ბრძანება N 3671

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2024
№ დოკუმენტი 3671
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3671

21 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 29 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის №21020/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“ (ს/ნ ----------) №146139/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №EL218067 და №EL218068 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ 2023 წლის 27 ივლისს სს „----------“ საბაჟო საწყობში შემოვიდა ავტომობილი, №---------- კონტეინერის გასატანად. კონტეინერის საბაჟო საწყობში მიღებისას ლუქი იყო მთელი, თუმცა გატანის დროს ხელის შეხებისთანავე გაწყდა დაჟანგული მეტალის ლუქი, რაც მისი მითითებით, არ ყოფილა უკანონო, განზრახი ან დაუდევარი ქმედების შედეგი. აღნიშნულის შემდეგ, კონტეინერს საბაჟო საწყობის ტერიტორია არ დაუტოვებია და მუდმივი ვიდეოკონტროლის პირობებში განთავსდა საბაჟო საწყობში, რადგან ლუქის დაზიანების გამო მასში შეღწევა იყო შესაძლებელი. ვიდეო მასალა ერთვის საჩივარს. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ ადგილი არ ჰქონია კონტეინერში განთავსებული ტვირთის განკარგვას და ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ლუქი არ იყო საბაჟო ლუქი, თუმცა მისი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ წარმომადგენელს. შესაბამისად მიაჩნია, რომ კომპანიას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და არ დასტურდება მისი ბრალეულობა.

აღნიშნულზე მითითებით კომპანიის წამომადგენელმა განმარტა, რომ კომპანია არ ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმების საპატიოდ ჩათვლას და შესაბამისად ითხოვა სადავო აქტების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ---------- პორტის გავლით შემოტანილ, 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით დატვირთულ №---------- კონტეინერზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 26 ივლისს გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი განთავსდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში.

2023 წლის 27 ივლისს სს „----------“ (ს/ნ ----------) წარმომადგენელმა №---------- განცხადებით აცნობა საბაჟო დეპარტამენტს, რომ საბაჟო საწყობის კონტროლის ზონიდან საქონლის გატანისას №---------- კონტეინერზე დადებული №---------- იდენტიფიკაციის საშუალება დაზიანდა იმგვარად, რომ კონტეინერი გახდა შეღწევადი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შემდეგაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე და სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენილად მიჩნევის გამო, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 27 ივლისს შედგენილ იქნა №EL218067 და №EL218068 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე2 ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმები თითოეული ოქმით 1000 ლარი და 6000 ლარის ოდენობით.

სს „----------“ (ს/ნ ----------) №---------- საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 სექტემბრის №23376 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-100 მუხლის მე-7 ნაწილზე, 166-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ №21020/2/2023 გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებაზე, კერძოდ:

საბაჟო საწყობში კონტეინერი მიღებისას და შემდგომაც კონტეინერის ლუქი №---------- იყო მთელი, თუმცა გატანის დროს კონტეინერის ლუქის მთლიანობისა და ნომრის გადამოწმების მიზნით დათვალიერებისას, საწყობის თანამშრომლის და ავტომანქანის მძღოლის თანდასწრებით ხელით შეხებისთანავე გადაწყდა, რაც არ ყოფილა უკანონო, მიზანმიმართული, განზრახი ან დაუდევარი ქმედების შედეგი. საჩივარზე დართული უწყვეტი ვიდეოჩანაწერით და ფოტო მასალით დასტურდება, რომ ლუქი კონტეინერის დამუშავების/დაცლის/ტრანსპორტირების დროს კი არ დაზიანდა, არამედ გამშვებ პუნქტთან მოწყდა ლუქის მთლიანობისა და მისი ნომრის გადამოწმების დროს. ამავდროულად, კომპანიის მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული სანებართვო ვალდებულება და იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობის დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ თუ კომპანია დაჯარიმდა იმის გამო, რომ დაარღვია სანებართვო ვალდებულებები და ხელი შეუშალა საბაჟო კონტროლს, მაშინ მეორე მხრივ საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის რომ ხელი შეეწყო და ჯეროვნად განეხორციელებინა საწყობის კონტროლი მოხდა ასეთი ინციდენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია, ასეთი მექანიკური დაზიანება შეფასდეს სამართალდარღვევად და შედგეს სამართალდარღვევის ოქმები. გასათვალისწინებელია, რომ არ გამოვლენილა საქონლის დანაკლისი/განკარგვა, კონტეინერს არ დაუტოვებია საწყობი და აღნიშნული მყისიერად ეცნობა საბაჟო ორგანოს. სამართალდარღვევის ოქმებში მითითებულია, რომ დაზიანდა საბაჟო ლუქი, რაც არასწორია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საბაჟო ლუქს. შესაბამისად, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის შემადგენლობაც საბაჟო ლუქის დაზიანებას ეხება, აღნიშნული მუხლით ჯარიმის შეფარდება უსაფუძვლოა. ასევე, ოქმებში მითითებულია, რომ ლუქი დაზიანდა კონტეინერის დამუშავებისას, რაც ასევე არასწორია რადგან, უწყვეტი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ კონტეინერის დამუშავებას/დაცლას/ტრანსპორტირებას ლუქის დაზიანებისას ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 სექტემბრის №23376 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის 2024 წლის 16 თებერვლის საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას, კომპანიის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერზე და განმარტა, რომ აღნიშნული ვიდეო მასალა იძლევა იდენტიფიცირების საშუალებას, თუ საწყობის კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე მოხდა ლუქის დაზიანება და როდის. მიუთითა, რომ ლუქის დაზიანება მოხდა მაშინ, როდესაც კონტეინერს უნდა დაეტოვებინა საბაჟო კონტროლის ზონა.

ზეპირი განხილვისას კომპანიის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ დაზიანებული ლუქი არ წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მიერ დადებულ ლუქს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღიაროს საბაჟო იდენტიფიკაციის სხვა საშუალება, რომლითაც საქონლის გამგზავნის, გადამზიდავის, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტით კი, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები, მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდებულ საქონელთან, სატრანსპორტო საშუალებასა და შენობანაგებობასთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას, სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ცვლის შემოსავლების სამსახურის იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები, შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვით, კი საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2023 წლის 16 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ პორტის გავლით შემოვიდა №---------- კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი, რომელიც განთავსდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში. 2023 წლის 26 ივლისს აღნიშნულ კონტეინერსა და მასში განთავსებულ საქონელზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ მებაჟე ოპერატორის მიერ გამოწერილ იქნა №---------- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რომლის მიხედვით, №---------- კონტეინერზე დადებული იყო №---------- იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც კომპანიას კონტეინერის საბაჟო საწყობში მიღებისას არ მიუჩნევია საეჭვოდ. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა 2023 წლის 27 ივლისს №---------- განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა "----------“ და აცნობა, რომ საქონლის გატანისას №---------- კონტეინერზე დადებული №---------- იდენტიფიკაციის საშუალება მათ მიერ იქნა დაზიანებული იმგვარად, რომ კონტეინერი გახდა შეღწევადი.

მომჩივანი არის საბაჟო საწყობის მფლობელი, რომელიც ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. შესაბამისად, სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა. საბაჟო სანქცია კი არის ნორმის ელემენტი, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.

ზემოაღნიშნული და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მომჩივანმა არ უზრუნველყო ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისთვის დადგენილი პირობები, რითაც ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. დადგენილია ასევე, რომ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების მეორე ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალას, მასში ასახული ჩანაწერი განხორციელებულია ღამით და შეუძლებელია კონტეინერის (რომელიც მდებარეობს ვიდეოკამერისგან მოშორებით) და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების იდენტიფიცირება. შეუძლებელია ასევე იმის დადგენა, თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანება. ამასთან, იმის დადგენას, თუ საწყობის კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე და როდის მოხდა ლუქის დაზიანება, არ წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას და ვიდეო მასალაში დაფიქსირებული გარემოება არ გამორიცხავს კომპანიის პასუხისმგებლობას.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ დაზიანებული ლუქი არ წარმოადგენდა საბაჟო ლუქს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 29-ე მუხლის შესაბამისად, №---------- კონტეინერზე დადებული №---------- იდენტიფიკაციის საშუალება წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებულ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას, რომელიც ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას.

მომჩივნის მიერ იმ ფაქტზე მითითება, რომ ადგილი არ ჰქონია კონტეინერში განთავსებული ტვირთის განკარგვას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაეკისრა სწორედ იმის გამო, რომ დათვალიერების შემდეგად საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას. დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნებოდა ამავე მუხლის არა მე-2, არამედ მე-3 ან მე-4 ნაწილები, რომლებიც ითვალისწინებს 5 000 და 10 000 ლარიან ჯარიმებს.

ის გარემოება, რომ დათვალიერების შემდეგად საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას, არ გამორიცხავს საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობას. საბაჟო კონტროლი არ მოიცავს მხოლოდ დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირებას. საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულს ქმედებებს. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნით/მოცილებით და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობის არ უზრუნველყოფით, ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს. კომპანია არ ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმების საპატიოდ ჩათვლას და შესაბამისად ითხოვა სადავო აქტების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 16 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტის პორტის გავლით შემოვიდა კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი, რომელიც განთავსდა მომჩივანის საბაჟო საწყობში. 2023 წლის 26 ივლისს აღნიშნულ კონტეინერსა და მასში განთავსებულ საქონელზე გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოპერატორის მიერ გამოწერილ იქნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რომლის მიხედვით, კონტეინერზე დადებული იყო იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც კომპანიას კონტეინერის საბაჟო საწყობში მიღებისას არ მიუჩნევია საეჭვოდ. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა 2023 წლის 27 ივლისს განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონას და აცნობა, რომ საქონლის გატანისას კონტეინერზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალება მათ მიერ იქნა დაზიანებული იმგვარად, რომ კონტეინერი გახდა შეღწევადი.

მომჩივანი არის საბაჟო საწყობის მფლობელი, რომელიც ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. შესაბამისად, სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა. საბაჟო სანქცია კი არის ნორმის ელემენტი, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.

ზემოაღნიშნული და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მომჩივანმა არ უზრუნველყო ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისთვის დადგენილი პირობები, რითაც ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. დადგენილია ასევე, რომ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების მეორე ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალას, მასში ასახული ჩანაწერი განხორციელებულია ღამით და შეუძლებელია კონტეინერის (რომელიც მდებარეობს ვიდეოკამერისგან მოშორებით) და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების იდენტიფიცირება. შეუძლებელია ასევე იმის დადგენა, თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანება. ამასთან, იმის დადგენას, თუ საწყობის კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე და როდის მოხდა ლუქის დაზიანება, არ წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას და ვიდეო მასალაში დაფიქსირებული გარემოება არ გამორიცხავს კომპანიის პასუხისმგებლობას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(2); 176(2).