ბრძანება N 23354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23354
22 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(მის.:---) 2025 წლის 4 სექტემბერს
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა ი/მ --- 2025 წლის 4 სექტემბრის №97826/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №081-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე. საქონლის ნაშთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნაშთი უფრო მეტი იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დარიცხვა გაზრდილია 100 682 ლარით. ასევე, შემოწმებით რეალიზებულად მიჩნეულია სარემონტო მასალები, ძირითადი საშუალებები, შესაფუთი მასალები და სხვა, რაც არასწორია. მომჩივანი არ ეთანხმება აუდირებული ფასნამატის გამოყენებასაც, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია, რომლითაც ფასნამატი გამოდის 20%, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 58%-სა, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი აქვს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი.
2. გადასახადის გადამხდელი პირველ სადავო საკითხში აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებსაც. კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის 1%-ის ნაცვლად 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12660 და 30 ივლისის №17159 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აგვისტოს №18025 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 335 470 ლარი, მათ შორის გადასახადი 195 446 ლარი, ჯარიმა 96 844 ლარი და საურავი 43 179 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ --- (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 19 მაისს, დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო 2022 წლის პირველი ივლისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ასევე მცირე რაოდენობით სხვადასხვა წვრილმანი საქონლით ქ. ---ში მდებარე მაღაზიაში. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 649 054 ლარს. მეწარმესთან 2025 წლის 25 ივნისს ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებული იყო დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღიცხვას არ აწარმოებდა. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 58%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად დასაბეგრი შემოსავალი. კერძოდ, გაიზარდა როგორც 1%-ით, ისე 3%-ანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი (შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:
1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს გადააჭარბა.
ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხორციელდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ასევე მცირე რაოდენობით სხვადასხვა წვრილმანი საქონლით. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებული იყო დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღიცხვას არ აწარმოებდა. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 58%. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა როგორც 1%-ით, ისე 3%-ანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგებზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა აღწერილი სმფ-ების ფასნამატის დადგენა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნული სმფ-ების შეძენილ საქონელთან იდენტიფიცირება. ამდენად, შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გაანგარიშდა აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და სმფ-ების ფაქტობრივსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 ოქტომბრიდან. შესაბამისად, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია, ვალდებულია აღრიცხოს რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და შესაბამისად, სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის შესამოწმებელ პერიოდში აუდირებული ფასნამატით რეალიზებულად მიჩნევა მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ---ს მიერ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა ჯამში 29 220 ლარს, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ფასნამატების გაანგარიშებისას დაკავშირებული დოკუმენტების ღირებულება შეადგენს 9 012 ლარს, რაც შემოწმებით რეალიზებული საქონლის 0,5% შეადგენს.
ამასთან, გაანგარიშების ცხრილი შეიცვას მნიშვნელოვან შეუსაბამობებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფასნამატის გაანგარიშებისას დოკუმენტები დაკავშირებულია შეცდომით, კერძოდ რეალიზაციის დოკუმენტის თარიღი უფრო ადრეა, ვიდრე შეძენის დოკუმენტების.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის პოზიცია ფასნამატებთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.
2. გადასახადის გადამხდელი პირველ სადავო საკითხში აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებსაც. კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის 1%-ის ნაცვლად 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ასევე მცირე რაოდენობით სხვადასხვა წვრილმანი საქონლით. საქონლის თითქმის სრული ნაწილი რეალიზებული იყო დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღიცხვას არ აწარმოებდა. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 58%. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა როგორც 1%-ით, ისე 3%-ანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგებზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა აღწერილი სმფ-ების ფასნამატის დადგენა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნული სმფ-ების შეძენილ საქონელთან იდენტიფიცირება. ამდენად, შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გაანგარიშდა აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და სმფ-ების ფაქტობრივსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 88 (1,2); 89; 90 (1); 93 11.