ბრძანება N 18184

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 18184
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18184

12 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ------)

(მის.: -------)

2025 წლის 21 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 21 ივლისის №96973/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №007-108 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ სრულად აქვთ აღრიცხული საქონლის მიღება-რეალიზაციები. ამისთვის აქვთ 2 პროგრამა. მიუთითებს, რომ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემდეგ მათ ეჭვქვეშ დააყენეს ლობიოს და კაკლის ფასნამატები. ამასთან, განმარტავს, რომ პერიოდულად შემოწმების პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები მეტია ვიდრე პროგრამული. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ბუღალტერს უკან დაბრუნების შედეგად გამოწვეული დღგ-ის ბრუნვის კორექტირება არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, კომპანიას დაბეგრილი აქვს 7,053 ლარით მეტი, რისი დღგ შეადგენს 1 269.54 ლარს. მომჩივანი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადისგან გამომდინარე და ამ საკითხზე მოყვანილი არგუმენტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირება. ითხოვს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის, სანქციის) შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4556 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“

(ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 26 ივნისის №13624 ბრძანება და ამავე თარიღის №007-108 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 454 764 ლარი, მათ შორის გადასახადი 284 328 ლარი, ჯარიმა 142 164 ლარი და საურავი 28 272 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 17 ნოემბერს, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღია 2016 წლის 18 ნოემბერი. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ცნობა საბანკო ანგარიშთა შესახებ და ცნობაში მითითებული საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, ასევე, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროგრამის ასლი (სუპერფინი) და 1C პროგრამიდან ექსელის ჩანაწერები. გადამხდელის ბუღალტური აღრიცხვის პროგრამის ჩანაწერების შესწავლით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმება ჩატარდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დღგ-ის დეკლარაციები ბრუნვით 4 279 645 ლარი. შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავებით. 2024 წლის საწყისი სასაქონლო მარაგების ნაშთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაახლოებით

12 000 ლარით მეტია ვიდრე დეკლარირებული. შემოწმებით აღნიშნული სხვაობა რეალიზაციაში ჩართული იქნა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით რეალიზაციაში ჩართული იქნა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებული ლობიო და კაკალი (27%), ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლით ჩანდა, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზაციას ახდენდა თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. შედეგად, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში გაზრდილი ბრუნვით მისაღები შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, განკარგვადი თანხა 882 909 (598 582*1.18/0.8) ლარის ოდენობით, მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დგინდება, რომ გადამხდელის ბუღალტური აღრიცხვის პროგრამის ჩანაწერების შესწავლით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა და შემოწმება ჩატარდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავებით, კერძოდ, 2024 წლის საწყისი სასაქონლო მარაგების ბუღალტრულ და დეკლარირებულ ნაშთებს შორის სხვაობა, 12 000 ლარი, შემოწმების მიერ ჩართულია რეალიზაციაში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე, გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით რეალიზაციაში ჩართულ იქნა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებული ლობიო და კაკალი (27%), შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში გაზრდილი ბრუნვით მისაღები შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, შესაბამისად, განკარგვადი თანხა 882 909 ლარის ოდენობით, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურრი ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:

შპს „--------“ სრულად და სწორად აწარმოებს საბუღალტრო ჩანაწერებს 2 პროგრამაში, სუპერფინში და 1C-ში;

გადამხდელს გაგზავნილი აქვს რეალიზაციის რეპორტი, სადაც ჩაშლილად, პროდუქციის მიხედვით ნათლად და სწორად ჩანს ყველა პროდუქტის გასაყიდი ღირებულება, თვითღირებულება და რენტაბელობა;

ზემოაღნიშნული რეპორტით დგინდება, რომ შემოწმების პერიოდში რეალიზებულია 696 542 კგ ლობიო, გასაყიდი ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 735 777 ლარს, მისი თვითღირებულება 1 668 131 ლარს, ხოლო საერთო მოგება ლობიოს რეალიზაციით 67 646 ლარს. ანალოგიურის დადგენაა შესაძლებელი კაკლის ნაწილშიც: შემოწმების პერიოდში რეალიზებულია 8 935 კგ კაკალი, გასაყიდი ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს

84 641 ლარს, მისი თვითღირებულება 81 021 ლარს, ხოლო საერთო მოგება 3 620 ლარს;

გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტორმა იხელმძღვანელა ხარვეზიანი რეპორტით, არ მოხდა რეპორტში მითითებული ღირებულებიდან დღგ-ის ამოღება, რამაც მისი მხრიდან გამოიწვია ეჭვი, რომ ლობიოს და კაკლის რეალიზაცია ხდებოდა მუდმივად მინუსიანი ფასნამატით;

მიუხედავად არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დათვლის არამართლზომიერებისა, არაპირდაპირი კალკულაციაც ხარვეზებითაა განხორციელებული. კერძოდ, ლობიოს ფასი საკმაოდ ცვალებადია ბაზარზე (აღნიშნული მარტივად დასტურდება შეძენის დოკუმენტებითაც) და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგებოდა არაპირდაპირი კალკულაციის ნამდვილი საჭიროება, აუდიტორს უნდა ეხელმძღვანელა ყოველთვიური ფასების სტატისტიკით და არა მაქსიმალური გასაყიდი ფასის ძველ გაყიდვებზე გავრცელებით. მაგალითად, კომპანიის მიერ 2024 წლის იანვარი-მაისის პერიოდში გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1.4 ლარს კილოგრამზე. ზაფხულის პერიოდში ფასმა მიაღწია 4.4 ლარსაც, ხოლო შემოწმების ბოლო პერიოდში ჩამოვიდა 3 ლარამდე. ხსენებულ პერიოდში შესყიდვის ფასი შეადგენდა 1.1 ლარს, რომელიც მომენტალურად გასამმაგდა გარკვეულ პერიოდებში;

გადამხდელი მცირე მინუსიანი მარჟით ყიდდა ლობიოს მხოლოდ 1 თვის (06.06.2024-09.07.2024) მანძილზე. -------, საიდანაც გადამხდელს შემოაქვს სარეალიზაციო პროდუქცია, ლობიოს მოსავლის აღება ხდება წელიწადში ორჯერ, დეკემბერის და ივნისის ბოლოს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში რეალიზებული ლობიო წარმოადგენდა დეკემბრის ძველ პარტიას, რაც გამოიხატებოდა მის დაბალ ხარისხში. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში მიღებული პარტიები შეიცავდა მტვერს და ქვებს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-5 პუნქტის წესების დაცვით, გადამხელმა მოახდინა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია თვითღირებულებაზე ოდნავ ნაკლებ ფასად. (203 211 ლარის პროდუქცია რეალიზებულ იქნა 199 584 ლარად) აღსანიშნავია, რომ შემოწმების პერიოდში ჯამში რეალიზებულია 696 542 კგ ლობიო და მინუსიანი ფასნამატით მხოლოდ 56,075 კგ;

მიუთითებს, რომ კაკლის და ლობიოს თვითღირებულებები ამჟამად სწორად არის პროგრამაში, და ამის დადგენა შეიძლება საბაჟო დოკუმენტაციებთან შედარებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი სჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია/რეპორტები ცხრილის სახით ბუღალტრული პროგრამ(ებ)იდან და გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით მათი შეძენების, თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების, მ.შ. სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია/რეპორტები ცხრილის სახით ბუღალტრული პროგრამ(ებ)იდან და გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით მათი შეძენების, თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების მ.შ. სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 17 ნოემბერს, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღია 2016 წლის 18 ნოემბერი. გადამხდელის ბუღალტური აღრიცხვის პროგრამის ჩანაწერების შესწავლით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმება ჩატარდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. 2024 წლის საწყისი სასაქონლო მარაგების ნაშთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაახლოებით 12 000 ლარით მეტია ვიდრე დეკლარირებული. შემოწმებით აღნიშნული სხვაობა რეალიზაციაში ჩართული იქნა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით რეალიზაციაში ჩართული იქნა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებული პროდუქცია. ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლით ჩანდა, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზაციას ახდენდა თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში გაზრდილი ბრუნვით მისაღები შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად. განკარგვადი თანხა

მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია/რეპორტები ცხრილის სახით ბუღალტრული პროგრამ(ებ)იდან და გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით მათი შეძენების, თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების, მ.შ. სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);159(1);101(1):154(1):