ბრძანება N 17587

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 17587
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17587

19 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---------ის (ს/ნ -------)

(მის: -------------)

2023 წლის 19 და 20 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა --------ის (ს/ნ -------) №104443/21 და №104801/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №EL211801, №EL211803, 12 ივნისის №EL212842, №EL212844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 3 ივნისის №EL11111/31 (№041- 31), №EL11111/32 (№041-32) საგადასახადო მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორის განმარტებით, 2023 წლის 5 აპრილს ------- მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მძიმე დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, ხოლო მეორე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. სატრანსპორტო საშუალება ხევში გადავარდა. მომხდარის შესახებ შეატყობინა ------ საელჩოს, საკონსულო განყოფილებას. შემთხვევის ადგილზე პროდუქტის დიდი ნაწილი იქნა გაძარცვული, ხოლო საქონლის ნაწილი დაზიანდა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების და მისი გადმოტვირთვის დროს, რის გამოც კომპანია დიდი ზიანის წინაშე დადგა. საქონლის ნაწილი გადმოტანილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“, სადაც ხდება მათი დაყოვნება, რის გამოც ერიცხება საფასურები. ასევე კომპანიამ სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების და საქონლის განადგურების გამო მიიღო ფინანსური ზარალი. კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს დაკისრებული სანქციები.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ტრანზიტისთვის (-------- რესპუბლიკიდან ------- დანიშნულებით) განკუთვნილი საქონლით დატვირთული №--------- და №-------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები (გადამზიდავი კომპანია – „-------“). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათში განთავსებულ საქონელზე (ჰიგიენის საშუალებები – 21 539 კგ; კოსმეტიკა – 21 651 კგ) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობები (№69320/D12400; №69320/D12406) და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ (------).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის -------- მთავარი სამმართველოს 2023 წლის 14 აპრილის №MIA 1 23 01039288 ცნობის მიხედვით, 2023 წლის 5 აპრილს --------- საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები შეეჯახნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მათში განთავსებული საქონელი გადმოიყარა და მიმოიბნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ.

შსს საპატრულო პოლიციის შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათში განთავსებული საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირებიდან ერთი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საპატრულო პოლიციის, საბაჟო ორგანოს და საჯარიმო ავტოსადგომის წარმომადგენლების მეთვალყურეობით ჩაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებებში და გადატანილ იქნა ქ. ------ საჯარიმო სპეცავტოსადგომზე, სადაც ინახებოდა გამოძიების დასრულებამდე. გამოძიების დასრულების შემდეგ საქონელი დაუბრუნდა გადამზიდავი კომპანია „-------“-ის წარმომადგენელს -------- (პასპორტის №----).

2023 წლის 16 აპრილს გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა №------- სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც ------ (------, პასპორტის №-------) განმარტებით განთავსებული იყო ზემოაღნიშნული საქონელი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №------- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №ნ/გ 01.06.2023), რის შედეგად გამოვლინდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისი, კერძოდ: №69320/D12400 (04.04.2023) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 51813,83 ლარი, ხოლო №69320/D12406 (04.04.2023) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისის საბაჟო ღირებულებამ – 70 311,37 ლარი.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 ივნისს შედგენილი იქნა №EL211801 და №EL211803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ------- (ს/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 28605.87 ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან, 2023 წლის 3 ივნისს გამოიცა №EL11111/31 და №EL11111/32 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც -------- (ს/ნ -------) დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 858.18 ლარის ოდენობით.

2023 წლის 12 ივნისს კი საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შედგა №EL212842 და №EL212844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილით დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ1 “ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 და 172-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ------- მთავარი სამმართველოს 2023 წლის 12 აპრილის №MIA 1 23 01039288 წერილის ქსეროასლის თანახმად, 2023 წლის 5 აპრილს --------- საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, №------- და №------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები მისაბმელებით შეეჯახნენ ერთმანეთს, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან და ამობრუნდნენ. სატვირთო სატრანსპორტო საშუალება №------- დატვირთული იყო ჰიგიენური საშუალებებით. სატრანსპორტო საშუალებების დაჯახების შედეგად სატვირთო სატრანსპორტო საშუალება მექნიკურად დაზიანდა, არსებული ტვირთი კი გადმოიყარა და მიმობნეული იყო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ მინდორში.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო პასუხისმგებლობისაგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო სადავო საგადასახადო მოთხოვნები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხა შესრულებულად იქნეს მიჩნეული (საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-9 ნაწილებით). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------ის (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 3 ივნისის №EL211801, №EL211803, 12 ივნისის №EL212842 და №EL212844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;

3. 2023 წლის 3 ივნისის №EL11111/31 (№041-31) და №EL11111/32 (№041-32) საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დარიცხული თანხა შესრულებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-9 ნაწილების საფუძველზე;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №EL211801, №EL211803, 12 ივნისის №EL212842, №EL212844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და 3 ივნისის №EL11111/31 (№041- 31), №EL11111/32 (№041-32) საგადასახადო მოთხოვნები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონლით დატვირთული ორი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათში განთავსებულ საქონელზე (ჰიგიენის საშუალებები – 21 539 კგ; კოსმეტიკა – 21 651 კგ) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობები და განისაზღვრა დანიშნულების საბაჟო ორგანო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობის მიხედვით, 2023 წლის 5 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები შეეჯახნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მათში განთავსებული საქონელი გადმოიყარა და მიმოიბნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ.

საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ჩაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებებში და გადატანილ იქნა საჯარიმო სპეცავტოსადგომზე, სადაც ინახებოდა გამოძიების დასრულებამდე. გამოძიების დასრულების შემდეგ საქონელი დაუბრუნდა გადამზიდავი კომპანიას. 2023 წლის 16 აპრილს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამოცხადდა სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც მომჩივნის განმარტებით განთავსებული იყო ზემოაღნიშნული საქონელი. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისი.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 ივნისს შედგენილი იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 28605.87 ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო სადავო საგადასახადო მოთხოვნები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხა შესრულებულად იქნეს მიჩნეული (საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-9 ნაწილებით). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6, 70(1)(2)(4), 100(7), 163(1)(7)(11), 166(1)(3), 172(1), 49(1"ა")(2), 62(2"გ1").

საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 64(2"დ"), 272, 53(9).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.