გადაწყვეტილება №5512/2/2018-1

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 30.10.2018
№ დოკუმენტი 5512/2/2018-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№5512/2/2018

30.10.2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ,,-------------‘’ (ს/ნ-------------)

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30.10.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ,,----------‘’ (ს/ნ ---) 15.03.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა) ჩუქებით გადაცემის ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში უსასყიდლო მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 26.02.2018 წლის №----------- ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2017 წლის №------------- საგადასახადო მოთხოვნა;

 

დარიცხული თანხა: სულ - ----ლარი.

მათ შორის:

ძირითადი - ------- ლარი, (დღგ - ----- ლარი, ქონების გადასახადი - ----- ლარი);

ჯარიმა - ----- ლარი;

საურავი ----- ლარი.

 

პროცედურული გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 17.07.2017 წლის N----------- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადამხდელის 1.01.2014 წლიდან 1.07.2017 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში. აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2017 წლის 15 დეკემბრის №------------ ბრძანება და 2017 წლის 18 დეკემბრის №----------- „საგადასახადო მოთხოვნა“.

გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა 26.02.2018 წლის №----------- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ: გადამხდელის მიერ შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზად განხილვის შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირება და ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და პირი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2017 წლის 18 დეკემბრის N--------- საგადასახადო მოთხოვნით ამ ნაწილებში დარიცხული ჯარიმებისაგან.

 

სადავო საკითხი:

უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა) ჩუქებით გადაცემის ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში უსასყიდლო მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ფ/პ „------------“, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, 2014 წლის ივლისის თვეში საკუთარ ძმას უსასყიდლოდ გადასცა (აჩუქა) მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები. 2014 წლის ივლისამდე პერიოდში აღნიშნული შენობა-ნაგებობები იყო თანასაკუთრებაში და ფ/პ „--------------“ ფლობდა ნახევარ წილს.

სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩუქებით გადაცემული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები, რომელიც განთავსებული იყო ------------ ში მიჩნეული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და გადამხდელის მიერ აღიარებული საბაზრო ფასებით ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის ძირითადი თანხა და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხდვით.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.

სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

სსკ-ის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის.

სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და საქმესთან დაკავშირებით არსებული გარემოებების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დასტურდება ფ.პ „------------“ (ს/ნ ---------------) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტირებულია 2014 წლის 13 იანვრიდან, ხოლო ------------ ში არსებული შენობა-ნაგებობების ჩუქებით გადაცემა განხორციელდა 2014 წლის ივლისის თვეში, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში ძირითადი გადასახადის დარიცხვა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

სსკ-ის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირის არგუმენტაციის მოსმენის, ასევე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ფ.პ „------------------“-ს (ს/ნ--------------) მიერ შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზად განუხილველობის შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და პირი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2017 წლის 18 დეკემბრის N081-310 საგადასახადო მოთხოვნით ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმისაგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლზე, და განმარტავს, რომ იგი არ წარმოადგენს მეწარმეს და მის ძმაზე ქონების ჩუქება არ უნდა იქნეს განხილული ეკონომიკურ საქმიანობად. ქონება, რომელიც აჩუქა საკუთარ ძმას არც ადრე და არც ახლა არ ყოფილა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში. ხოლო საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქონების მიღება გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან.

გამომდინარე აქედან, არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და პირველი რიგის მემკვიდრეზე ჩუქებით გადაცემული ქონება არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით და გაუქმდეს ამ ნაწილში დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. „ბ“. ქვეპუნქტების თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100000 ლარს:

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100000 ლარზე გადაჭარბებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100000 ლარს.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 მაისის N52923-21-14 წერილის თანახმად, ფ/პ -----მ, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, 2014 წლის ივლისის თვეში საკუთარ ძმას უსასყიდლოდ გადასცა (აჩუქა) მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები. 2014 წლის ივლისამდე პერიოდში აღნიშნული შენობა-ნაგებობები იყო თანასაკუთრებაში და ფ/პ „------------------“ ფლობდა ნახევარ წილს. სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება თუ იგი განახორციელა მეწარმე ფიზიკურმა პირმა, ხოლო ფ/პ „--------------------“ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 13 იანვარიდან, სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ჩუქებით გადაცემული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები, რომელიც განთავსებული იყო -------- ში მიჩნეული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და გადამხდელის მიერ აღიარებული საბაზრო ფასებით ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხდვით.

ამრიგად, დადგენილია და დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფიზიკურმა პირმა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად იყო რეგისტრირებული 2014 წლის ივლისის თვეში საკუთარ ძმას უსასყიდლოდ გადასცა (აჩუქა) მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები. ამასთან, დგინდება, რომ აღნიშნულ პირი ფლობდა სხვა ქონებას, რომელიც გაქირავებული ჰქონდა და რომლის რეალიზაცია მოახდინა დასახელებული ქონების გაჩუქებამდე.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით მომჩივანი არ წარმოადგენდა მეწარმე ფიზიკურ პირს და ქონების გადაცემის მომენტში არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქება) ფაქტი საგადასახადო კოდექსის მე-9, 36-ე, 157-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, არ შეიძლება ჩაითვალოს ზემოხსენებული ქონების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიწოდებად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არამართებულია ამ ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა და ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

 

1.სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.02.2018 წლის №---------- ბრძანება;

3.სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2017 წლის №----------- საგადასახადო მოთხოვნა;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.