გადაწყვეტილება №21283/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 21283/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21283/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 10.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21283/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა;

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.ვალის მართვის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №CB1530576 სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 12.10.2023 წლის №005-17483 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26926 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 4 000 ლარი

 

პროცედურული გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ვალის მართვის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №005-17483 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა 14.10.2023 წელს, რომლის 31.10.2023 წლის №26926 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა

ფაქტების აღწერა

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 31.03.2014 წლის №006-86 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „----------“ (ს/ნ ----------) საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას, რაზეც შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტები. ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაიბარა მომჩივანმა.

საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების განკარგვის გამო, მომჩივანს, ვალის მართვის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №CB1530576 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი 14.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26926 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს დაყადაღებული ქონების წარდგენა ვალის მართვის დეპარტამენტისთვის, ხოლო აღნიშნული ქონების წარმოდგენისა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, გააუქმოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №CB1530576 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მასთან კომუნიკაციის გარეშე, გამოცემული იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მის საფუძველზე განხორციელებული ყველა შემდგომი სამართლებრივი ქმედებასთან და გამოცემული აქტთან ერთად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან:

1. მას, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მხარეს, არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ამ წარმოებაში. მის შესახებ არც ყოფილა ცნობილი მისთვის. ეს წარმოება თავიდან ბოლომდე ჩატარდა მისი ჩართულობის გარეშე. ამ წარმოების შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც №CB1530576 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა და დაყადაღდა მისი ქონება. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოიცა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე. მისთვის არავის მიუმართავს მიბარებული ქონების წარმოდგენის ან მისი შემოწმების მოთხოვნით. შესაბამისად, დებულება, რომ მან მოახდინა ყადაღადადებული ქონების განკარგვა არ ეფუძნება არც რეალობას და არც არანაირ ფაქტობრივ გარემოებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

3. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა – იწვევს პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

მოპასუხე განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შპს „--------“ (ს/ნ ----------) მიმართ 31.03.2014 წელს გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №---------- ბრძანება. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტები, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებული ქონება. ზემოაღნიშნული ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა ფ/პ -----------ს (ს/ნ ----------), რომელმაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები და საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე მოახდინა ყადაღადადებული ქონების განკარგვა, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მომჩივანს მისი არგუმენტაციის შესაბამისად, მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაყადაღებული ქონება წარედგინა ვალის მართვის დეპარტამენტისთვის, ხოლო აღნიშნული ქონების წარდგენისა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, გაეუქმებინა 11.10.2023 წლის №CB1530576 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 12.10.2023 წლის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 3 688.72 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 12.10.2023 წლის №005-17483 შეტყობინებით მის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რაც 14.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26926 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 12.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე განხორციელებული ყველა შემდგომი სამართლებრივი ქმედება და გამოცემული აქტი.

 

დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ვალის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ---------- (ს/ნ ----------) 12.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 4,000.00 ლარი, ზედმეტობა 311.28 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239- ე მუხლის საფუძველზე, ---------- (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე 12.10.2023 წლის №005-17483 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №---------- შეტყობინება გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge), 13.10.2023 წლის, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 14.10.2023 წელს.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 12.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 239- ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა;

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 12.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მომჩივანს მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238(1);239(1)