გადაწყვეტილება №20155/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20155/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20155/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიზიკურ პირებზე 2018 წლის თებერვალში მიწოდებული ბინების (ბარტერულ ოპერაციაზე) შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №007-343 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13764 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 150 035 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 86 471
დღგ - 62 484
საშემოსავლო გადასახადი - 23 336
ქონების გადასახადი - 651
ჯარიმა - 42 995
საურავი - 20 569
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და შესაბამისი ფართების რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 5.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №31461 ბრძანება და ამავე თარიღის №007-343 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 11.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.06.2023 წლის №13764 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკურ პირებზე 2018 წლის თებერვალში მიწოდებული ბინების (ბარტერულ ოპერაციაზე) შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიამ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა (ქ. -----ში, ----ს ქ. №--- (ს/კ -----)) ვალდებულებით - მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარეობდა 2018-2021 წლებში, ამასთან კორპუსის გამრიცხველიანება დაიწყო 2020 წლიდან. საწარმომ 2018 წელს ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 300 კვ.მ.-ის ოდენობის უძრავი ქონება, როცა ჯერ მხოლოდ იწყებოდა კორპუსის მშენებლობა და ამავე პერიოდში კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მიხედვით კორპუსის თვითღირებულება შეადგენდა მხოლოდ - 57 676 ლარს. ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის 2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო კომპანიის მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმებით, 2018 წლის თებერვლის შემდეგ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 94%, შესაბამისად, 2018 წლის თებერვლის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-18 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 131 392 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს შორის 2018 წელს გაფორმდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. შეთანხმების თანახმად, ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო კომპანიის მიერ. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ამავე წლის თებერვლის თვეში ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა 300 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ პერიოდისთვის იწყებოდა კორპუსის მშენებლობა და ამავე პერიოდში კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მიხედვით კორპუსის თვითღირებულება შეადგენდა მხოლოდ - 57 676 ლარს, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 94%.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი, ხოლო კორპუსის გამრიცხველიანება დაიწყო 2020 წლიდან. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობდა ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, კერძოდ, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. ამდენად, 2018 წელს ფიზიკურ პირებზე (ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში) გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა 2021 წელს. ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით 2021 წლის შემდეგ საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხარჯის გაწევა, ასევე განხორციელებულია ქონების გამრიცხველიანება და ფიქსირდება მესაკუთრეების ცხოვრების ფაქტი. ამასთან, 2021 წელს ფიქსირდება ფართების გადაყიდვის ფაქტიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2018 წელს ფიზიკურ პირებზე (ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში) გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა 2021 წლის ბოლოს, მშენებლობის დასრულების პერიოდში, განხორციელდა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წლის თებერვალში მოხდა ფიზიკურ პირებზე ბინების გადაცემა (მიწის სანაცვლოდ ბარტერის საფუძველზე) 2018 წლის კანონიდან გამომდინარე ეს დაბეგვრა უნდა მომხდარიყო 2018 წლის თებერვალში. ზემოთ აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული, შესაბამისად დარიცხვა ვერ მოხდებოდა, მას შემდეგ კანონი შეიცვალა 2021 წელს ამ კანონის თანახმად ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სანამ არ შევა ექსპლუატაციაში მანამდე არაა დასაბეგრი, ამ შემთხვევაში არაა ეს საცხოვრებელი ფართი ექსპლუატაციაში შესული.
მომჩივანი მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება. ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ დარიცხვა უნდა მომხდარიყო 2018 თებერვალში რომელი პერიოდიც გახლავთ ხანდაზმული, ხოლო შემოწმების პერიოდი 2019 წლიდან იწყებოდა. ითხოვს მოეხსნას, დარიცხული თანხები (გადასახადი და სანქცია), სხვა საკითხებში დარიცხვას ეთანხმება (თანამშრომლობდა აუდიტორთან ყველა საკითხს განიხილავდნენ ერთად).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით:
1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: ა) სამშენებლო-სამონტაჟო; ბ) სარემონტო.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
5. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე პუნქტის შესაბამისად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირებზე ბინების გადაცემა (მიწის სანაცვლოდ ბარტერის საფუძველზე) განხორციელდა 2018 წლის თებერვალში, იმ პერიოდში მოქმედი კანონის შესაბამისად დაბეგვრა უნდა მომხდარიყო 2018 წლის თებერვალში. აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული, შესაბამისად დარიცხვა ვერ მოხდებოდა, მას შემდეგ კანონი შეიცვალა და საცხოვრებელი სახლი სანამ არ შევა ექსპლუატაციაში მანამდე არაა დასაბეგრი, ამ შემთხვევაში არაა ეს საცხოვრებელი ფართი ექსპლუატაციაში შესული.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა სადავო საკითხზე განმარტეს, რომ კომპანიამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2018 წელს. მშენებლობა მიმდინარეობდა 2018-2021 წლებში. 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი, ხოლო კორპუსის გამრიცხველიანება დაიწყო 2020 წლიდან. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობდა ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, კერძოდ, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. ამდენად, 2018 წელს ფიზიკურ პირებზე (ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში) გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა 2021 წელს. 2021 წლის შემდეგ საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხარჯის გაწევა, ასევე განხორციელებულია ქონების გამრიცხველიანება და ფიქსირდება მესაკუთრეების ცხოვრების ფაქტი. ამასთან, 2021 წელს ფიქსირდება ფართების გადაყიდვის ფაქტიც. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიაჩნია, რომ საცხოვრებელი კორპუსი ფაქტობრივად ექსპლუატაციაში იყო შესული.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე დადგენილების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. დადგენილების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ ან მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წარმოების წესით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის მიზნისთვის, ექსპლუატაციაში მიღების მომენტად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიჩნეული უნდა იქნას უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დრო. ამასთანავე, თუ ექსპლუატაციაში მიღებამდე ფიზიკურ პირებს ფაქტობრივად გადაეცათ შესაბამისი უძრავი ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო ყველა უფლება, რომელიც მას ანიჭებს ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას, კომერციული და ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს ამ მომენტისა. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი უფლებების გადაცემის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას მომენტი, როდესაც კომპანიის მიერ შესრულდება მიწის სანაცვლოდ, ფიზიკური პირებისათვის ფართების გადაცემის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ის ვალდებულება, რომელიც შემძენს შესაძლებლობას აძლევს მხარეთა შორის შეთანხმებულ მდგომარეობამდე მიყვანილი უძრავი ნივთი გამოიყენოს შეხედულებისამებრ და უშუალოდ ამ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიმწოდებელი აღარ გასწევს დამატებით ხარჯებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ 2018 წელს ფიზიკურ პირებზე (ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში) გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან შეფარდების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა 2021 წლის ბოლოს, მშენებლობის დასრულების პერიოდში, განხორციელდა მართლზომიერად.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 42 995 ლარი, მათ შორის დღგ-ში 31 212 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 11 548 ლარი და ქონების გადასახადში 235 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №007-343 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 20 569 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მოეხსნას სანქცია. გადასახადის გადახდა მოხდება უახლოეს პერიოდში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიზიკურ პირებზე 2018 წლის თებერვალში მიწოდებული ბინების (ბარტერულ ოპერაციაზე) შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. კომპანიამ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ვალდებულებით - მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. საწარმომ 2018 წელს ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 300 კვ.მ.-ის ოდენობის უძრავი ქონება, როცა ჯერ მხოლოდ იწყებოდა კორპუსის მშენებლობა და ამავე პერიოდში კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების მიხედვით კორპუსის თვითღირებულება შეადგენდა მხოლოდ - 57 676 ლარს. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის 2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო კომპანიის მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით. საგადასახადო შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 131 392 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 42 995 ლარი, მათ შორის დღგ-ში 31 212 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 11 548 ლარი და ქონების გადასახადში 235 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №007-343 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 20 569 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9), 16, 14(1"ა""ბ"), 18(10), 159(1"ა""ბ"), 160(1)(5), 163(1)(2)(6), 272(1)(2), 275, 269(7).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.