გადაწყვეტილება №20157/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20157/2/2023
10 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20157/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის ჯარიმის დაკისრება და საურავის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტი 10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნა;
3. მომსახურების დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №001-147 საგადასახადო მოთხოვნა;
4. მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121/1 ბრძანება;
5. მომსახურების დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №011-121/2 ბრძანება;
6. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 16 900.74 ლარი.
ჯარიმა - 9 206 ლარი (10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი);
ჯარიმა - 6 147.73 ლარი (10.05.2023 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნა);
ჯარიმა - 1 546.93 ლარი (16.05.2023 წლის №001-147 საგადასახადო მოთხოვნა).
ფაქტების აღწერა
მომჩივანი 8.05.2023 წელს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.01.2022-08.05.2023 წ.წ. პერიოდში. გადამხდელმა 9.05.2023 წელს წარადგინა 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციები.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 9 206. 08 ლარის ოდენობით.
მომჩივანმა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის შემდგომ წარადგინა 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია, 2022 წლის აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ნოემბერი და დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციები. აღნიშნულზე მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121/1 ბრძანებით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა 6 147.73 ლარი, რაზეც გამოიცა 10.05.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-145.
მომჩივანმა 11.05.2023 წელს წარადგინა 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციები, აღნიშნულზე 16.05.2023 წელს გამოიცა ბრძანება №011-121/2, რომლითაც მომჩივანს დამატებით დაერიცხა 1 546.93 ლარი, რაზეც გამოიცა 16.05.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-147.
ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 282-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფიქსირების არსებობას და ამბობს, რომ ამ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ზედმეტობა. დღგ-ის დეკლარაციები იყო დროულად წარდგენილი. გადამხდელის განცხადებით დაირღვა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჯარიმის დაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი გათავისუფლებული ოპერაციების ჩათვლით. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გაუთვალისწინებლობის საკითხის.
გადამხდელის განმარტებით შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, ბრძანების დანართი №2 ის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები იყო სახეზე, მომჩივანს არ უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის/აღიარებული მოსაკრებლის ნაწილში, ასევე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება ჩადენილი არ ჰქონია. ამავე ბრძანების დანართის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ყველა პირობას აკმაყოფილებს. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა მისი მხრიდან იქნა გამოვლენილი და პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში. 10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის დეკლარაცია.
ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივარი და გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები. მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდეს არსებული მონაცემების განხილვა. მოხდეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციების განხილვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.01.2022 –8.05.2023 წლების პერიოდში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 9 206 ლარით. გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნავს, რომ დარღვევა აღმოაჩინა თავად და ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) განხორციელება.
საქმის მასალებში ფიგურირებს ორი ერთი და იმავე თარიღისა და ნომრის (10.05.2023 წლის №011- 121) მაგრამ განსხვავებული შინაარსის (განსხვავებულია დაკისრებული თანხის ოდენობა) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს მითითებული საკითხის ხელახლა შესწავლა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის ჯარიმის დაკისრება და საურავის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.01.2022 –8.05.2023 წლების პერიოდში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 9 206 ლარით. გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნავს, რომ დარღვევა აღმოაჩინა თავად და ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს მითითებული საკითხის ხელახლა შესწავლა.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(1); 269(7)