გადაწყვეტილება №22890/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2024
№ დოკუმენტი 22890/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22890/2/2024

18 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 17.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22890/2/2024).

 

დავის საგანი:

1. გადახდილი პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

2. მოთხოვნის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-735 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7153 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 296 895 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 166 334

მოგების გადასახადი - 145 024

საშემოსავლო გადასახადი - 14 406

ქონების გადასახადი - 6 904

ჯარიმა - 77 376

საურავი - 53 185

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილ-ბოსტნეულით, მათი გადამუშავება და კონსერვირება, ასევე მზა საკვების წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19613 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33398 ბრძანება და №006-735 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 296 895 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 აპრილის №7153 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გადახდილი პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირის ------- აღებული აქვს სესხი და უფიქსირდება პროცენტის გადახდა. აღნიშნული პროცენტი არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან.

გადახდილი პროცენტები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 131-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ დაზუსტებულ საჩივარზე თანდართულია ------- და ------- (კომპანიის დირექტორი) ქორწინების მოწმობა, თუმცა წარდგენილ საჩივრებში არ არის მითითებული გადასახადის გადამხდელის პოზიცია ან არგუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში დაშვებულია არსებითი შეცდომა, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები და თანდართული მტკიცებულებები არ არის ნანახი/შესწავლილი და გადაწყვეტილება მიღებულია წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების შესწავლის/შეფასების გარეშე. კერძოდ, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაყენებული ჰქონდათ შუამდგომლობა, მიეღოთ ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტიდან დარიცხვის საფუძვლების შესახებ მანამ, სანამ მოხდებოდა საჩივრის განხილვა. ასევე, დაყენებული ჰქონდათ შუამდგომლობა, რომ საჩივრის განხილვა მომხდარიყო მომჩივნის მონაწილეობით/ჩართულობით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურმა საჩივრის განხილვა მოახდინა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე.

ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის აღნიშნული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია/პოზიცია დარიცხვის საფუძვლების შესახებ.

საჩივარზე (წარდგენილი ჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილება და აღსრულების ფურცელი) აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბრძანებაში არ განმარტავს დარიცხვის საფუძვლებს და მხოლოდ იმეორებს საგადასახადო შემოწმების აქტიდან გადამხდელის პოზიციის შინაარსს.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში არაერთ ადგილას მოხსენიებულია მომჩივნის მიერ თავისი პოზიციის და არგუმენტაციის წარუდგენლობის შესახებ. ამასთან, სამოტივაციო ნაწილის ბოლოს ხაზგასმით აღნიშნულია საჩივრის დაუსაბუთებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრებში გამოყოფილი ჰქონდათ 2 სადავო საკითხი და ამ საკითხებზე დეტალურად იყო წარდგენილი მომჩივნის პოზიცია. უფრო მეტიც, საჩივარს დანართად თან ახლავს მტკიცებულებები (სასამართლო გადაწყვეტილება, აღსრულების ფურცელი, ------- ურთიერთდამოკიდებულების დადასტურების ნაწილში - ქორწინების მოწმობა და ხელწერილი).

ასევე, გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებზე და არ არის შეფასებული მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულ შეცდომებთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 აპრილს წერილით (N534820) დამატებით მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რასაც თან ურთავენ წარმოდგენილ საჩივარს.

გადასახადის გადამხდელის პოზიციაში აუდიტორი წერს, რომ „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარუდგენია“. მიუხედავად მომჩივნის მცდელობისა, არ მოეცა საშუალება დღეს უკვე სადაო საკითხები შემოწმების პროცესში გაევლო და დაეფიქსირებია თავისი პოზიცია ან მიეცა შესაბამისი ახსნა-განმარტება აუდიტორისთვის, აღნიშნული საკითხი რომ არ გამხდარიყო სადავო.

------- არის საწარმოს დირექტორის მეუღლე და ურთიერთდამოკიდებული პირი (საჩივარს თან ურთავს ქორწინების მოწმობას), რომლისგანაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღებული აქვს სესხი 1 225 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხი გატარებულია პროგრამულად. ვინაიდან საწარმო ჯერ ისევ ინვესტიციების მოზიდვის ეტაპზეა, ------- არ მომხდარა სესხის პროცენტის გადახდა. აღნიშნული გატარებისას პროგრამაში არის ტექნიკური შეცდომა, რომელიც პროგრამამ ავტომატურად დაარიცხა შეცდომით. აღნიშნულის დასტურად საჩივარს თან ურთავს ------- ხელწერილს, სადაც ის თავად ადასტურებს, რომ საწარმოსგან ჯერ არ მიუღია სესხის პროცენტი და მიღებული თანხა არის მხოლოდ სესხის ძირის შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირი ------- აღებული აქვს სესხი და უფიქსირდება პროცენტის გადახდა. აღნიშნული პროცენტი არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან. შემოწმებით, გადახდილი პროცენტები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ცვლის შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და არ შეიძლება გახდეს დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. მოთხოვნის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით „1430“ (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) ანგარიშზე ფიქსირდება თანხების მოძრაობა რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად -------, რომელიც იკავებდა კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2019 წლის 7 მაისიდან 2020 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში. ამ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სრულად გადარიცხულია 821 808 ლარი. მათ შორის, ------- კომპანიიდან გატანილი აქვს 781 448 ლარი. საბოლოოდ, აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ აღიარებულია მოთხოვნად და გადატანილია „1420“ ანგარიშზე (მოთხოვნები მეკავშირე საწარმოების მიმართ). შემოწმებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ დაზუსტებულ საჩივარზე თანდართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2021 წლის 21 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი და 2022 წლის 11 მარტის განჩინება. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „-------“ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმართა სასამართლოს კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ და მოითხოვა ------- და სხვა პირების მიერ წაღებული თანხების უკან დაბრუნება. აღნიშნულზე გამოიცა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე და სააღსრულებო ფურცელი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესშიც, თუმცა ვინაიდან დღეის მდგომარეობითაც თანხები დაბრუნებული არ არის, აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ გახდება დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია რის საფუძველზე მოხდა აუდიტორის მხრიდან ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლა. საგადასახადო შემოწმება ჩატარდა პირდაპირი მეთოდით, ბუღალტერია ნაწარმოებია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციებზე მიაწოდეს სასამართლო გადაწყვეტილება, შემოწმების პროცესში ოპერაციების შეფასების დროს მიაწოდეს შემდეგი ახსნა-განმარტება:

„შპს „-------“ ბუღალტრულ ბაზაში -------, -------, ------- კომპანიის ბალანსზე (სალარო/ბანკი) არსებული თანხების მოძრაობა ფიქსირდება 1430 (მოთხოვნები ანგარიშ-ვალდებული პირის მიმართ) ანგარიშზე, ------- იკავებდა შპს „-------“ დირექტორის თანამდებობას 2020 წლის 24 ივლისიდან 2020 წლის 5 ნოემბრის ჩათლით და ასევე იყო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი. შესაბამისად, ჰქონდა ბანკის ანგარიშებზე წვდომა და რიცხავდა თანხებს, როგორც შემდგომ გაირკვა, პირადი მიზნებისთვის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ დაიწყო დავა მოცემული ფიზიკური პირების მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, რის შემდეგაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოცემულ ფიზიკურ პირებს დაეკისრათ უკანონოდ მითვისებული თანხის უკან დაბრუნება. არსებული საჩივრიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ბუღალტრულად მუხლი 1430 (მოთხოვნები ანგარიშ-ვალდებული პირის მიმართ) ჩანაცვლდა მუხლით 1420 (მოთხოვნები მეკავშირე საწარმოს მიმართ - სასამართლო დავები), რომელიც არანაირ კავშირში არ არის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხთან.“

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლებში დეტალურად არის განმარტებული თუ რა არის სესხი და ყოველი თანხის გაცემა არ არის სესხი. ყოველივე ზემოთაღნიშნულის განმარტების მიზნით, მომჩივნის მხრიდან მოხდა აუდიტის დეპარტამენტში წერილის (ნომერი: 522949) გაგზავნა, სადაც ითხოვს ინფორმაციის მიღებას, თუ რის საფუძველზე დაკვალიფიცირდა აღნიშნული ოპერაციები, რა სამართლებრივ საფუძვლებს დაეყრდნო ოპერაციის კვალიფიცირების დროს შემმოწმებლები და აღნიშნული ოპერაციის კვალიფიცირების დროს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. ასევე, წერილში ითხოვდა ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილს.

წერილის პასუხი №21-14/3237 მიიღეს 2024 წლის 17 იანვარს, სადაც აღნიშნულია:

„1. პირველ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი თანხების გაცემულ სესხად განხილვის და დაბეგვრის შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივი გარემოება და შეფასება, ასევე სამართლებრივი ნორმები დეტალურად აღწერილია საგადასახადო შემოწმების აქტში (იხ. გვერდი 10, საკითხი №2),2. მეორე საკითხთან დაკავშირებით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება ეყრდნობა გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში არსებულ მონაცემებს“.

აღნიშნული პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ აუდიტორმა კითხვას თავი აარიდა და მიუთითა შემოწმების აქტზე, სადაც არაფერი წერია, რის საფუძველზე მოხდა ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლა. აქედან გამომდინარე, გააგზავნეს განმეორებითი წერილი 2024 წლის 18 იანვარს (№ 524577), სადაც აღნიშნულია:

„ზემოთაღნიშნული თქვენი წერილის №21-14/3237 პასუხიდან გამომდინარე, აღნიშნულ წერილს ვურთავ საგადასახადო შემოწმების აქტის მე-10 გვერდის სქრინს , სადაც ჩვენს მიერ ქვემოთ დასმულ კითხვებს პასუხს არ სცემს არც მე-10 გვერდი და არც საგადასახადო შემოწმების აქტი. გთხოვთ, დაგვიბრუნოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი:

1) „შემოწმებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად“ - გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ------- მიერ კომპანიიდან მითვისებულ თანხებს რის საფუძველზე შეუცვალეთ კვალიფიკაცია (გთხოვთ დეტალურად აგვიწერეთ)?

2) აღნიშნული ოპერაციის დაკვალიფიცირების დროს, რა სამართლებრივ არგუმენტებს დაეყრდნო აუდიტორი (გთხოვთ დეტალურად მიგვითითეთ)?

3) აღნიშნული ოპერაციის დაკვალიფიცირების დროს ჰქონდა თუ არა აუდიტორს ინფორმაცია მის მიერ გამოვლენილ „დასაბეგრ ბაზაზე“, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება?

4 ) რა მეთოდით ჩატარდა საგადასახადო შემოწმება?

გთხოვთ ზემოთ ჩამოთვლილ ჩვენს კითხვებზე გაგვცეთ დეტალური პასუხი, მადლობა წინასწარ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაციების დაკვალიფიცირება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და ამ ნაწილში დარიცხვა სრულად გასაუქმებელია.

ვინაიდან 18 იანვრის წერილზე დღემდე პასუხი არ აქვს მიღებული, ამ სადაო ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ბუნდოვანება. შესაბამისად, საბჭოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმის შესწავლის ფარგლებში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს საბჭოს სხდომამდე მომჩივნისთვის 2024 წლის 18 იანვარის წერილზე (№524577) და 2024 წლის 17 აპრილის №534820 წერილზე პასუხების გაგზავნა. მითითებულ წერილებს თან ურთავს წარმოდგენილ საჩივარს. ანალოგიური მოთხოვნა დაფიქსირებული აქვს აუდიტის დეპარტამენტში გაგზავნილ წერილებში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით „1430“ (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) ანგარიშზე ფიქსირდება თანხების მოძრაობა რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად -------, რომელიც იკავებდა კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2019 წლის 7 მაისიდან 2020 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში. ამ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სრულად გადარიცხულია 821 808 ლარი, მათ შორის, -------საწარმოდან გატანილი აქვს 781 448 ლარი. საბოლოოდ, აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ აღიარებულია მოთხოვნად და გადატანილია „1420“ ანგარიშზე (მოთხოვნები მეკავშირე საწარმოების მიმართ). შემოწმებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საჩივარზე დართული მტკიცებულებები წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესშიც და აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ გახდება დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-735 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 296 895 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 166 334 ლარი, ჯარიმა - 77 376 ლარი და საურავი - 53 185 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა (ძირითადად ხილბოსტნეულით). კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან ყიდულობს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასაწყობებს და შემდგომ ახორციელებს ამ პროდუქციის საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციას, ასევე ახორციელებს ამავე სახის პროდუქციის ლოჯისტიკას სხვა კომპანიებისთვის. საწარმოში 70-მდე საქართველოს მოქალაქე არის დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 1 500- დან 2 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. დაფუძნებიდან დღემდე კომპანიას 5 000 000 ლარის კაპიტალი აქვს მოზიდული დამფუძნებლიდან და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, როგორებიც არიან: USID, GAZELL და სხვა. საწარმოს მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა და იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადამუშავებული ქართული ხილ-ბოსტნის (კონსერვირებული) ექსპორტი.

საზოგადოება საქართველოს სახელით აქტიურად იღებს მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებზე, რადგან კომპანია ორიენტირებულია მაღალი ევროპული ხარისხის ქართული პროდუქტის და სამუშაო ადგილების შექმნაზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქტების ექსპორტზე.

საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებით, სააღრიცხვო პროგრამა ორისში, სადაც ხდება ნედლეულის დამატება, საწარმოო პროცესის ეტაპობრივი აღრიცხვა, მზა პროდუქციის შექმნა სახეობების მიხედვით, საიდანაც ხდება ზედნადების გამოწერა და პროდუქციის გადაწერა საცალო და საბითუმო მომხმარებლებზე. მაღალი კონკურენციის პირობებში, მზა პროდუქციის გაიაფების მიზნით, საწარმო თავად ახდენს ნედლეულის ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რაც ადგილობრივი ფერმერებისთვის წარმოების წახალისებას და მაღალი კონკურენტუნარიანობის შექმნას უწყობს ხელს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი. ვინაიდან აღნიშნული ფაქტი საწარმოს იმიჯს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს, გადასახადისგან თავის არიდების არანაირი სურვილი, განზრახვა და მოტივაცია არ ჰქონიათ და აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შეცდომით.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე სახის წინასწარ განზრახვას ადგილი არ ჰქონია, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამის კორექტირებას შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. გადახდილი პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

2. მოთხოვნის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირისგან აღებული აქვს სესხი და უფიქსირდება პროცენტის გადახდა. აღნიშნული პროცენტი არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან. გადახდილი პროცენტები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით ფიქსირდება თანხების მოძრაობა რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად კომპანიის დირექტორზე. შემოწმებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 131; 154; 982(3-ზ); 269(7)