გადაწყვეტილება №23972/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2024
№ დოკუმენტი 23972/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23972/2/2024

15 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 20.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23972/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება;

2. ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა;

3. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №002-129 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18743 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 014 863 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 405 348

დღგ - 157 519

საშემოსავლო გადასახადი - 247 829

ჯარიმა - 516 022

საურავი - 93 493

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 20 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №14831 ბრძანება და №002-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18743 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განხორციელებული აქვს ჩათვლა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ შემდეგი კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

შემოწმებით, აღნიშნული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები გაუქმებული/შემცირებული იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები, ასევე შეფარდებული ჯარიმები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს სადავო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ, ამასთან, გადახედილ იქნეს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის თანხა 313 248 ლარი. გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა 156 624 ლარის ოდენობის ჩათვლა, ვინაიდან მასვე დაეკისრა ამ დარღვევიდან გამომდინარე 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა (50%) 78 760 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული აქვს ჩათვლა. ხოლო, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გარკვეული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები არის ყალბი. შემოწმებით, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებული/შემცირებული იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმები.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი პოზიციის შესაბამის იმგვარ დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული იქნა დადგენილება სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბესთან დაკავშირებით, შედეგად მოხდა ხსენებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული ჩათვლის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია, ასევე დაკისრებული ჯარიმები შეფარდებულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. ფულადი ნაშთის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, კერძოდ, მიღებული შემოსავლების, ბიუჯეტიდან დაბრუნებული/ბიუჯეტში გადახდილი თანხების, დოკუმენტური ხარჯების, დებიტორ - კრედიტორების (ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან), განაცემების, საბანკო ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რომელმაც შეადგინა 991 316 ლარი. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხთან მიმართებით შემმოწმებლის პოზიციას არ ეთანხმება, რადგან საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებას, რადგან დასაბეგრი თანხა გაანგარიშებულია გონივრული ნაშთის გათვალისწინების გარეშე.

მეთოდური მითითების თანახმად (მუხლი 5), გონივრული ნაშთის გაიანგარიშება საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

გარდა ამისა, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებას (2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს702-695(2კ-16). კერძოდ: „საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლომ განმარტა რომ „რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. როდესაც ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას. თუ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში, მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი“.

კომპანია განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი. მიუთითებს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინა და შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, მიიღო კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საჩივარს ერთვის შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები რომელიც კომპანიის მიერ შესრულებულია, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, ამასთან, კომპანიას ნასყიდობის აქტი - ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი აქვს საკუთარი საქმიანობისათვის გადაუდებლად აუცილებელი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა საქონლის შეძენა, ანგარიშვალდებულ პირს თანხა დაბრუნებული აქვს სალაროში.

უსაფუძვლოა კონკრეტული თანხები ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აქტის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 991 316 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 239 145 ლარამდე. სრულიად დაუსაბუთებლად, საგადასახადო ორგანომ 247 829 ლარით გაზარდა სალაროს ნაშთი, რაც სრულიად გაუგებარია. 991 316 ლარის აგროსვა, იმ საფუძვლით, რომ ეს თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად, არის ინერციით განხორციელებული დარიცხვა. თანხა რომ განაწილდეს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირს შორის, ის ჯერ უნდა არსებობდეს. საგადასახადო ორგანომ „დაადგინა“, რომ კომპანიას სალაროში უნდა ჰქონდეს 1 239 145 ლარი. მხოლოდ „დადგენილი/გამოვლენილი“ ნაშთის თანხის ფარგლებში შეიძლება იყოს მსჯელობა თუ რად განიხილავს საგადასახდო ორგანო და როგორი ვალდებულებები წარმოეშობა კომპანიას აგენტის ფუნქციის სახით: პროცენტიან ან უპროცენტო სესხად; დივიდენდად; ხელფასად. მაგრამ, როდესაც საგადასახადო ორგანო იწყებს 1 239 145 ლარის განაწილებას, ეწინააღმდეგება საკუთარ გაანგარიშებებსაც კი. 1 239 145 ლარის ოდენობის ნაშთი არ დაუდგენია საგადასახადო ორგანოს.

კომპანიის მიერ სადაოდ გამხდარი სხვა საკითხების კომპანიის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, დარიცხვა უნდა შეადგენდეს 198 263 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ ფულის მოძრაობის შესწავლის, კერძოდ, მიღებული შემოსავლების, ბიუჯეტიდან დაბრუნებული/ბიუჯეტში გადახდილი თანხების, დოკუმენტური ხარჯების, დებიტორ -კრედიტორების (ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან), განაცემების, საბანკო ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 991 316 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი პოზიციის შესაბამის იმგვარ დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონშესაბამისია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე და 280-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა 516 022 ლარი და განესაზღვრა საურავი 93 493.12 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ასევე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ასრულებს სამუშაოებს, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა, არის გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ითხოვს, დაკისრებული ჯარიმების მოხსნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ითხოვთ, დაკისრებული ჯარიმების მოხსნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.ითხოვს სადავო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ, ამასთან, გადახედილ იქნეს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის თანხა .

2.მომჩივანი შემმოწმებლის პოზიციას არ ეთანხმება, რადგან დასაბეგრი თანხა გაანგარიშებულია გონივრული ნაშთის გათვალისწინების გარეშე.

3.მომჩივანი ითხოვს, დაკისრებული ჯარიმების მოხსნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განხორციელებული აქვს ჩათვლა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ შემდეგი კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.შემოწმებით, აღნიშნული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები გაუქმებული/შემცირებული იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმები.

2.შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, კერძოდ, მიღებული შემოსავლების, ბიუჯეტიდან დაბრუნებული/ბიუჯეტში გადახდილი თანხების, დოკუმენტური ხარჯების, დებიტორ - კრედიტორების განაცემების, საბანკო ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

3.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე და 280-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია, ასევე დაკისრებული ჯარიმები შეფარდებულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონშესაბამისია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),154,174,175,176,178,269(7).