გადაწყვეტილება №18669/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18669/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18669/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 13.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18669/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირების სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდების ბარტერულ ოპერაციად განხილვა და გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე მიწოდების ნაწილში დღგ-ით დაბეგვრა;

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე გადახდილი თანხის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2022 წლის №081-156 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33001 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 50 967,78 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 933

დღგ - 19 931

საშემოსავლო გადასახადი - 7 002

ჯარიმა - 14 379,8

საურავი - 9 654,98

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2022 წლის №081-156 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33001 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირების სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდების ბარტერულ ოპერაციად განხილვა და გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე მიწოდების ნაწილში დღგ-ით დაბეგვრა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სატვირთო-სატრანსპორტო მომსახურება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, რომლებიც აისახებოდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. საწარმოს საკუთარი ტექნიკა არ გააჩნია და სამუშაოებს ასრულებდა სხვა სატრანსპორტო საწარმოების და მეწარმეების მომსახურების შეძენით. გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი საწარმოს მიერ გაწეული ოპერაციები, მათ შორის შეძენის ხარჯები. გადამხდელმა წარმოადგინა აღრიცხვასთან დაკავშირებით მხოლოდ ფრაგმენტული დოკუმენტაცია. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო სამუშაოებს ასრულებდა თითქმის მხოლოდ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაკვეთით, ამ უკანასკნელისგან გამოთხოვილი იქნა სრული მონაცემები შესრულებული სამუშაოების შემადგენლობაზე და მოცულობაზე, რომლის შეჯერებით გადამხდელის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ სატრანსპორტო მომსახურების ფასებთან, მოხდა ასევე საწარმოს დანახარჯების/განაცემების ღირებულებითი შეფასება.

წარდგენილი განმარტებების, ხელშეკრულებების, მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების და საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შედარების საფუძველზე დადასტურდება, რომ საწარმოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო მომსახურების ნაწილის ანაზღაურება ხდებოდა შემსრულებელი პირების მიერ შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებით. საწვავის მიწოდება განხილული იქნა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად. ამასთან, ვინაიდან სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირების იმ ნაწილს, რომლებიც არ არიან გადამხდელები, არ აქვთ დღგ-ის ჩათვლის უფლება, მომჩივნის ბარტერული მიწოდების შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი საწარმოს მიერ გაწეული ოპერაციები, მათ შორის შეძენის ხარჯები, მის მიერ წარმოდგენილ იქნა აღრიცხვასთან დაკავშირებით მხოლოდ ფრაგმენტული დოკუმენტაცია. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმო სამუშაოებს ასრულებდა თითქმის მხოლოდ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაკვეთით, რომლისგან გამოთხოვილ იქნა სრული მონაცემები შესრულებული სამუშაოების შემადგენლობაზე და მოცულობაზე, რომლის შეჯერება მოხდა საწარმოს მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ სატრანსპორტო მომსახურების ფასებთან, ასევე მოხდა საწარმოს დანახარჯების/განაცემების ღირებულებითი შეფასება. წარმოდგენილი განმარტებების, ხელშეკრულებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების და საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შედარების საფუძველზე დადასტურდა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო მომსახურების ნაწილის ანაზღაურება ხდებოდა შემსრულებელი პირების სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებით, კერძოდ ფაქტიურად გაწეული მომსახურების მოცულობების და ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის ფასების მიხედვით, გამოანგარიშებული ღირებულება მცირდებოდა ჩასხმული საწვავის ღირებულებით და ღირებულების მხოლოდ დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება ხდებოდა ფულადი სახით (ხელშეკრულებების გარდა, ეს ასევე დასტურდება საბანკო ანგარიშების მოძრაობით და დღგ-ის გადამხდელი შემსრულებელი პირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გაწეული მომსახურების ღირებულება მცირდებოდა ჩასხმული საწვავის ღირებულებით, რაც დასტურდება ხელშეკრულებებით, საბანკო ანგარიშების მოძრაობითა და დღგ-ის გადამხდელი შემსრულებელი პირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მართლზომიერად განხორციელდა დამკვეთის საწვავით გაწეული მომსახურების ნაწილის ბარტერად განხილვა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაკვეთით და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ გადაზიდვების ვალდებულება სრულდებოდა მესამე პირებთან გაფორმებული სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებით, რომლის 2.2 მუხლით შემკვეთი, თუ შემსრულებელი ამის ნებას გამოთქვამს ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალება საწვავივით. შესაბამისად, მომსახურების ღირებულება შემსრულებლის თანხმობით სრულდებოდა დამკვეთის საწვავით, შესაბამისად აქ ადგილი არ აქვს საწვავის მიწოდების ფაქტს, შესაბამისად აუდიტორის შეფასება არ შეესაბამება რეალობას.

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) გაწეული მომსახურება დაბეგრილია სრულად, შესაბამისად, ფაქტიურად დაბეგვრის სქემაში ჯდება შპს „----------“-ს მიერ შეძენილი საწვავიც, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოდის ეკონომიკური აბსურდი, ანუ შეძენილია საწვავი, რომელიც მიეწოდა გადამზიდავს, შემდეგ იგივე საწვავის ღირებულება შპს „----------“-ზე გაწეულ მომსახურებაშიც შევიდა, ანუ საწვავი მიეყიდა გადამზიდავს, შემდგომ მისგან ისევ ნაყიდია და საბოლოოდ მიწოდებულია დამკვეთზე. საწვავის მიწოდების ფაქტი, რომ დგინდებოდეს ამისთვის დამკვეთზე სრულად არ უნდა იყოს გადახდილი ხელშეკრულების მომსახურებით გათვალისწინებული თანხა, რათა დაჯდეს ბუღალტრულად ბალანსი.

შემოსავლების სამსახურიც აღნიშნავს, რომ მომსახურების გაწევა ხდება შპს „----------“-ზე, მომსახურების გაწევის ფარგლებში ნაყიდია სატრანსპორტო მომსახურება და მიწოდებულია სახელმწიფო დაკვეთით შპს „----------“-ზე, როგორც ქვეკონტრაქტორისგან, შესაბამისად კომპანიის მიერ შეძენილი საწვავი ერთი ოპერაციის ფარგლებში ორჯერ მონაწილეობს, შესაბამისად ერთი და იგივე პროდუქტის - საწვავის დაბეგვრა ხდება ორჯერ, თანხის მიღება კი ერთხელ, ანუ ხდება მომსახურების გარკვეული ნაწილის გაორმაგება, რაც იწვევს დამატებით უსაფუძვლოდ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ შემოწმების აქტში არ ჩანს მოცემული მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მიზეზი. მიზეზი ალბათ მხოლოდ ის არის, რომ აუდიტორის შეფასებით ფასნამატი დაბალია, მაგრამ არ ფიქსირდება ბიზნესისთვის ფასნამატის განსაზღვრის რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომელი ნორმატიული აქტი არეგულირებს ფასნამატის სისტემას, თუ აუდიტის დეპარტამენტს მისი შეხედულებით შეუძლია, როცა დაჭირდება მაშინ გამოიყენოს უსაფუძვლოდ ფასნამატის მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეშად ჩარევის მცდელობაა.

აუდიტორი ეყრდნობა მათ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია კი გადამხდელისთვის დახურულია, ანუ პირწმინდად ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არასწორია აუდიტორის შეფასება.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსაზრების საფუძველზე სხვა რაიმე სამართლებრივი პროცედურების (საკონტროლო შესყიდვის რამდენიმე შემთხვევა, სალარო აპარატის გამოუყენებლობა ან სხვა სამართლებრივად განსაზღვრული ქმედებების განხორციელება) გარეშე ფასნამატის გამოყენება უკანონოა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს საკუთარი ტექნიკა არ გააჩნია და სამუშაოებს ასრულებდა სხვა სატრანსპორტო საწარმოების და მეწარმეების მომსახურების შეძენით. საწარმოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო მომსახურების ნაწილის ანაზღაურება ხდებოდა შემსრულებელი პირების მიერ შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები გადაზიდვის მომსახურებაზე, სადაც მითითებულია გადაზიდვის ღირებულება, ასევე მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს საწვავით უზრუნველყოფს მომჩივანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულებას აკლდება საწვავის ღირებულება და დანარჩენს იხდის მომჩივანი ფულადი სახით. შესაბამისად, ანაზღაურების დანახარჯების ნაწილი გადახდილია საწვავით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების ნაწილის ანაზღაურება განხორციელებულია საწვავის გადაცემით, საწვავის მიწოდების ბარტერულ ოპერაციად მიჩნევა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე გადახდილი თანხის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა საწარმოს მიერ გარკვეული კომპენსაციების გადახდას ცალკეულ არამეწარმე ფიზიკურ პირებზე.

შესაბამისი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე იკვეთება, რომ არსებითად სახეზეა ამ პირებზე ანაზღაურების გაცემა მათი მხრიდან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ამ პირების აღნიშნული შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლის საფუძველზე, ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა საწარმოს მიერ გარკვეული კომპენსაციების გადახდას ცალკეულ არამეწარმე ფიზიკურ პირებზე. შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შესწავლის საფუძველზე იკვეთება, რომ არსებითად სახეზეა ამ პირებზე ანაზღაურების გაცემა მათი მხრიდან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ფიზიკურ პირებზე აღნიშნული განაცემები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპენსაციის გაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოსათვის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის ---------- მშენებლობის პროცესში გზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეეზღუდა ცხოვრების უფლება და პირობები (ხმაურისა და სხვა სახის დისკომფორტის გამო), ანუ სახელმწიფო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროცესში მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დარღვევისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გაიცა კომპენსაცია, საკომპენსაციო თანხის მიღების წყარო კი არის ბიუჯეტი, შესაბამისად ფიზიკურ პირებზე გაცემული კომპენსაცია არ უნდა გათანაბრებულიყო ხელფასის (შემოსავლების) კატეგორიაში. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით კი მოცემული სახის განაცემი დასაბეგრი სახეების ჩამონათვალში არ შედის.

მაცხოვრებლებზე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის სამშენებლო პროცესებში ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის გაცემულ კომპენსაციას შემოსავლების სამსახური განიხილავს მომსახურებად, მაგრამ არ კონკრეტდება მომსახურების სახე, ანუ მივდივარ დასკვნამდე, რომ თუ მაცხოვრებელს თავზე ეყრება მტვერი, ხმაურია და ცხოვრების პირობები შეზღუდული აქვს, დროებით ნორმალურ პირობებში საცხოვრებლად გადასავლისათვის მოსახლეობაზე გაცემული კომპენსაცია მომსახურებას განეკუთვნება? თუ ზიანის ანაზღაურებაა. კომპენსაციის გაცემა მოხდა ზიანის ასანაზღაურებლად. ამით სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტის მშენებლობაც შეუფერხებლად გაგრძელდა.

ზემოთ მოყვანილი საკითხებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამორკვეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ დაირღვეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოების და გადასახადის გადამხდელის უფლებავალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ გადახდილია გარკვეული კომპენსაციები ცალკეულ არამეწარმე ფიზიკურ პირებზე. ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე იკვეთება, რომ არსებითად სახეზეა ამ პირებზე ანაზღაურების გაცემა მათი მხრიდან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გადახდილი თანხა წარმოადგენდა ტვირთის გადაზიდვით გამოწვეული ხმაურისა და სხვა სახის დისკომფორტის შექმნის გამო კომპენსაციის გაცემას. თანხა გადახდილი არ არის საბიუჯეტო ანგარიშიდან, წარმოადგენს კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადახდილ თანხას. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ არსებითად ხდება გარკვეული უფლების მისაღებად კომპენსაციის გადახდა. რამე სახის ზიანი აღრიცხული არ არის, კონკრეტული გაანგარიშებები და შეფასებები გაკეთებული არ არის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზიანი დადგენილი არ არის და მხარეები შეთანხმდნენ გარკვეული მოქმედებისგან თავის შეკავებაზე, გაცემული თანხების მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებულად მიჩნევა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.