ბრძანება N 12193
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12193
11 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 29 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ი/მ ----ის (ს/ნ ---) 2025 წლის 29 მაისის №95945/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №077-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ პირი ასევე არის შპს „--- ის“ (ს/ნ ---) დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებები. შესაბამისად, საწარმო ვერ საქმიანობდა სრულფასოვნად და ვერ ასრულებდა მესამე პირების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებული პოს-ტერმინალი რეალურად გამოიყენებოდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) შემოსავლების მისაღებად, რათა საწარმოს შეძლებოდა ფუნქციონირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1062 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 6 მაისის №8823 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №077-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 149 936 ლარი, მათ შორის გადასახადი 727 200 ლარი, ჯარიმა 202 000 ლარი და საურავი 220 736 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 11 აპრილს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა (ოქმი №934790) გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ „---“ ბანკის (PT000057) პოს-ტერმინალზე. შემოწმების პროცესში, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ტერმინალისა და ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 4 867 202 ლარი. შემოწმებით დადგინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. ი/მ ---ს (ს/ნ ---) დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია განესაზღვრა 2022 წლის პირველ მარტს, რა დროსაც მისმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით უნდა მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე, 165-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, რეგისტრაციის თარიღის შემდგომ განხორციელებული რეალიზაცია, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 5 ივნისს, 11:10 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ტერმინალის მონაცემებისა და ამონაწერების, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 4 867 202 ლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის პირველ მარტს, რის შემდეგაც განხორციელებული ოპერაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში, ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, ხოლო აღნიშნულის მიუხედავად გადასახადის გადამხდელმა 2 სამუშაო დღეში არ მიმართა შემოსავლების სამსახურს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებათა თანახმად, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ტერმინალის მონაცემებისა და ამონაწერების, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 4 867 202 ლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის პირველ მარტს, რის შემდეგაც განხორციელებული ოპერაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 159; 163; 164.