ბრძანება N 209-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 209
18/01/2021
შპს -----
(მის.: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს ----- ს 04 დეკემბრის №55134/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 09 ნოემბრის №002-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტისთვის გადახდილი როიალტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ვინაიდან აცხადებს რომ არარეზიდენტისგან შეძენილია არა პროგრამული ლიცენზიების გამოყენების უფლება, არამედ აღნიშნული უფლების ე.წ ,,გასაღების “ შეძენა შემდგომ სარეალიზაციოდ. აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და -------- მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის თანახმად შპს ----- არა არის ვადლებული შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 თებერვლის № 5305 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 16 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 09 ნოემბრის №33190 ბრძანება და ამავე თარიღის №002-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 27 278 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 163 ლარი, ჯარიმა 8 115 ლარი, საურავი 0,64 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს ----- ს ძირითადად ------- კომპანიისგან ----- ისგან შესყიდული აქვს პროგრამული ლიცენზიების გამოყენების უფლება, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლება საწარმოს გაცემული აქვს სხვა რეზიდენტ კლინიკებზე. გადამხდელი არ ახდენდა არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შესაბამისად საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, როიალტი არის საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ბ1 ქვეპუნქტის თანახმად - როიალტი იბეგრება 5 პროცენტით.
“საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. ერთ მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი როიალტი, რომელიც გადაიხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი არის ამ როიალტის ფაქტიური მფლობელი და ამ როიალტის მიმართ ექვემდებარება დაბეგვრას ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ეს როიალტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე მონაწილე სახელმწიფოში და მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც იგი წარმოიშვა, მაგრამ ამგვარად დაწესებულმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს როიალთის საერთო რაოდენობის 10 პროცენტს.
დადგენილი გარემოების მიხედვით, საწარმოს უკრაინული კომპანიისგან შესყიდული აქვს პროგრამული ლიცენზიების გამოყენების უფლება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გადამხდელის განმარტებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციით აღნიშნული განაცემი ექვემდებარება ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, მათ შორის “საქართველოს მთავრობასა და --------- მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა სადავო საკითხთან მიმართებაში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.