ბრძანება N 8337-4
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8337
18/03/2020
სს -----
(მის: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა სს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის N094-296 საგადასახადო მოთხოვნას.აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 მარტის სხდომაზე (ოქმი N13).
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს წინა წლების ზარალის გადმოტანას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის სადავო საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის N14535 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N47686 ბრძანება და ამავე თარიღის N094-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2472323.7 ლარი, მათ შორის გადასახადი 1175620 ლარი, ჯარიმა 576226 ლარი და საურავი 720477.7 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
წინა წლების ზარალის გათვალისწინება უნდა მოხდეს 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე შედგენილ შუალედური აქტის გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები გასაჩივრებულია ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, შემოწმების მიერ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება გადმოსატანი ზარალის თანხობრივი გაანგარიშება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ამ ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის საგადასახადო ვალდებულებების მიმართ, რომელთა ოდენობაზედაც გავლენას ახდენს აღნიშნული ზარალი, გრძელდება და იგი 1 წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N19644 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების და ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შემდეგ წლებზე გადატანილი წინა წლის ზარალის კორექტირება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N19644 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების და ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შემდეგ წლებზე გადატანილი წინა წლის ზარალის კორექტირება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.