გადაწყვეტილება №22046/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22046/2/2024
15 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22046/2/2024).
დავის საგანი:
1. დამფუძნებლებზე (იგივე დირექტორებზე) მიწოდებულ ფართებთან მიმართებით საბაზრო ფასის გავრცელება;
2. დამფუძნებლების (იგივე დირექტორების) მიმართ უძრავი ქონების მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების სესხად განხილვა;
3. ფიზიკურ პირების მიმართ რიცხული დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33891 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 979 822 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 513 652
დღგ - 144 101
მოგების გადასახადი - 240 105
საშემოსავლო გადასახადი - 129 446
ჯარიმა - 256 826
საურავი - 209 344
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33407 ბრძანება და №081-334 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20658 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.11.2023 წლის №20775/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 29.12.2023 წლის №33891 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამფუძნებლებზე (იგივე დირექტორებზე) მიწოდებულ ფართებთან მიმართებით საბაზრო ფასის გავრცელება ფაქტების აღწერა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელმა მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2013 წლიდან და 2017 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით მშენებარე ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. კომპანიამ ააშენა 17 სართულიანი შენობა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიწოდებული აქვს 614 კვ.მ. ფართი დამფუძნებლებზე (რომლებიც ასევე დირექტორები არიან) საბაზროზე დაბალ ფასად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე/დოკუმენტებზე დაყრდნობით, საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19, 161-ე და 981 მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ კომპანიას დამფუძნებლებზე მიწოდებული აქვს 1 კვ.მ. ფართი 700 ლარად. შემოწმებამ იხელმძღვანელა კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული რეალიზაციის ფასებით და საცხოვრებელ ფართებზე გავრცელდა 400 აშშ დოლარი, ხოლო კომერციულზე - 800 აშშ დოლარი. აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი აცხადებს, რომ კომპანიას 614 კვ.მ. (128 საცხოვრებელი, 486 კომერციული ფართი) მიწოდებული აქვს დამფუძნებლებზე (რომლებიც ასევე დირექტორები არიან) საბაზროზე დაბალ ფასად და აღნიშნულზე მითითებით ხსენებული მიწოდების ფასთაშორის სხვაობა დაბეგვრის ობიექტად იქნა განხილული, რაც მიაჩნია, რომ არასწორია. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა შემდეგი:
კორპუსი მდებარეობს მიუდგომელ ადგილზე, სადაც დღემდე არ არის საავტომობილო გზა, ვერ ხერხდება კომერციული ფართების გაქირავება ან გასხვისება. 26 მიწისქვეშა ავტოსადგომიდან გაყიდულია მხოლოდ 4, მოთხოვნის არ არსებობის გამო.
კომერციული ფართი, ხსენებულ ბინასთან ერთად, რაც ცვლის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებს, დღემდე გამოუყენებელია, ეს არ არის პრესტიჟული და ხალხმრავალი ადგილი, რის გამოც მოთხოვნა დაბალია და ასე გრძელდება უკვე წლების მანძილზე. თავის დროზე, ამ ქონების ფიზიკური პირების საკუთრებაში გადატანა მოხდა იმის გამო, რომ საქონლის/მომსახურების მომწოდებლებთან, ბინების მესაკუთრეებთან დავის შემთხვევაში კომპანიის ქონებას საფრთხე არ დამუქრებოდა. აღნიშნული ქონებები არც გასხვისებულა და არც სხვაგვარად არ მომხდარა მისი გამოყენება შემძენების მიერ. როგორც ბინა არ გამოიყენება საცხოვრებლად, არ ხდება ბინის გაქირავება და არც რემონტი არ გაკეთებულა ხსენებულ ბინაში, ასევე არ ხდება კომერციული ფართის რაიმე ფორმით გამოყენება, ამ შემთხვევაშიც, ისევ შავი კარკასის მდგომარეობაშია კომერციული ფართი. მიმდებარე ტერიტორია კი არის მოუწესრიგებელი და იქვე ნაგავსაყრელი აქვს მოწყობილი მოსახლეობას, სადაც სამშენებლო-სარემონტო მასალების ნარჩენებია განთავსებული და წლების განმავლობაში ასე გრძელდება.
სადავოდ გამხდარი ზემოაღნიშნული ბინები და კომერციული ფართები გასხვისებული იქნა 2020 წელს (პანდემიის პერიოდში) და ხსენებული ფართები სახლის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგაც, წლების განმავლობაში გაუყიდავი იყო, მყიდველების არ არსებობის გამო ვერ ხდებოდა მისი რეალიზაცია, რომ არაფერი ითქვას გადასახადის გადამხდელის მხრიდან მისი მოვლა-პატრონობის დამატებით ხარჯებზე.
სადავო აქტებით, ხსენებული ქონებების გასაყიდი ფასი (დაბეგვრის ობიექტი) დაახლოებით 1 მლნ ლარით იქნა გაზრდილი, რაც არასწორია. ეს არ არის საბაზრო ფასი, ასეთ ფასებში გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გასხვისებები არ გაკეთებულა. სადავო ქონებების საბაზრო ფასების თაობაზე არც ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, შესაბამისად, განცხადება მასზე, რომ ქონებები დაბალ ფასში იქნა რეალიზებული, ეს შემმოწმებლის მოსაზრებაა მხოლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მიაჩნია, რომ მისი გაზიარება არ უნდა მოხდეს.
ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგების არსებობა არ ნიშნავს საბაზრო ფასის გამოყენების უფლების არსებობას, ნებისმიერი/დაუსაბუთებელი ოდენობით დაბეგვრის ობიექტის გაზრდას და შესაბამისად, თანხების დარიცხვის უფლებას არ უნდა ნიშნავდეს, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
მიაჩნია, რომ საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწოდებული აქვს 614 კვ.მ. ფართი დამფუძნებლებზე (რომლებიც ასევე არიან კომპანიის დირექტორები) საბაზრო ფასზე დაბალ ფასად.
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას და სადავო აქტებით, დაბეგვრის ობიექტის (დაახლოებით 1 მლნ ლარით) გაზრდა არასწორად მიაჩნია. აღნიშნავს, რომ სადავო ქონებების საბაზრო ფასების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, შესაბამისად, განცხადება, რომ ქონებები დაბალ ფასში იქნა რეალიზებული, შემმოწმებლის მოსაზრებაა მხოლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მიაჩნია, რომ საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით კომპანიას დამფუძნებლებზე მიწოდებული აქვს 1 კვ.მ. ფართი 700 ლარად. ხოლო, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული რეალიზაციის ფასებით და საცხოვრებელ ფართებზე გავრცელდა 400 აშშ დოლარი, კომერციულზე 800 აშშ დოლარი.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივანს დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხები გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დამფუძნებლების (იგივე დირექტორების) მიმართ უძრავი ქონების მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიის დამფუძნებლები არიან ------- (ს/ნ -------) - 50%-ით და ------- (ს/ნ -------) - 50%-ით. აღნიშნული ფიზიკური პირები 2016 წლიდან ასევე არიან კომპანიის დირექტორები. 2013 წლის 12 თებერვალს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი (ს/კ: -------) 1 903 კვ.მ. -------. შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას დამფუძნებლებზე მიწოდებული აქვს 1 119 კვ.მ. ფართები, რის შედეგადაც წარმოეშვა დებიტორული მოთხოვნა 825 765 ლარის ოდენობით. ამასთან, კომპანიას ჰქონდა ვალდებულება ------- 265 727 ლარის ოდენობით. 2021 წლის 31 დეკემბრის სამმხრივი შეთანხმებით განხორციელდა მოთხოვნის და ვალდებულების გადახურვა, რის შედეგადაც კომპანიის მოთხოვნამ დამფუძნებლების მიმართ შეადგინა 560 038 ლარი. დებიტორული დავალინების თანხები, დღეის მდგომარეობითაც, არ არის დაფარული. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო გაცემული თანხების უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად გამოანგარიშებული სარგებელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების მიხედვით, 20%-ის ოდენობით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ აღნიშნული თანხების სესხად კვალიფიკაციას, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია ტატიანა დუდარევას ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ და იზზეთ იორულმაზზე ვალდებულებით გადაცემული ბინის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, მათ შორის ურთიერთშედარების აქტები. რაც შეეხება საჩივარზე სადავო საკითხთან დაკავშირებით თანდართულ დოკუმენტაციას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველს, ვინაიდან ტატიანა დუდარევასთან გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და აქტით საგადასახადო ვალდებულება ამ ნაწილში არ განსაზღვრულა, ხოლო რაც შეეხება იზზეთ იორულმაზზე ბინის მიწოდებით წარმოშობილ ვალდებულებებს, აღნიშნულ პირთან გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც თანხის გადახდის დროდ მითითებულია კონკრეტული თარიღები, რომელსაც მოიცავს შესამოწმებელი პერიოდი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელი თვლის, რომ ქონების ნასყიდობიდან გამომდინარე, რადგან დებიტორული დავალიანება გადასახადის გადამხდელის მიმართ გააჩნია დამფუძნებელს/დირექტორს, ამიტომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით, ოპერაციას უნდა შეეცვალოს კვალიფიკაცია, დავალიანების თანხები განხილული უნდა იქნეს დირექტორზე გაცემულ სესხად და ამ ნაწილში მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი (20%) საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს, რაც თვლის რომ არასწორია.
დებიტორული დავალიანების თანხები (560 038 ლარი), თუ სესხად უნდა განხილულიყო, ამ ნაწილში ოპერაცია არ შედგებოდა, ან მოიშლებოდა იგი და წლიურად ამ თანხაზე კიდევ 20%-ის დარიცხვას არ დაუშვებდა გადასახადის გადამხდელი. ხსენებული ფართები სახლის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგაც, წლების განმავლობაში გაუყიდავი იყო, მყიდველის არ არსებობის გამო ვერ ხერხდებოდა მისი რეალიზაცია. ამ ქონების ფიზიკური პირების საკუთრებაში გადატანა მოხდა იმის გამო, რომ საქონლის/მომსახურების მომწოდებლებთან, ბინების მესაკუთრეებთან დავის შემთხვევაში, კომპანიის ქონებას საფრთხე არ დამუქრებოდა. განსახილველ შემთხვევაში, ოპერაცია დეკლარირებულია და დამალული შემოსავლის არსებობას ადგილი არ აქვს. თუ კომპანიის დამფუძნებლისათვის მისაღები იქნებოდა დივიდენდის გატანა, თუნდაც ნატურით, შესაბამისად მოიქცეოდა გადასახადის გადამხდელიც. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული საქმიანობა მოწესრიგებული იყო და მის მიმართ შემოწმებას პრეტენზიები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისაგან თავის არიდება, რასაც ადასტურებს ამ ნაწილში, დადგენილ ვადაში და წესით, დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა და გადასახადების გადახდა.
თუ ხსენებული დავალიანება არ იქნებოდა კომპანიის დამფუძნებლებზე/დირექტორებზე და იქნებოდა სხვა მესამე პირზე და დავალიანების არსებობა არ იქნებოდა სადავო, აღნიშნული დავალიანება დაბეგვრის ობიექტად არ განიხილებოდა, რადგან როგორც წესი, რეალურად არსებული დავალიანების თანხები მოგების ან საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება. ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება იმიტომ ხდება, რომ გარიგება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ხდება.
სადავო თანხების დარიცხვის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემმოწმებელი არასწორად განმარტავს ხსენებულ ნორმებს, გამოყენებული იქნა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო. დასახელებული ნორმა ოპერაციის კვალიფიკაციაზე საუბრობს, რაც არასწორად იქნა გაგებული შემოწმების მიერ. კერძოდ: განსახილველ შემთხვევაში სახეზეა უძრავი ქონებების ნასყიდობა და ხსენებული რეალიზაციიდან წარმოშობილი დავალიანება. ნასყიდობის ხელშეკრულებას არ შეიძლება სესხის ხელშეკრულება დაერქვას და ამის ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ეს რომ ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომ სალაროში იყო თანხები და მისი საქვეანგარიშოდ გაცემა მოხდა პასუხისმგებელ პირზე და არ ხდება ასეთი თანხების გონივრულ ვადაში დაბრუნება ან გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვა სამეურნეო საქმიანობა არ შესრულდა, ან კიდევ არსებობს სალაროს დანაკლისი, ეს არის გამოგონილი/არარსებული დებიტორები, ან ეს არის ხარჯი, რომელიც გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული - ეს სხვა შემთხვევა იქნებოდა. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ქონია.
მოცემულ შეთხვევაში, ბინების რეალიზაციიდან წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებაზე არის საუბარი, მიწოდების ოპერაცია შედგა და ამ ოპერაციას კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს თვლის შემოწმება, მაგრამ რაში მდგომარეობს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობა, რის გამოც უნდა შეიცვალოს მისი კვალიფიკაცია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის არსებობა უსაფუძვლოდ არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. მომავალში, როცა დებიტორული დავალიანება იქნება გადახდილი ან მოიშლება თანხების გადაუხდელობის გამო ბინების მიწოდების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება დავალიანების ნაწილში, შესაბამისად მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაც და არა ისე, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში ქონება დამფუძნებელზე/დირექტორზე იმიტომ არ გაცემულა საკუთრებაში, რომ მათ ამ ქონების გამოყენება მოახდინეს. ეს ასე არ არის, სადავო ქონებების განკარგვა რაიმე ფორმით დღემდე არ მომხდარა.
თუ ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ასეთი გარიგების მიმართ გამოიყენოს საბაზრო ფასი (საგადასახადო კოდექსის 18.11.ა მუხლი) და არა ისე, რომ დებიტორული დავალიანების სესხად განხილვა შეიძლება მოხდეს, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
სადავოდ გამხდარი დებიტორული დავალიანების მიმართ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს იმოქმედოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) დადგენილი წესით აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები ვერ აქარწყლებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებს, ვერ დგინდება თუ, რატომ არ იქნა გაზიარებული ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები, ამდენად ამ ნაწილში სადავო აქტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
მიაჩნია, რომ საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს.
3. ფიზიკური პირების მიმართ რიცხული დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, უფიქსირდება დებიტორული დავალიანებები 360 466 ლარის ოდენობით ფიზიკური პირების მიმართ. აღნიშნული დავალიანებები წარმოადგენს 2014-2019 წლების დავალიანებებს. ამასთან, ზემოხსენებულ ფიზიკური პირების ნაწილთან გაფორმებულია ნასყიდობის წინარე, ხოლო ნაწილთან ნასყიდობის ხელშეკრულებები. შემოწმების მხრიდან მოთხოვილი იქნა ურთიერთშედარების აქტები, რაც გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა. შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დებიტორული დავალიანების (360 466 ლარი) შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იქნა შემოწმებისათვის და ისე არ ხდება, რომ ვერ ხერხდება დებიტორების იდენტიფიცირება. ეს არ არის გამოგონილი დებიტორები და შემოწმების მასალების თანახმად ეს არის წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანებები. იმის გამო, რომ რიგ შემთხვევაში დებიტორებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი გასული იყვნენ ქვეყნის გარეთ, შემოწმებამ ჩათვალა, რომ ასეთი შემთხვევები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს, რაც არასწორია.
ამ ეტაპზე, ერთ შემთხვევაში კომპანიის დებიტორთან მოხერხდა დაკავშირება (ტატიანა დუდარევა), წარმოდგენილია ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ (9.01.2023) 19 959 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარზე, რომელიც წარმოშობილია 2014 წელს. ამ შემთხვევაში, დასახელებული თანხით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
ასევე, კომპანიის დებიტორზე იზზეთ იორულმაზზე გადაცემული იქნა ბინა ვალდებულებით - რეესტრში რეგისტრაციით, შესაბამისად, დებიტორული დავალიანება (146 184.13 ლარი) არ უნდა იქნეს განხილული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, ამ თანხით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
ყველა სხვა შემთხვევაში, შემოწმებას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია დებიტორებისგან (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) დავალიანების არსებობა/არარსებობის გადამოწმების მიზნით და უნდა ემსჯელა მიღებული პასუხების შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებებს რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება ქონების საკუთრებაში გადაცემა თანხების სრულად გადახდამდე და ასეთი დავალიანების თანხები გარიგების მოშლით და ქონების უკან დაბრუნების გზით შეიძლება გასწორდეს, თუმცა ამ შემთხვევაში მყიდველს გადახდილი თანხები უკან უნდა დაუბრუნდეს და ეს არის საქმის მთელი სირთულეც. თანხების უქონლობის გამო ამის გაკეთება შეუძლებელია, რის გამოც კომპანია მოლოდინის რეჟიმშია, რომ იქნებ დასრულდეს გარიგება და ახალი გაუგებრობები თავიდან იქნეს აცილებული. საქმეს ართულებს ისიც, რომ დებიტორები საქართველოში არ იმყოფებიან ხშირად და მათთან დაკავშირება რთულია. აღნიშნული არ უნდა ნიშნავდეს, რომ აღნიშნული კომპანიის საზიანოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები ვერ აქარწყლებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებს, ვერ დგინდება თუ რატომ არ იქნა გაზიარებული ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები, ამდენად ამ ნაწილში სადავო აქტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
მიაჩნია, რომ საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია რომ შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას დამფუძნებლებზე მიწოდებული აქვს ფართები, რის შედეგადაც წარმოეშვა დებიტორული მოთხოვნა, რაც არ არის დაფარული. შემოწმებით, აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ სესხად, გამოანგარიშებული სარგებელი, 20%-ის ოდენობით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანებები, 360 466 ლარის ოდენობით, ფიზიკური პირების მიმართ. აღნიშნული დავალიანებები წარმოადგენს 2014-2019 წლების დავალიანებებს. ამასთან, ფიზიკური პირების ნაწილთან გაფორმებულია ნასყიდობის წინარე, ხოლო ნაწილთან ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხების ნაწილში თანხების დარიცხვას, მაგრამ, როგორც შემოსავლების სამსხურის სადავო ბრძანებით ირკვევა, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია, დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ხოლო, მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია კომპანიის დებიტორებზე (ტატიანა დუდარევას ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ და იზზეთ იორულმაზზე ვალდებულებით გადაცემული ბინის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) აუდიტორის პოზიციით არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველს, ვინაიდან ტატიანა დუდარევასთან გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და აქტით საგადასახადო ვალდებულება ამ ნაწილში არ განსაზღვრულა, ხოლო იზზეთ იორულმაზზთან გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც თანხის გადახდის დროდ მითითებულია კონკრეტული თარიღები, რომელსაც მოიცავს შესამოწმებელი პერიოდი.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 256 826 ლარი და განესაზღვრა საურავი 209 343.93 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სანქცია ძირითადში დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ ერთ შემთხვევაში ხდება ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება, ხოლო სხვა შემთხვევაში დარიცხვები დებიტორული დავალიანების გამო და არა იმის გამო, რომ დამალული შემოსავლების არსებობას ან ხარჯებიდან ამოღებას აქვს ადგილი. გასაჩივრებული აქტებით გადასახადის სახით არსებული სადავო დარიცხვები საკმაოდ დიდია და კომპანიის საქმიანობის პარალიზებას იწვევს ყველა თანმდევი შედეგით. სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი - მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. სანქციის გამოყენების/არ გამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისაგან გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი, ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება და ა.შ. ფიქრობს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია, არასწორია და მისი მიღებისას არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს. შესაბამისად თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმა და საურავისგან).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო საკითხები სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთან თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმა და საურავისგან).
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება
1. დამფუძნებლებზე (იგივე დირექტორებზე) მიწოდებულ ფართებთან მიმართებით საბაზრო ფასის გავრცელება;
2. დამფუძნებლების (იგივე დირექტორების) მიმართ უძრავი ქონების მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების სესხად განხილვა;
3. ფიზიკურ პირების მიმართ რიცხული დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20658 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 17.11.2023 წლის №20775/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 29.12.2023 წლის №33891 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9); 981(1); 982(3-ზ); 101; 154; 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161