიშნავს, რომ აქტებში არ არის შეცვლილი შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მიერ დადგენილი მანძილები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯვის ნორმა 100 კმ-ზე. თუმცა მიაჩნია, რომ ორივე მაჩვენებელი არ შეესაბამება რეალურ მაჩვენებელს. რეალურად მეტია განვლილი მანძილიც და 100 კმ-ზე ხარჯვის ნორმაც.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადაზიდვებს ახორციელებდა სხვა პირებისაგან მომსახურების შეძენის გზით. მომსახურე პირებთან იყო შეთანხმება, რომ ისინი გაუწევდნენ მხოლოდ გადაზიდვის მომსახურებას, ხოლო საწვავით ოპერაციას უზრუნველყოფდა თვითონ. ასანაზღაურებელი ფასი თანხმდებოდა მხოლოდ კონკრეტულად გადაზიდვის მომსახურებაზე და საწვავის თანხა არანაირ გავლენას არ ახდენდა გარიგების ფასზე. ეს ოპერაციები არ იყო ბარტერული ოპერაციები, მომსახურების ფასი თავიდანვე იყო შეთანხმებული და არ იყო დამოკიდებული საწვავის ღირებულების ან რაოდენობის ცვლილებაზე ან სხვა რაიმე გარემოებაზე. აქედან გამომდინარე, არ ეთანხმება ამ ოპერაციების ბარტერულ ოპერაციებად დაკვალიფიცირებას. გადაზიდვაზე გახარჯული საწვავის ღირებულება წარმოადგენს მომსახურების თვითღირებულების ერთ-ერთ შემადგენელს და მომსახურების გაწევის მომენტში იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, რადგან შესულია იმ ღირებულებაში, რომელსაც მომსახურების მიმღები მხარე უნაზღაურებს მას. გამოდის, რომ მოხდა უკვე დღგ-ით დაბეგრილი საქონლის ხელმეორედ დაბეგვრა შემმოწმებლის მიერ.

4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ერთი ცალი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა შპს -------დან 2021 წლის მარტის თვეში. შემდგომ პერიოდებში შპს -------ს მიერ გამოწერილია ჩვეულებრივი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც გადახდები განხორციელებულია ცალკე, ამ ანგარიშფაქტურებით მიღებული მომსახურება არ უკავშირდება გადახდილ ავანსს (გადახდილი ავანსი ბევრად აღემატება მიღებულ მომსახურებას). აქედან გამომდინარე, არ მოხდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურის დაკავშირება საბოლოო ანგარიშ-ფაქტურებთან (იხ. დანართი).

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში აქვს შეძენილი სულ 2955 ლარის ბენზინი. ითხოვს, გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და არაარსებითი ეკონომიკური გავლენის გამო მხედველობაში არ იქნეს მიღებული აღნიშნული ოპერაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. მე-2 სადავო საკითხთან (შეძენილი საწვავის ნაწილის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-3 სადავო საკითხთან (მძღოლებისთვის საწვავის მიწოდების, საქონლის (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და ბარტერულ ოპერაციად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნის მიხედვით:

1. შეძენილი საწვავის ნაწილის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევასთან დაკავშირებით, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და მესამე პირებისაგან (შპს „----ს“ დამკვეთებისგან) გამოთხოვილი ინფორმაცია განხორციელებული რეისების შესახებ. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია ბევრად მეტი რეისი და შესაბამისად, შეძენილი საწვავი სრულად გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად იმ რეისების ნაწილი, რომელიც დასტურდება მესამე პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ მარშრუტზე გამოყენებული/გამოსაყენებელი საწვავის ხარჯი მიჩნეულ იქნა ეკონომიკურ ხარჯად და შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში დარიცხული თანხები. თუმცა დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული რეისების ძირითადი ნაწილის განხორციელება გამოთხოვილი ინფორმაციით ვერ დასტურდება, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ ხდება იდენტიფიცირება ვისი დაკვეთით იქნა განხორციელებული აღნიშნული რეისები. შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დგინდება მითითებული ხარჯის მიზნობრიობა და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

2. შემოწმებისას დამატებით იქნა შესწავლილი მძღოლებისთვის საქონლის მიწოდების (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვის საკითხი. შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკა, გამოკვლეულ იქნა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხზე და ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ბარტერული ოპერაციის კვალიფიკაცია არ იქნა შეცვლილი. შედეგად დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, სულ 29 002 ლარი, მათ შორის გადასახადი 21 447 ლარი, ჯარიმა 7 555 ლარი.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების საპირწონე, გამაბათილებელ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (1. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და 2. დღგ-ის ჩათვლის შემცირება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, დასახელებული სადავო საკითხზე საჩივარი შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №29282 ბრძანება და №041-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №11793 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №041-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №30135 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11793 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);