ბრძანება N 9694

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2026
№ დოკუმენტი 9694
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9694

04 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 26 იანვრის, 6 თებერვლის, 4 მარტის და 7 აპრილის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტის, 26 მარტის და 22 აპრილის სხდომებზე (ოქმები №20, №26 და №33) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2026 წლის 26 იანვრის №100365/1/2026, 6 თებერვლის №100611/1/2026, 4 მარტის №101123/1/2026 და 7 აპრილის №101642/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №056-110 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს. აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. განმარტავს, რომ შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №10 დანართი. აღნიშნული დანართის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ტანსაცმელზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და ითხოვს ტანსაცმელზე ფასნამატი განისაზღვროს დოკუმენტებში განსაზღვრული ფასების გათვალისწინებით. გადამხდელი ასევე მიუთითებს ფასნამატის გაანგარიშებისას არსებულ უზუსტობებზე.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით სრულად არ არის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის ამორტიზაციის თანხები.

4. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22950 და 16 დეკემბრის №27674 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №28507 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 350 127 ლარი, მათ შორის, გადასახადი 188 077 ლარი, ჯარიმა 93 283 ლარი და საურავი 68 767 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 გასს-ში არსებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის ეკ. საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში. მეწარმე საქმიანობას ახორციელებს ----ის რაიონში, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ტანსაცმლით ვაჭრობდა --- მოლის ტერიტორიაზეც. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა. შემოწმების მსვლელობისას წარმოადგინა მცირე ბიზნესის აღრიცხვის ელექტრონული სპეციალური ჟურნალი (ჟურნალში არ არის აღრიცხული სხვა ხარჯები და მიღებული მომსახურებები, ასევე, არ არის ასახული შეძენილი პროდუქციის თანხის გადახდის მომენტები, ასახულია მხოლოდ საბაჟო დეკლარაციები განბაჟების თარიღის მიხედვით). მეწარმე 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ვაჭრობდა ტანსაცმლით, შემდგომ პერიოდში დაიწყო ავეჯის, ავეჯის დეტალების და მატრასების რეალიზაცია, ასევე, შეიძინა მუხლუხა ექსკავატორი და იჯარით გასცემდა, ხოლო 2024 წლიდან დაიწყო საბავშვო ბატუტების, ვოლქერების და ა. შ. საქონლის რეალიზაცია. ასევე, ჭურჭლის რეალიზაცია. გადამხდელს სარეალიზაციო საქონელი შემოტანილი აქვს იმპორტით და მათ რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტემენტის მიერ 2025 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა ინვენტარიზაცია და დადგინდა სმფ-ების ფაქტიური ნაშთი 1 132 322 ლარი საბაზრო ღირებულებით. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 23%-ს. მეწარმის შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს -3%-ს. ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით მიღებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (დოკუმენტური რეალიზაციის გარეშე), რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი (01.04.2023-მდე პერიოდზე ტანსაცმლის რეალიზაციის ნაწილში საცალო რეალიზაციაზე გამოყენებულ იქნა აუდიტირებული ფასნამატი) და მიღებული შედეგი გადანაწილდა დელარირებული ბრუნვის პროპორციულად. 2023 წლის პერიოდში განხორციელებულია სმფ-ების, ექსკავატორის და უძრავი ქონების შეძენა, აღნიშნული შეძენების შესაბამისი შემოსავლები მეწარმეს არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად სახეობების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2025 წლის 1 სექტემბერს სმფ-ის ნაშთი თვითღირებულებით შეადგენს 677 163 ლარს, შესაბამისად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა მიმდინარე კონტროლის ფარგლებში დადასტურებული (საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, ასევე 01.04.2023-მდე პერიოდზე ტანსაცმლის რეალიზაციის ნაწილში საცალო რეალიზაციაზე გამოყენებულ იქნა აუდიტირებული ფასნამატი), საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 ინდივიდუალური მეწარმე ---ს (ს/ნ ---) შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შემოწმების მიერ გაანგარიშდა 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ოდენობა. სხვაობის თანხა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. (01.04.2023-მდე ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დღგ-ის ნაწილში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. 2023 წლის 1 აპრილიდან მცირე ბიზნების სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთობლივ შემოსავალში ხდება ექსკავატორის საიჯარო შემოსავლების ჩართვა). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 ინდივიდუალური მეწარმე --- (ს/ნ ---) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი გახდა 2023 წლის 1 აპრილს. შემოწმებით 01.04.2023-01.01.2025 წწ. პერიოდში მცირე ბიზნესის შემოსავალი დაკორექტირდა-გაიზარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით დღგ-ის ნაწილში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხოლო 01.01.2025-01.09.2025 წწ. პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი შემცირდა, რადგან 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში მეწარმის შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს და 2025 წლიდან მცირე ბიზნესის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას. 2023-2024 წლების პერიოდზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-90-ე მუხლების შესაბამისად, გადასახდის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. მეწარმეს 01.01.2025-დან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს, არ ხდება კონტროლი სასაქონლომატერიალური მარაგების მოძრაობაზე, არ ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერის აღრიცხვა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მცირე ბიზნესის აღრიცხვის ელექტრონული სპეციალური ჟურნალი, სადაც არ არის აღრიცხული სხვა ხარჯები და მიღებული მომსახურებები, ასევე, არ არის ასახული შეძენილი პროდუქციის თანხის გადახდის მომენტები.

ასახულია მხოლოდ საბაჟო დეკლარაციები განბაჟების თარიღის მიხედვით. მეწარმე 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ვაჭრობდა ტანსაცმლით, შემდგომ პერიოდში დაიწყო ავეჯის, ავეჯის დეტალების და მატრასების რეალიზაცია, ასევე, შეიძინა მუხლუხა ექსკავატორი და იჯარით გასცემდა, ხოლო 2024 წლიდან დაიწყო საბავშვო ბატუტების, ვოლქერების და ა. შ. საქონლის რეალიზაცია. ასევე, ჭურჭლის რეალიზაცია. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტემენტის მიერ 2025 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა ინვენტარიზაცია და დადგინდა სმფ-ების ფაქტიური ნაშთი 1 132 322 ლარი საბაზრო ღირებულებით. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 23%-ს. მეწარმის შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს -3%-ს. ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით მიღებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაცია და კატეგორიების მიხედვით საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის და აუდირებული ფასნამატი ტერიტორიული ერთეულის და სახეობის გათვალისწინებით, კერძოდ: ტანსაცმელზე 55%-ის ოდენობით, ავეჯზე - 20%, ავეჯის დეტალებზე - 43%, მატრასებზე - 16%, სარემონტო მასალებზე - 28%, ჭურჭელზე - 21%, საბავშვო მოწყობილობებზე - 23%, ტექნიკზე - 9%.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას/აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება ტანსაცმელზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და ითხოვს ფასნამატი ტანსაცმელზე განისაზღვროს დოკუმენტებში განსაზღვრული ფასების გათვალისწინებით. განმარტავს, რომ არსებობს დოკუმენტური რელიზაცია და შესაბამისად „დოკუმენტური ფასნამატი“, რაც დაფიქსირებულია გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში და სასაქონლო ზედნადებებში. მეწარმე ძირითადად ახდენს ტანსაცმლის იმპორტს და გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში უთითებს საბაჟოს დეკლარაციის ნომერს, რაც მარტივად ახდენს შესაძლებლობას იმპორტზე შემოტანილ საქონელზე განსაზღვრულ იქნას დოკუმენტური ფასნამატი. მაგ.: N--- სასაქონლო ზედნადები. ტანსაცმლის შემთხვევაში ფასნამატი შეადგენს 5-15%-ის ფარგლებში, საშუალოდ შეადგენს 8%-ს, მაშინ როდესაც დოკუმენტურ რეალიზაციაზე შემმოწმებელს განსაზღვრული აქვს ფასნამატი 20%, ხოლო არადოკუმენტურზე - 55%. სხვა საქონელზე აუდიტის გაანგარიშების მიხედვით, საქონელი დაყოფილია 8 კატეგორიად.

ინვენტარიზაციის მიხედვით დადგენილია თითოეული კატეგორიის საქონლის ფასნამატი, თუმცა გაანაგრიშებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომები. კერძოდ: ჯგუფი „სარემონტო მასალები“, ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით 596-ე და 597-ე პოზიციაზე მყოფი საქონლის სარეალიზაციო ფასი ექსელის ცხრილში გადმოტანილია არასწორად, რის გამოც შემოწმების მიხედვით ინვენტარიზაციით დადგენილმა ფასნამატმა 28,2% შეადგინა ნაცვლად 24,6%-სა. ასევე, ჯგუფი „ავეჯის დეტალები“, ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით 692-ე პოზიციაზე მყოფი საქონლის სარეალიზაციო ფასი ექსელის ცხრილში გადმოტანილია არასწორად 26 ლარი, სინამდვილეში იყო 2,6 ლარი (რაც ასევე დგინდება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით N0962207932), რის გამოც შემოწმების მიხედვით ინვენტარიზაციით დადგენილმა ფასნმატმა აღნიშნულ ჯგუფზე 43,2% შეადგინა, ნაცვლად 26,3%-სა.

ამასთან, საცალო და დოკუმენტური საქონლის რპთ, გაანაგრიშებულია არასწორად. დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებულია ინვენტარიზაციის ფასნამატი, რადგან ინვენტარიზაციის ფასანამატი მეტია დოკუმენტურ ფასნამატზე საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გამოყენებული დათვლის პრინციპი იწვევს უზუსწობებს და ზედმეტად გადასახადის თანხის დარიცხვას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატთან დაკავშირებით წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასების შესახებ, მ.შ. ტანსაცმელზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

4. თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მეწარმემ 2023 წლის 28 სექტემბერს შეიძინა მუხლუხა ექსკავატორი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატთან დაკავშირებით წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასების შესახებ, მ.შ. ტანსაცმელზე;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ტანსაცმელზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და ითხოვს ტანსაცმელზე ფასნამატი განისაზღვროს დოკუმენტებში განსაზღვრული ფასების გათვალისწინებით. გადამხდელი ასევე მიუთითებს ფასნამატის გაანგარიშებისას არსებულ უზუსტობებზე.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით სრულად არ არის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის ამორტიზაციის თანხები.

4. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად სახეობების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2025 წლის 1 სექტემბერს სმფ-ის ნაშთი თვითღირებულებით შეადგენს 677 163 ლარს, შესაბამისად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა მიმდინარე კონტროლის ფარგლებში დადასტურებული (საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, ასევე 01.04.2023-მდე პერიოდზე ტანსაცმლის რეალიზაციის ნაწილში საცალო რეალიზაციაზე გამოყენებულ იქნა აუდიტირებული ფასნამატი), საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოწმების მიერ გაანგარიშდა 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების ოდენობა. სხვაობის თანხა შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმებით პერიოდში მცირე ბიზნესის შემოსავალი დაკორექტირდა-გაიზარდა დღგ-ის ნაწილში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხოლო 01.01.2025-01.09.2025 წწ. პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი შემცირდა, რადგან 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში მეწარმის შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს და 2025 წლიდან მცირე ბიზნესის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას. 2023-2024 წლების პერიოდზე გადასახდის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 91 (1); 73 (5); 90 (1,2); 89 (2); 102 (1); 105; 72 (1); 111 (1,4); 269 (7).