გადაწყვეტილება №19212/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 19212/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19212/2/2023

26.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19212/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №041-32 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის წლის 7.03.2023 წლის №4395 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 637 725 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 358 999. 5

დღგ - 179 369

საშემოსავლო გადასახადი - 179 630.5

ჯარიმა - 176 221

საურავი - 102 504.5

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ჭურჭლითა და წვრილი, საოჯახო ელექტროტექნიკით ვაჭრობა ---------- ტერიტორიაზე. მეწარმეს საქონელი შემოაქვს ----------დან. ასევე, უფიქსირდება მცირე რაოდენობით ადგილობრივი შეძენები.

აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2022 წლის №5797 და 11.08.2022 წლის №21368 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019-9.03.2022 წლების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №22218 ბრძანება და ამავე თარიღის №041-32 საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანმა აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2023 წლის №4395 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გარდა საბაჟო დოკუმენტაციისა. მეწარმის მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დეკლარირებულია 35% - 40%.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (დღგ-ის ბრუნვა და მეწარმის ერთობლივი შემოსავალი) განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით, შეძენილი და რეალიზებული საქონელი, ასევე მათი საწყისი და საბოლოო ნაშთები დაიყო ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად - გამოიყო 2 ჯგუფი ჭურჭლის და წვრილი ელექტროტექნიკის, საქონლის შეძენის წილობრივი მონაცემების მიხედვით. პროპორციით დაიყო ასევე საბოლოო ნაშთი, კერძოდ ჭურჭლის წილი 89%-ია, ხოლო წვრილი ელექტროტექნიკის -11%. თითოეულ სასაქონლო ჯგუფზე დადგინდა შესაბამისი ფასნამატი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.03.2022 წლის №5775 ბრძანებით, მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საქონლის ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 1 864 010 ლარი. ვინაიდან, ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული იყო საქონლის საბაზრო ღირებულება, ფასნამატების დადგენის მიზნით საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმეს დაევალა ინვენტარიზაციით განსაზღვრულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთზე თვითღირებულების და შეძენის შესაბამისი დოკუმენტის მითითება.

გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციაც, თუმცა შემოწმების ფარგლებში შეუძლებელი იყო რეალიზებული და შეძენილი საქონლის სახეობების ერთმანეთთან დაკავშირება. შემოსავლების დაანგარიშებისთვის გამოყენებულია ინვენტარიზაციის მონაცემებით დაფიქსირებული ფასნამატი, რაც არსებითად არ განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან.

კერძოდ, ჭურჭლის ჯგუფის ფასნამატმა შეადგინა 40% და ელექტროტექნიკის 59%. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საანგარიშო პერიოდში შეძენილი საქონლის ღირებულებაც, რამაც გამოიწვია რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ზრდა. შესაბამისად, შემოსავლის ზრდა. ზემოაღნიშნული მეთოდით დათვლილი ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია გადამხდელის მიერ დეკლარირებულზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 161-ე (2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 164-ე) მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტავს, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში გარდა საბაჟო დოკუმენტაციისა, არ იყო წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მეწარმის მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დეკლარირებულია 35%-40%-ის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შემოსავლების დაანგარიშებისთვის გამოყენებულია ინვენტარიზაციის მონაცემებით დაფიქსირებულ ფასნამატი, რაც არსებითად არ განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დადგენა განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობით. საქონელი შემოტანილია იმპორტის რეჟიმით და შეძენის ინვოისების მიხედვით განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება. რეალიზაციის დოკუმენტში რა ფასიანი საქონელი იყო დაფიქსირებული ვერ დადგინდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, რომ შეუძლებელი იყო თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან წარდგენილი დოკუმენტაციით და ინვენტარიზაციის შედეგად ნათლად იქნა განსაზღვრული სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულება ასევე კომპანიის მიერ ბუღალტრული ჩანაწერებით და შემდგომ წარდგენილი ინფორმაციით.

შედეგად, გაიზარდა რა საქონლის თვითღირებულება, იგივე პროცენტით/ფასნამატით გაიზარდა დადგენილი შემოსავალი, რამაც გამოიწვია ინვენტარიზაციის შედეგებით დადგენილი დადასტურებული საბაზრო ღირებულების გაზრდა. მომჩივნის განცხადებით, თუ მაგალითად საქონლის თვითღირებულება არის 100 ლარი, დოკუმენტალურად დადგენილი საბაზრო ფასი კი 150 ლარი, შემოწმებისას დადგინდა საქონლის თვითღირებულება 110 ლარი და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასი 150 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 165 ლარით. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ფასნამატი უნდა განსაზღვრულიყო საბაზრო ფასსა და დოკუმენტალურად დადასტურებულ თვითღირებულებასთან შეპირისპირებით. მომჩივანი აპელირებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ არ ეთანხმება სადავო საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს მის გაუქმებას სრულად.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ უსაფუძვლოდ ეთქვა უარი და წაერთვა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი არგუმენტაცია და დოკუმენტები რომლითაც დადასტურდებოდა დარიცხული თანხების უკანონობა და უსაფუძვლობა. მომჩივანი ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის და არგუმენტების გათვალისწინებით განახორციელოს გადაანგარიშება ასევე, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივანი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას (არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია), შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დადგენა განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობით. საქონელი შემოტანილია იმპორტის რეჟიმით და შეძენის ინვოისების მიხედვით განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება. მონაცემები ასევე გადასამოწმებლად გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ფასნამატის კოეფიციენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფასნამატის დადგენა იყო შეუძლებელი, ვინაიდან სარეალიზაციო დოკუმენტში საქონელი არ იყო იდენტიფიცირებული სათანადოდ. მაგალითად, ქვაბი 24 სმ იყო რამდენიმე სახეობის და ღირებულების. რეალიზაციის დოკუმენტში კი კონკრეტულად რა ფასიანი იყო დაფიქსირებული ვერ დადგინდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო გადამხდელისთვის, თუმცა მის მიერ ვერ მოხერხდა საქონლის სახეობების შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტების ერთმანეთთან დაკავშირება.

მომჩივანი მოწვეულ იყო საბჭოს სხდომაზე, თუმცა სურვილი არ გამოთქვა მიეღო მონაწილეობა, ხოლო საჩივარში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე კვლავ ითხოვა ვადა, ვინაიდან ახლა ვერ შეძლებდა წარმოდგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 176 221 ლარის ოდენობით, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №041-32 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 102 504.55 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებით და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებას არაპირდაპირი მეთოდით.

2. ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას (არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია), შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დადგენა განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობით. საქონელი შემოტანილია იმპორტის რეჟიმით და შეძენის ინვოისების მიხედვით განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება. მონაცემები ასევე გადასამოწმებლად გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ფასნამატის კოეფიციენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფასნამატის დადგენა იყო შეუძლებელი, ვინაიდან სარეალიზაციო დოკუმენტში საქონელი არ იყო იდენტიფიცირებული სათანადოდ.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ „ბ“); 102(1„ა“); 159(1 „ა“ „ბ“); 168(1); 272; 275.