ბრძანება N 4493
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4493
10.03.2023
ი/მ -----------------ს (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------------;
იურ. მის.: -------------------------------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა ი/მ -----------------ს (ს/ნ ----------------) 2023 წლის 13 იანვრის №78010/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №058-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებები გაუქმებულია დამკვეთის მიერ და შესაბამისად, სამუშაოები არ არის შესრულებული. მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია როგორ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ითხოვს აღნიშნული საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ივლისის №17159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------------ს (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 12 აპრილიდან 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდში შპს „---------------“-სთვის (ს/ნ -----------) გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 8 დეკემბრის №31030 ბრძანება და ამავე თარიღის №058-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 18 252 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 996 ლარი, ჯარიმა 4 498 ლარი, საურავი 4 758 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ ი/მ -------------------------ს (ს/ნ ----------------) შპს „---------------“-სთვის შესრულებული აქვს სამუშაოები (------ რაიონის სოფელი ----- გზის მშენებლობისას) 149 180 ლარის ღირებულების, რაც სრულად ანაზღაურებულია შპს „---------ს“ მიერ და პერიოდების მიხედვით შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულის საფუძველზე გადამხდელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 11 დეკემბერს, რა პერიოდისათვისაც გადააჭარბა სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ შესრულებულ/გაწეულ სამუშაოებსა და მიღებულ ანაზღაურებაზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც მოუხდენია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დეკლარირება. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, შპს „-----------“-სთვის გაწეული მომსახურების ღირებულება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (2019 წლის -------ს თვე). პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) მიერ შპს „------------“-სთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული, რაც დასტურდება ორივე მხარის მიერ შედგენილი შედარების აქტებით, ასევე მეორე მხარის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დეკლარირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -----------------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობა. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს შესრულებული აქვს სამუშაოები , რაც სრულად ანაზღაურებულია მომსახურების დამკვეთის მიერ და პერიოდების მიხედვით შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 11.12.2019 წელს, რა პერიოდისათვისაც გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოებსა და მიღებულ ანაზღაურებაზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც მიღებული შემოსავალია დეკლარირებული, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი, რომელიც განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, დამკვეთისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. შესაბამისად დაბეგრილ იქნა შესაბამის პერიოდში (2019 წლის დეკემბრის თვე) დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №058-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4493 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 43(4); 70; 136(1,3); 171(1); 302(6);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“„ა.ა“ );