გადაწყვეტილება №25319/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25319/2/2025
08 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----ის 16.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25319/2/2025).
დავის საგანი:
1. ოჯახის წევრების/ნათესავების მიერ განხორციელებული ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №149-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10577 ბრძანება.
დავის საგანი:
1. ოჯახის წევრების/ნათესავების მიერ განხორციელებული ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №149-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10577 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
194 280.73 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 120 301.81
ჯარიმა - 33 417.21
საურავი - 40 561.71
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფეხსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №6398 ბრძანება და №149-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლის სამსახურის 23.05.2025 წლის №10577 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №149-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლის სამსახურის 23.05.2025 წლის №10577 ბრძანება ნაწილობრივ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ოჯახის წევრების/ნათესავების მიერ განხორციელებული ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციის დროს იყენებს, როგორც სალარო აპარატსა და პოსტ-ტერმინალს, ისე პირად საბანკო ანგარიშებს. გადასახადის გადამხდელს ასევე, საბანკო ანგარიშზე უფიქსირდება იჯარით მიღებული შემოსავლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით შეადგენს 50 395 ლარს, პოსტ-ტერმინალის გამოყენებით 504 052 ლარს, ხოლო საბანკო ჩარიცხვებით 334 200 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ანგარიშების მიხედვით, პირის მიერ მიღებული შემოსავლები, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, აღემატება 100 000 ლარს 2022 წლის 2 მაისს.
შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას, არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა შემმოწმებლის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ითვლება 2022 წლის 2 მაისიდან (დასაბეგრი ოპერაციის თარიღი, რომლითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს).
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 165-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2022 წლის 2 მაისი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტაციაზე, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ფიქსირდება ოჯახის წევრების/ნათესავების, ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ჩარიცხული თანხები, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას არ იღებს გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხული თანხები, ხოლო ნათესავების მიერ ჩარიცხული თანხების იდენტიფიცირება გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში და ასევე საქმის ზეპირი განხილვისას არ წარუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო შემოსავლის სახით თვლის სულ 888 647 ლარს (50 395+504 052+334 200). ჯამურ თანხას გამოკლებულია 100 000 ლარი და დღგ-ით დასაბეგრ ბაზად მიჩნეულია 668 340 ლარი, საიდანაც დღგ-ის თანხა გამოყვანილია 120 302 ლარი. სულ დასაბეგრი ბრუნვა 668 340 ლარი. გადასახადის თანხა 120 302ლარი. საგადასახადო ორგანოს პოზიციას არ ეთანხმება, შემდეგი გარემოებების გამო: საბანკო ჩარიცხვების თანხებში (334 200 ლარი) არის თანხები, რომელიც ჩარიცხულია ოჯახის წევრების და ნათესავების მიერ, ფინანსური მხარდაჭერის მიზნობრიობით და არ უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. ითხოვს, საკითხი შესწავლილ იქნეს განმეორებით და ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხული თანხები ამოღებულ იქნეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების მიერ დადგინდა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის, პოსტ-ტერმინალის და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს და გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 2 მაისს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის გათვალისწინებით.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ საბანკო ჩარიცხვების თანხებში (334 200 ლარი) არის თანხები, რომელიც ჩარიცხულია ოჯახის წევრების და ნათესავების მიერ, ფინანსური მხარდაჭერის მიზნობრიობით და არ უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. ითხოვს, საკითხი შესწავლილ იქნეს განმეორებით და ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხული თანხები ამოღებულ იქნეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან.
მომჩივნის ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული, ასევე საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას არ იღებს გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხული თანხები, ხოლო ნათესავების ჩარიცხული თანხების იდენტიფიცირება გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა.
ამგვარად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხულ თანხებს, მონაწილეობა არ მიუღია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო ნათესავების მიერ ჩარიცხული თანხების იდენტიფიცირების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა იდენტიფიცირება შემოწმების პროცესში, არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც მის პოზიციას გაამაგრებდა და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომ ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლას და მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, რაც უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ მის გაუთვითცნობიერებლობას ამ საკითხში. შესაბამისად, საქონლის შეძენისას არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც განუხორციელებია რაიმე სახის ჩათვლები. საქონლის გარკვეულ მოცულობაზე აქვს სასაქონლო ზედნადებები.
შემოწმების აქტის მიხედვით, არცერთი თეთრის ჩათვლა არ განხორციელებულა. ითხოვს, შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის გათვალისწინებას და ვინაიდან საგადასახადო ორგანომ სავალდებულო წესით დააყენა დღგ-ის გადამხდელად, განხორციელდეს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გამოქვითვა შეძენილი საქონლის ხვედრითი წილების შესაბამისად, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა აუდირებული გადასახადის გადამხდელის მონაცემების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ. გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად დაურეგისტრირებლობა უკავშირდება მხოლოდ მის გაუთვითცნობიერებლობას ამ საკითხში, შესაბამისად, საქონლის შეძენისას არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც განუხორციელებია რაიმე სახის ჩათვლები.
საქონლის გარკვეულ მოცულობაზე აქვს სასაქონლო ზედნადებები, ითხოვს, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გამოქვითვას შეძენილი საქონლის ხვედრითი წილების შესაბამისად, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა აუდირებული გადასახადის გადამხდელის მონაცემების გათვალისწინებით.
საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას, რამაც როგორც სადავო ბრძანებით ირკვევა განსაზღვრა კიდეც სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენა. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალება, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ოჯახის წევრების/ნათესავების მიერ განხორციელებული ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციის დროს იყენებს, როგორც სალარო აპარატსა და პოსტ-ტერმინალს, ისე პირად საბანკო ანგარიშებს. გადასახადის გადამხდელს ასევე, საბანკო ანგარიშზე უფიქსირდება იჯარით მიღებული შემოსავლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით შეადგენს 50 395 ლარს, პოსტ-ტერმინალის გამოყენებით 504 052 ლარს, ხოლო საბანკო ჩარიცხვებით 334 200 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ანგარიშების მიხედვით, პირის მიერ მიღებული შემოსავლები, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, აღემატება 100 000 ლარს 2022 წლის 2 მაისს.
შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას, არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა შემმოწმებლის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ითვლება 2022 წლის 2 მაისიდან (დასაბეგრი ოპერაციის თარიღი, რომლითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს).
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2022 წლის 2 მაისი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 176; 165; 159; 163; 164.