ბრზანება N 18009

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 18009
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18009

11 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: ----)

2025 წლის 9 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 96721/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის N 001-140 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე მიწის რეალიზაციის შედეგად საბაზრო ფასსა და ფაქტიურად შესყიდვის ფასს შორის სხვაობის დირექტორის სარგებლად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანია აღნიშნულ მიწას ფლობს 2014 წლიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას მიწის გასხვისების არაერთი მცდელობა ჰქონდა. მიწას გააჩნდა სერიოზული ნაკლი, კერძოდ, მის სიახლოვეს არ არის კომუნიკაცია და გზა მიყვანილი, მიწა ფაქტობრივად არის ხევში და სრულად დამრეცია, ამიტომ მისი გასხვისება 30 000 ლარშიც ვერ ხდებოდა. შემდგომ მოხდა გრძელვადიანი ინვესტორის მოძიება, რომელთანაც მოლაპარაკების შემდგომ უნდა მომხდარიყო მიწის ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრაცია და შემდგომ ის შეისყიდიდა 90 000 ლარში. ნოემბერში მოხდა მიწის დამფუძნებელი/დირექტორის მიერ შესყიდვა, რაც მიწის რეალიზაციის ტექნიკურ ასპექტს წარმოადგენდა. სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ ნოემბერ-დეკემბერში აღნიშნულმა პოტენციურმა მყიდველმა თავი შეიკავა გარიგების დადებისგან და ის კვლავ გამოჩნდა 2025 წლის მაისში, რა დროსაც მიწის რეალიზაცია დამფუძნებელ/დირექტორმა განახორციელა წინასწარ შეთანხმებულ ფასად ანუ რა ფასშიც შეიძინა (საჯარო რეესტრში არის რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომლის ფასი შეადგენს 90 000 ლარს). აცხადებს, რომ აღნიშნული ცალსახად ცხადყოფს, რომ დირექტორს არ მიუღია დამატებითი სარგებელი და დამატებით სარგებლად აბსტრაქტული, არაზუსტი საბაზრო ფასის მიყენება სრულიად უსაფუძვლოა, მით უმეტეს იმ გარემოებების ფონზე, რომ ეს ტრანზაქცია ტექნიკურად განხორციელდა ფიზიკური პირის საშუალებით. მიიჩნევს, რომ პირდაპირ საწარმოსგან გასხვისების შემთხვევაში არანირი საგადასახადო ვალდებულება არ წარმოიშობოდა. ითხოვს ზემოაღნიშნული სარგებლის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის N 4686 და 24 ივნისის N 13373 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 4 ივლისის N 15151 ბრძანება და ამავე თარიღის N 001-140 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 825 ლარი, მათ შორის, გადასახადი 12 135 ლარი, ჯარიმა 6 068 ლარი, საურავი 622 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-----" (ს/ნ -----) მიერ 2024 წლის 6 დეკემბერს განხორციელდა კუთვნილი 3508 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო მიწის რეალიზაცია დამფუძნებელსა და დირექტორზე 90 000 ლარად. გადასახადის გადამხდელის მიერ იმავე პერიოდში მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დირექტორზე რეალიზებული მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 49 000 აშშ დოლარს, რაც აღემატებოდა კომპანიის მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვაობის თანხა საბაზრო ღირებულებასა და რეალიზაციის ფასს შორის შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია, ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-----“ მიერ 2024 წლის 6 დეკემბერს დამფუძნებელზე/ დირექტორზე 90 000 ლარად რეალიზებულია 3508 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი იმავე პერიოდის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დირექტორზე რეალიზებული მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 49 000 აშშ დოლარს, რაც აღემატებოდა კომპანიის მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ფასს. შედეგად, სხვაობის თანხა საბაზრო ღირებულებასა და რეალიზაციის ფასს შორის შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე მიწის რეალიზაციის შედეგად საბაზრო ფასსა და ფაქტიურად შესყიდვის ფასს შორის სხვაობის დირექტორის სარგებლად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

კომპანიის მიერ 2024 წლის 6 დეკემბერს განხორციელდა კუთვნილი 3508 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის რეალიზაცია დამფუძნებელსა და დირექტორზე. გადასახადის გადამხდელის მიერ იმავე პერიოდში მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დირექტორზე რეალიზებული მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 49 000 აშშ დოლარს, რაც აღემატებოდა კომპანიის მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვაობის თანხა საბაზრო ღირებულებასა და რეალიზაციის ფასს შორის შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 101 (1; 2„გ“); 275 (2).