ბრძანება N 21546

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.09.2023
№ დოკუმენტი 21546
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21546

01 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (ს/ნ ---)

(მის.: ---)

2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე

უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №135194/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატს, მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს. აცხადებს, რომ საშუალო ფასნამატი შეადგენს 18% - 35%-ს. განმარტავს, რომ საქონელი შეძენიდან წელიწადნახევრის შემდეგ კარგავს ხარისხს, რაც აუდიტორის მიერ არ არის გათვალისწინებული. ამასთან აცხადებს, რომ 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში არასწორად არის დარიცხული დღგ. განმარტავს, რომ აღნიშნულ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზებულია 3 781 ლარის საქონელი. ამასთან, გადამხდელისთვის გაურკვეველია საგადასახადო შემოწმების აქტში სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხული თანხის საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4728 და 30 ივნისის №15422 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 3 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16658 ბრძანება და 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 606 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 475 ლარი, ჯარიმა 7 722 ლარი, საურავი 1 409 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეა ტანსაცმლის იმპორტი თურქეთიდან და ადგილობრივად საცალო რეალიზაცია --- ს ტერიტორიაზე. 2023 წლის 3 აპრილს მეწარმეს ჩაუტარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით საქონლის ფაქტიური ნაშთი შეადგენს 19 985 ლარს. შემოწმებით, შეძენა/რეალიზაციის ანალიზით, აუდირებული ფასნამატით (ბავშვის ტანსაცმელი 63.57%, მამაკაცის ტანსაცმელი 54.34%) გამოვლინდა სხვაობა ინვენტარიზაციის შედეგებისა და დადგენილ ბუღალტრულ ნაშთს შორის. პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი. გადასახადის გადამხდელს აქვს არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები (რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით. კერძოდ, გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით დაფიქსირებული რეალიზაციების მიხედვით, 2022 წლის 22 მარტს გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღისათვის განხორციელდა საქონლის ნაშთის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა მეწარმის 2021 წლის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი 19 151 ლარით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის

საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებას შორის კავშირი. პირის რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. შესაბამისად, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი და საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით დაფიქსირებული რეალიზაციების მიხედვით, 2022 წლის 22 მარტს გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღისათვის განხორციელდა საქონლის ნაშთის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა მეწარმის 2021 წლის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი, ასევე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზებულ საქონელზე (არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე) აუდირებული ფასნამატის გავრცელება, ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა, აღნიშნულის გათვალისწინებით პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გადამხდელისთვის გაურკვეველ სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხული თანხასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს არ ერიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატს, მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4728 და 30 ივნისის №15422 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 3 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16658 ბრძანება და 11 ივლისის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 606 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 475 ლარი, ჯარიმა 7 722 ლარი, საურავი 1 409 ლარი.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136 (3); 49 (1); 61 (3); 73 (5); 165; 159; 163; 164; 79; 80; 81; 100; 102; 43 (4).