ბრძანება N 5230

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5230
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5230

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------------)

(მის.: -------------------------------)

2024 წლის 23 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------------) 2024 წლის 23 თებერვლის №30880/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №021-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ სამი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ღირებულების განსაზღვრას 358 000 ლარის ოდენობით. განმარტავს, რომ მათი ღირებულება აღემატება შემფასებლის მიერ დადგენლ ფასს. მიუთითებს, რომ მას არ ჩაბარდა საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შემფასებლის ექსპერტიზის დასკვნა სატვირთო ავტომობილების შეფასების შესახებ. ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რომ წარმოადგინოს კომპეტენტური პირის საექსპერტო დასკვნა სადავო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის შესახებ.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26184 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „-----“სთვის (ს/ნ ---------) 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 დეკემბრის №30827 ბრძანება და ამავე თარიღის №021-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 283 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 775 ლარი, ჯარიმა 14 888 ლარი, საურავი 14 620 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების მიერ შპს „-----“-ის საგადასახადო შემოწმების დროს დადგინდა, რომ კომპანიას ფ/პ ------სგან საბაჟო საწყობში შეძენილი აქვს სამი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 556 500 ლარს, ხოლო შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 358 000 ლარს. ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა ფ/პ ------ს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ფ/პ ------სგან შპს „-----“-ს საბაჟო საწყობში შეძენილი აქვს სამი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა ფ/პ -----ს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, შემოწმების მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ღირებულებას განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა შპს „----“ის სახელზე გამოწერილი ინვოისებისა და საბაჟო დეკლარაციების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით, მიუხედავად იმისა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი თუ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ობიექტს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------------) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ სამი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ღირებულების განსაზღვრას 358 000 ლარის ოდენობით. ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რომ წარმოადგინოს კომპეტენტური პირის საექსპერტო დასკვნა სადავო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის შესახებ.

ასევე,გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №26184 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №30827 ბრძანება და №021-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 59 283 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანს გასხვისებული აქვს სამი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 556 500 ლარს, ხოლო შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 358 000 ლარს. ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივანის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 81(1.3); 100 (1); 102(1 „ბ“); 269(7);