გადაწყვეტილება №24927/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24927/2/2025
10 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ს “ 18.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24927/2/2025).
დავის საგანი:
1. ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების მართლზომიერება;
2. დამფუძნებლის წილის შეძენისთვის გადახდილი თანხის განაწილებულ დივიდენდად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-599 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 მარტის №4073 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 674 375.13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 309 568
მოგების გადასახადი - 241 222
საშემოსავლო გადასახადი - 68 346
ჯარიმა - 154 784
საურავი - 210 023.13
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის ხელახალი კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში მოჩივანის მიერ შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" ) 25%-იანი წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების და ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27737 ბრძანება და №006-599 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 674 375.13 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანება და №006-599 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 31 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 10 მარტის №4073 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე, 262-ე, 263-ე, 255-ე მუხლებზე და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც არ არის გაუქმებული და შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანება, ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, უკანონოა და ექვემდებარება გაბათილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.“
შპს „------ -ს “ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №15/311-24 საქმეზე ჩაბარდა 2024 წლის 27 დეკემბერს. ბრძანების გასაჩივრების ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა „მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში“.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №15/311-24 საქმეზე გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში, რის შესახებაც კომუნიკატორის საშუალებით ეცნობა როგორ აუდიტის დეპარტამენტს (შემოსვლის №554021), ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსს (შემოსვლის №554022).
ამავე პუნქტის შესაბამისად, „მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.“
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანების გამოცემის მომენტში ძალაში არ არის შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №15/311-24 საქმეზე, ბრძანების გასაჩივრებამ შეაჩერა აღნიშნული ბრძანების მოქმედება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის ხელახალი შემოწმების ბრძანების გამოცემისას ტექნიკური შეცდომის დაშვებაც გამორიცხულია, ვინაიდან მოსამართლის ბრძანების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია ხელახალი შემოწმების ბრძანების გამოცემის მომენტში 2024 წლის 30 დეკემბერს ცნობილი იყო შემოსავლების სამსახურისთვის და აუდიტის დეპარტამენტისთვის (კომუნიკატორის საშუალებით ეცნობა როგორ აუდიტის დეპარტამენტს (შემოსვლის №554021), ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსს (შემოსვლის №554022).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №15/311-24 საქმეზე ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანების №3ბ/4010-24 საქმეზე გამოცემის მომენტში 2024 წლის 31 დეკემბერს.
არალოგიკურია შემოსავლების სამსახურის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, „ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც არ არის გაუქმებული და შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.“ ამ ლოგიკით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის №15/311-24 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს უფლება ჰქონდა ხელახალი შემოწმება ჩაეტარებინა 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ნებისმიერ თარიღში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 213 მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნებთან და უგულველყოფს ამ მუხლით დაწესებულ შეზღუდვებს, კერძოდ, „მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.“
აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრეს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი გამოეცა კომპანიის ხელახალი შემოწმების №27655 ბრძანება, რითიც დაარღვია საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მოთხოვნები და ექვემდებარება გაბათილებას. ასევე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ამ ბრძანების საფუძველზე გამოცემული ნებისმიერი დოკუმენტი: შემოწმების აქტი, დარიცხვის ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და ა.შ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც არ არის გაუქმებული და შესულია კანონიერ ძალაში.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, ასევე დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს, სასამართლოსგან არ მიუღია რაიმე ოფიციალური ინფორმაცია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანების გასაჩივრების შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა პირდაპირი/დადასტურებული ინფორმაცია ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.
გადასახადის ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვანია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია გადაწყვეტილების მიღების მომენტში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ იმოქმედა კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც საბოლოოდ გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №15/311-24 საქმეზე ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №3ბ/4010-24 საქმეზე 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების 2024 წლის 30 დეკემბერს გამოცემას საბოლოო ჯამში შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დამფუძნებლის წილის შეძენისთვის გადახდილი თანხის განაწილებულ დივიდენდად განხილვა
ფაქტების აღწერა
შპს „------ -ს “ დამფუძნებელი 100%-იანი წილით არის "-------" (პ/ნ "-------"), ხოლო დირექტორი - "-------" (პ/ნ "-------"). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანის 2020 წლის 25 ნოემბერს 620 633.25 დოლარად შეძენილი აქვს დამფუძნებელ "-------"-სგან შპს „N2“ კუთვნილი 25%-იანი წილი. წილის ღირებულება განისაზღვრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. კერძოდ, ექსპერტიზის შეფასებით, შპს „N2-ის“ 100% წილის ღირებულება 2020 წლის 12 აგვისტოს შეადგენდა 2 482 533 აშშ დოლარს (7 633 044 ლარი). აქედან გამომდინარე, "-------"-ეს წილობრივი მონაწილეობა შპს „N2-ში“ შეფასებულია 620 633 აშშ დოლარად (25% წილის პროპორციულად). აღსანიშნავია, რომ შპს „N2-ის“ ძირითად საქმიანობასაც ასევე წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა საქმიანობები. თავის მხრივ, შპს „N2“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 18 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 15.09.2016 წელს. დაფუძნების მომენტში საწარმოს დირექტორია "-------", ხოლო დამფუძნებლები 50%-50% წილით - "-------" და "-------" (პ/ნ "-------"). საწარმოს რეგისტრაციის დღიდან შპს „N2-ის“ დამფუძნებლები პერიოდულად იცვლებოდა, ხოლო შპს „------“ მიერ წილის შესყიდვის მომენტში 25.11.2020 წელს შპს „N2-ის“ დამფუძნებლები იყვნენ "-------", "-------" და "-------"(პ/ნ "-------") (წილების თანაფარდობაა 25/50/25 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ შპს „------- -ს “ "-------"-სთვის გადახდილი აქვს შეძენილი წილის ღირებულება 2 045 596 ლარის ოდენობით, აქედან შესამოწმებელ პერიოდში გადახდილია 1 298 575 ლარი. აღნიშნული გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-19, 97-ე 981 , მე-8, 130-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შპს „----- -ს “ მიერ "-------"-სგან შპს „N2-ის“ წილის შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, გააჩნდათ საერთო დამფუძნებელი და დირექტორი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შპს „------- -ს“ მიერ "-------"-სგან წილის შეძენისთვის გადახდილი თანხა (1 298 575 ლარი), „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, ჩაითვალა "-------"-ზე დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, მე-19, 97-ე, 981 , მე-8, 130- ე, 154-ე, მე-4, 49-ე, 491 , 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია განხორციელდა ხანდაზმულ პერიოდში, შესაბამისი ვალდებულების დასაფარად თანხების ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის და 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, აღნიშნული გავლენას ახდენდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების დადგენაზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, შესამოწმებელ პერიოდში გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა ისეთი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც გაუგებარია, ვინაიდან არც პირველადი შემოწმების აქტში და არც ხელახალი გადამოწმების დროს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვასთან, მეთოდოლოგიასთან და სწორ საანგარიშო პერიოდებზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით არანაირი დარღვევები არ დაფიქსირებულა. პირიქით, ორივე შემოწმებისას ფაქტიურად ნულოვანი აქტები შედგა: პირველი შემოწმებისას მხოლოდ ქონების აფასების შედეგად მოხდა მიზერული დარიცხვა ქონების გადასახადში, ხოლო შემდომი პერიოდის შემოწმებისას დარღვევები არ დაფიქსირდა, თუ არ ჩავთვლით სრულიად კანონიერი ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილებას, რომლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა იქიდან გამომდინარე, რომ შემოწმების აქტში და შემდგომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „------ -ს “ დამფუძნებელი 100%-იანი წილით არის ფ/პ "-------", ხოლო დირექტორი - ფ/პ "-------". შპს „----- -ს “ 2020 წლის 25 ნოემბერს შეძენილი აქვს დამფუძნებელ ფ/პ "-------"-სგან შპს „N2-ში“ კუთვნილი 25%-იანი წილი. თავის მხრივ, შპს „N2-ის“ დაფუძნების მომენტში საწარმოს დირექტორი იყო ფ/პ "-------", დამფუძნებლები 50%-50% წილით - ფ/პ "-------" და ფ/პ "-------", ხოლო შპს „------- -ს “ მიერ წილის შესყიდვის მომენტში შპს „N2-ის“ დამფუძნებლები იყვნენ ფ/პ "-------", ფ/პ"-------" და ფ/პ "-------". შპს „------- -ს “ ფ/პ "-------"-სთვის გადახდილი აქვს შეძენილი წილის ღირებულება 2 045 596 ლარის ოდენობით, აქედან შესამოწმებელ პერიოდში გადახდილია 1 298 575 ლარი. შპს „------- -ს “ მიერ ფ/პ "-------"-სგან შპს „N2-ის“ წილის შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, გააჩნდათ საერთო დამფუძნებელი და დირექტორი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა.“
აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ასაბუთებს, რომ შემოწმება შეეხო ხანდაზმული პერიოდის 2020 წლის ოპერაციას, შეცვალა ზემოაღნიშნული 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით მისი კვალიფიკაცია და ამის შედეგად შემდგომში 2021 წლის შემდეგ გადახდილი თანხები ჩათვალა დივიდენდად.
ამის შესახებ მსჯელობს შემოსავლების სამსახურიც, კერძოდ, „მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია განხორციელდა ხანდაზმულ პერიოდში, შესაბამისი ვალდებულების დასაფარად თანხების ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის და 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, აღნიშნული გავლენას ახდენდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების დადგენაზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, შესამოწმებელ პერიოდში გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სახეზეა წილის ნასყიდობით წარმოშობილი დავალიანება, წილის გასხვისება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, წილის საბაზრო ფასი დადგენილია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ ჩნდება, მაშინ გაუგებარია წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად გადახდილი თანხები რის საფუძველზე ჩაითვალა დივიდენდად, თუ არ შეიცვლებოდა ხანდაზმულ პერიოდში 2020 წელს განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაცია და ამას როგორ ასაბუთებს საგადასახადო კოდექსის 43-ე და 136-ე მუხლები.
ფაქტია, რომ დღეის მდგომარეობით შპს N2-ის წილის მფლობელია შპს "--------", წილის სახელშეკრულებო ფასი შესაბამისობაშია წილის საბაზრო ფასთან და ეს გარემოება წინა შემოწმების დროს სადავო არ გამხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წილის ღირებულების გადახდის მიუხედავად, წინა შემოწმების აქტის შესაბამის თავში შემმოწმებელი აუცილებლად გააკეთებდა რეკომენდაცია/მითითებას, რომ ამ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და მის სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვლება დივიდენდად; ამ შემთხვევაში კომპანიასაც ექნებოდა საშუალება კონტრაქტის გაბათილების გზით დაებრუნებინა წილები საწყის მდგომარეობაში საკითხის საბოლოო გარკვევამდე, რაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელია და თავიდან აერიდებინა დამატებით დარიცხული სადავო თანხები.
ეს ჩანაწერი იმ პერიოდის შემოწმების აქტში არ არსებობს სრულიად სამართლიანად, იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ ძალაში შევიდა 2022 წლის 1 აგვისტოს და რაც დარიცხვის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია 2024 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ ხელახალი შემოწმების აქტში.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული:
„1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
ეს მუხლი შემმოწმებელს უფლებას აძლევს შეიწავლოს ხანდაზმულ პერიოში განხორციელებული ოპერაციის რეალობა, მოაგროვოს ინფორმაცია ამ პერიოდში წარმოშობილი ვალდებულების და ამ ვალდებულების ფარგლებში გადახდილი თანხის ოდენობაზე, რათა მიმდინარე პერიოდში დაადასტუროს დავალიანების ნაშთის ოდენობა და გამორიცხოს თანხის ორმაგად გადახდის/ჩამოწერის ალბათობა.
ასე რომ, საგადასახადო კოდექსის 43-ე, 491 და 136-ე მუხლები შემმოწმემებლს არ ანიჭებს უფლებას ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციას შეუცვალოს კვალიფიკაცია და ამის საფუძველზე მიმდინარე პერიოდში განახორციელოს დამატებით გადასახადების დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 981 - 984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.
საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ შპს „------ -ს “ მიერ "-------"-სგან შპს „N2-ის“ წილის შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, გააჩნდათ საერთო დამფუძნებელი და დირექტორი. წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს და აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა საწარმოდან ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შპს „------- -ს“ მიერ "-------"-სგან წილის შეძენისთვის გადახდილი თანხა (1 298 575 ლარი), ჩაითვალა "-------"-ზე დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
რაც შეეხება შემოწმების მიერ ხანდაზმული ოპერაციის შესწავლას, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის, ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რომელიც გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია შეაფასოს არა მხოლოდ ხელშეკრულების თარიღი, არამედ უნდა გააანალიზოს გარიგების შინაარსი და ფაქტიური შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებებზე.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულია ხანდაზმულ პერიოდში, თუ ამ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები გრძელდება შესამოწმებელ/არახანდაზმულ პერიოდშიც, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელი/არახანდაზმული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, გააანალიზოს, შეისწავლოს გარიგების რეალური შინაარსი და თუ ამ გარიგების რეალური შედეგები შესამოწმებელ/არახანდაზმულ პერიოდზე ვრცელდება, გაავრცელოს შესამოწმებელ პერიოდზე.
ამასთანავე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესამოწმებელი საგადასახადო პერიოდი არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ხანდაზმულ პერიოდს და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო ხანდაზმულობის ვადების დაცვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-599 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 674 375.13 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 309 568 ლარი, ჯარიმა - 154 784 ლარი და საურავი - 210 023.13 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კატეგორიულად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ „მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.“
აღსანიშნავია, რომ დავა ეხება შემოწმებული პერიოდის ხელახალ შემოწმებას. პირველადი შემოწმების აქტში დღევანდელი სადავო საკითხი შესწავლილია სრულად და იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით და მიდგომებით ჩათვლილია კანონიერ ოპერაციად და ამ კუთხით აქტში არ მოიძებნება არანაირი შენიშვნა, რეკომენდაცია ან მითითება, რომ ეს საკითხი როდისმე, რამე ფორმით შეიძლება სადავო გამხდარიყო. ასე რომ, ზემოთ მითითებულ სადავო საკითხზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო შემოსავლების სამსახურს, ის ვალდებული იყო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გადამხდელისთვის მოეხსნა დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 24 დეკემბერს პირველადი შემოწმებისას მოაქცია გადამხდელი „სამართლებრივი შეცდომის არეალში“ და ამის გამო 2024 წელს ჯარიმების და საურავის დარიცხვა არასამართლიანია.
ეს ის საკითხია, როცა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი უპირობოდ უნდა გამოიყენოს მაკონტროლებელმა ორგანომ.
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები და გაუქმდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ვინაიდან დამატებით თანხების დარიცხვის არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ პირველადი შემოწმების აქტში, მოცემული სადავო საკითხი შესწავლილია სრულად და იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით და მიდგომებით ჩათვლილია კანონიერ ოპერაციად და ამ კუთხით აქტში არ მოიძებნება არანაირი შენიშვნა, რეკომენდაცია ან მითითება, რომ ეს საკითხი როდისმე, რამე ფორმით შეიძლება სადავო გამხდარიყო. შესაბამისად, სწორედ აუდიტის დეპარტამენტმა, 2021 წლის 24 დეკემბერს, პირველადი შემოწმებისას, მოაქცია გადასახადის გადამხდელი „სამართლებრივი შეცდომის არეალში“, რის გამოც 2024 წელს ჯარიმების და საურავის დარიცხვა არასამართლიანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათვალისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. ამასთან, საწარმოს საურავისგან გათავისუფლება საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მოჩივანი მიჩნევს,რომ დარიცხვა უკანონოა და ექვემდებარება გაბათილებას.
2.მოჩივანი მიიჩნევს,რომ სსკ-ის 43-ე, 491 და 136-ე მუხლები შემმოწმემებლს არ ანიჭებს უფლებას ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციას შეუცვალოს კვალიფიკაცია და ამის საფუძველზე მიმდინარე პერიოდში განახორციელოს დამატებით გადასახადების დარიცხვა.
3.მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მტკიცებულებები და გაუქმდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ვინაიდან დამატებით თანხების დარიცხვის არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27655 ბრძანების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება.
2.სსკ-ის 73-ე, მე-19, 97-ე 981,მე-8, 130-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ მომჩივანი საწარმოს დამფუძნებლის მიერ სხვა საწარმოს წილის შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, გააჩნდათ საერთო დამფუძნებელი და დირექტორი.
შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ წილის შეძენისთვის გადახდილი თანხა „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 5 უფროსის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, ჩაითვალა დამფუძნელბელზე დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
3.მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 674 375.13 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 309 568 ლარი, ჯარიმა - 154 784 ლარი და საურავი - 210 023.13 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათვალისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. ამასთან, საწარმოს საურავისგან გათავისუფლება საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),130,263,255,269(7).