ბრძანება N 18822

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 25.08.2025
№ დოკუმენტი 18822
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18822

25 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს ,,----- “ (ს/ნ -----) (მის: ----- )

2025 წლის 5 და 6 აგვისტოს

საჩივრების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 70) განიხილა სს „----- “(ს/ნ ----- ) N 97383/1/2025 და N 124141/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის N 15213 „საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ” ბრძანებას და 2024 წლის 25 აპრილის N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 21 მაისს საქონლის მომწოდებელს გაუგზავნა წერილი, რომლითაც აცნობა წარმოშობის სერტიფიკატებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. იმავე დღეს ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, რომლის ასლი 2024 წლის 22 მაისს გადაუგზავნა საბაჟო დეპარტამენტს იმ წერილთან ერთად, რომლითაც გადასახადის გადამხდელმა საბაჟო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ. 2024 წლის 13 ივნისს საბაჟო ოპერაციები დასრულდა და საბაჟო საწყობიდან გაიტანა საქონელი.

2024 წლის 14 ივნისს კი საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა განცხადება, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ერთვოდა წარმოშობის სერტიფიკატები (EUR.1), რომლებიც გაცემული იყო ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და მასზე დატანილი შტამპი შეესაბამებოდა საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, სადავო ბრძანების გაუქმებას, ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას და წარმოშობის სერტიფიკატების (EUR.1) გათვალისწინებით იმპორტის გადასახდელის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 25 აპრილს სს „-----“ (ს/ნ -----) მიერ N -----/C----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (მ/მ რეზერვუარი ლუდის ფერმენტაციისთვის – 5 ერთეული; თხევადი ნახშირორჟანგის მ/მ რეზერვუარი – 1 ერთეული), რომელიც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR1 N A ----- 25.04.2024) საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.

აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა N -----/C----- (25.04.2024) დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ დეკლარირებისას წარმოდგენილი N A ----- (25.04.2024) წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) არ იყო გაცემული ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და მასზე დატანილი შტამპი არ შეესაბამებოდა საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი.

ვინაიდან მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის N 21-10/------ წერილით, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2025 წლის 19 ივნისის N ----- /15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება და ეთხოვა შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით მოქმედება.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ სს „-----“ (ს/ნ -----) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 86345.32 ლარით (იმპორტის გადასახადი 73174 ლარი; დღგ 13171.32 ლარი) შემცირებას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის N 15213 ბრძანებით, სს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 86345.32 ლარის ოდენობით.

სს „-----“ (ს/ნ -----) უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 14 ივნისს N -----/21-10-21 განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ----- პრეფერენციული გადაადგილების სერტიფიკატები (EUR.1), რომელთა ავთენტურობის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა N 21-10/----- 20.06.2024 წერილით მიმართა ----- შესაბამის სამსახურს. ----- საბაჟო სამსახურის საპასუხო წერილით, დადასტურდა სს „-----“ მიერ 2024 წლის 14 ივნისს N -----/21-10-21 განცხადებით წარდგენილი პრეფერენციული გადაადგილების სერტიფიკატების (EUR.1) ნამდვილობა, რის საფუძველზე, 2025 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შევიდა -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და 86345.32 ლარით შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი 73174 ლარი; დღგ 13171.32 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები N -----/C----- 25.04.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ წარდგენილი პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატების (EUR.1) ნამდვილობის დადასტურების საფუძველზე, 2025 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შევიდა -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და 86345.32 ლარით შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი 73174 ლარი; დღგ 13171.32 ლარი).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის N 15213 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13-ე მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

დადგენილია, რომ 2024 წლის 25 აპრილს მომჩივნის მიერ N -----/C----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, რომელიც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR1 N A------ 25.04.2024) საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.

დადგენილია ასევე, რომ დეკლარირებისას წარმოდგენილი N A------ (25.04.2024) წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) არ იყო გაცემული ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და მასზე დატანილი შტამპი არ შეესაბამებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსით 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები 2024 წლის 25 აპრილის N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას, ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას და წარმოშობის სერტიფიკატების (EUR.1) გათვალისწინებით იმპორტის გადასახდელის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის თანხის შემცირებას. პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით, მას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 86345.32 ლარის ოდენობით. წერილობითი მიმართვის საფუძველზე შევიდა ცვლილება და საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი თანხა.

 

გადაწყვეტილება:

მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსით 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 167;.