ბრძანება N 792

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2023
№ დოკუმენტი 792
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპებიხანდაზმულობის ვადასაქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაგადასახადის გადამხდელის ვალდებულებებისაგადასახადო ორგანოთა უფლებებიგადასახადის დარიცხვაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადაბეგვრის ობიექტიერთობლივი შემოსავალიხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიშემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდეკლარირების წესიზოგადი დებულებებიდღგ-ის ჩათვლის უფლებადღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებასაჩივრის განხილვაზე უარის თქმასაჩივრის განხილვა

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 792

24.01.2023

შპს „-----------“ (ს/ნ--------)

ყოფილი დირექტორის ფ/პ ------------ (პ/ნ -----------)

(მის.: ---------------- )

2022 წლის 14 თებერვლის, 2 მარტის და 26 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის, 25 ნოემბრის, 9 დეკემბრისა და 2023 წლის 16 იანვრის სხდომებზე (ოქმები №104; №112; №117 და №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 სექტემბრის №17621/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ--------) ყოფილი დირექტორის ფ/პ -------- (პ/ნ -----------) 2022 წლის 14 თებერვლის №26147/21, 2 მარტის №CA0041221267934 და 26 ოქტომბრის №CA00412210539229 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის №006-932 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საჩივრის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 სექტემბრის №17621/2/2022 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად:

„საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

ფ/პ ------------ (პ/ნ -----------)-ს ბრალის წარდგენამდე შპს „-----------“ (ს/ნ--------) მიმართ შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2017 წლის 26 დეკემბრის №35232 ბრძანება და ამავე თარიღის №006 –932 საგადასახადო მოთხოვნა გამომძიებლის მხრიდან ჩაჰბარდა 2021 წლის 10 ივლისს. 2022 წლის 12 იანვარს ბრალდებულ ---------- შედგა შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმი, რომლის ფარგლებშიც მას სრულად გადაეცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ შედგენილი ზემოხსენებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ -------------სთან შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმი შედგა 2022 წლის 11 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე დადგენილ ვადაში, რომლის ფარგლებშიც ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კვლავ გადაეცა მას. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 14 თებერვალს და 2 მარტს.

საბჭო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მითითებული რედაქციით ჩამოყალიბდა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2022 წლის 22 მარტის დადგენილებით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე (გამოქვეყნების თარიღი 2022 წლის 23 მარტი).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე, მიუთითებს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20868 ბრძანების გამოცემის მომენტისთვის (ასევე, საჩივრის განხილვის მომენტისთვის) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებდა მითითებული რედაქციით, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება არამართლზომიერია და საჩივრები უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურის ხელახლა განსახილველად.“

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 სექტემბრის №17621/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფ/პ ------------ სადავო აქტის გასაჩივრებისთვის უფლებამოსილ პირად (მომჩივნად) მიიჩნევა 2022 წლის 23 მარტიდან, ხოლო შემოსავლების სამსახურში თავდაპირველი საჩივარი წარმოდგენილია 2022 წლის 14 თებერვალს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს და საჩივრები დაშვებულ იქნეს განსახილველად.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნა არის ხანდაზმული საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების მომენტისთვის (2021 წლის 10 ივლისი). განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და ფასნამატის მეთოდით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში იმის მითითება, თითქოსდა იგი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან დოკუმენტური მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობა.კერძოდ,მიუთითებს,რომ მან სრულად გადასცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კომპანიის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ელექტრონული პროგრამის აღრიცხვის მონაცემები და სხვა დოკუმენტური მასალა, რაზეც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა წვდომა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შემოწმებასთან თანამშრომლობის არ არსებობაც არ წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს. ამასთან, აცხადებს, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში ცალკეული ოპერაციების გამოტოვება, რომელიც გამოწვეულია შეცდომით, არ შეიძლება უპირობოდ სააღრიცხვო სისტემის არასანდოობაზე მეტყველებდეს და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი გახდეს. ასევე, განმარტავს, რომ გაუგებარია საშუალო ფასნამატის გამოყვანის მეთოდიკა და ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა საშუალო ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ გაყიდვების მთლიანი მოცულობის, გაყიდვების ღირებულების, მთლიანი და წმინდა მოგების შედარება ხდება იმავე დარგში ფუნქციონირებად სხვა ბიზნესის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის ასახული.

3. ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საწარმოს მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და რომც ყოფილიყო ამ ოდენობის დარიცხვას ვერ გამოიწვევდა.

4. წარმომადგენლობითი ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საწარმოს მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და რომც ყოფილიყო ამ ოდენობის დარიცხვას ვერ გამოიწვევდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 22 სექტემბრის №24932 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2014 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები . საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2017 წლის 26 დეკემბრის №35232 ბრძანება და ამავე თარიღის №006–932 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 607 768 ლარი, მათ შორის გადასახადი 303 476 ლარი, ჯარიმა 153 368 ლარი და საურავი 150 924 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

• საწარმოს წარდგენილი ჰქონდა 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 2 141 647 ლარს. ხოლო 2015 წლის დეკლარაციები წარდგენილი არ ჰქონია. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2014 და 2015 წლებში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა სულ 3 047 640 ლარს, მათ შორის, 2014 წელს 2 017 820 ლარს, ხოლო 2015 წელს- 1 029 820 ლარს. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რის გამოც წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2014-2015 წლების საანგარიშო პერიოდების შემოსავლების განსაზღვრისას, შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით, გამოიყენა გადამხდელის მიერ დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი. შემოწმებით, 2014 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 2 495 723 ლარი, ხოლო 2015 წელს- 1 419 927 ლარი.

შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გაიზარდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი პერიოდების შესაბამისად. შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მნიშვნელოვნად დაუკორექტირდა, როგორც მიღებული/მისაღები შემოსავლები, ისე გაწეული/გამოსაქვითი ხარჯები.

შესაბამისად,საწარმოს განესაზღვრა წმინდა მოგება 424 973 ლარის ოდენობით (2014-2015 წწ.).შემოწმებით,საწარმოს წმინდა მოგება დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და 2015 წლის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------------- “ გაცემული ჰქონდა სესხი მის ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს „-------“ (ს/ნ -------). მსესხებლისგან პროცენტის გადახდის ფაქტი საბანკო ამონაწერებით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, გაცემული სესხი დაკვალიფიცირდა, როგორც უპროცენტოდ გაცემული სესხი და პროცენტის სახით მისაღები შემოსავალი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გაიზარდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი 2014 წელს 50 733 ლარით, ხოლო 2015 წელს- 36 620 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემი სულ 416 400 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს გაწეული ჰქონდა სხვადასხვა ხარჯი, (საკვები, სასმელი, სასტუმრო-რესტორნის მომსახურება), რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების მიზნობრიობა ვერ დადგინდა. აღნიშნული თანხები ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად, დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ ჩათვლილ დღგ-სა და შემოწმებით დადგენილ ჩასათვლელ თანხებს შორის. კერძოდ, გადამხდელს მიღებული ჰქონდა ჩათვლა ისეთ მომსახურებებსა და საქონელზე, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზანი ვერ დგინდებოდა. შესაბამისად, შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა ჩასათვლელი თანხა და შემცირდა 2014 წელს -1612 ლარით, ხოლო 2015 წელს- 189 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „---------ს“ (ს/ნ ----------) მის მიმართ შედგენილი 2017 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2017 წლის 26 დეკემბრის №35232 ბრძანება და ამავე თარიღის №006–932 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2017 წლის 26 დეკემბერს, რომელსაც საწარმო გაეცნო იმავე წლის 28 დეკემბერს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის №006-932 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით და მისი ხანდაზმულობის საფუძვლით გაუქმება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 20 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ შემოწმების დასაწყისშივე მოხდა ფ/პ --------თან დაკავშირება, რომელმაც არ ისურვა შემოწმებასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. შემოწმებისთვის დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის, მოწოდება მოხდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. შემმოწმებელმა შეისწავლა მოწოდებული სააღრიცხვო პროგრამა. კერძოდ, ჩატარდა ანალიზი პროგრამის სანდოობის დადგენის მიზნით. შედეგად, აღნიშნული საბუღალტრო პროგრამის საფუძველზე ვერ მოხერხდა რეალიზაციის დაკავშირება შესაბამის ხარჯებთან (თვითღირებულება, რაოდენობა) კონკრეტული ოპერაციის მიხედვით. შესაბამისად, ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი და ვერ კონტროლდებოდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება. ამასთან, აღნიშნულ გარემოებას ართულებდა ის ფაქტიც, რომ გადამხდელი (ყოფილი დირექტორი) არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და კომპანიის მოქმედ ხელმძღვანელობას შემოწმებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პასუხი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დაადგინა დოკუმენტური რეალიზაციის მოცულობა, რომელიც შეადგენდა სრული რეალიზაციის 70%-ზე მეტს. შესაბამისად, შემმოწმებელმა დოკუმენტური ფასნამატის მეთოდი მიიჩნია სარწმუნოდ. რაც შეეხება გაანგარიშების წესს, შემოწმებით დადგინდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შეძენილი და რეალიზებული ზედნადებების შეპირისპირებით განისაზღვრა კონკრეტული საქონლის, შეძენის და რეალიზაციის ფასები პერიოდების მიხედვით. ზუსტი იდენტიფიცირება/დაკავშირება მოხდა 190 ტიპი საქონლის, ხოლო რომლის დაკავშირებაც ვერ მოხერხდა კონკრეტული საქონლის მიხედვით, შეიქმნა შესაბამისი საქონლის ჯგუფები (14 ჯგუფი). შესაბამისად, მიღებულ იქნა ფასნამატები, კონკრეტული საქონლისა და საქონლის ჯგუფის მიხედვით. თვის საშუალო დოკუმენტური ფასნამატის გამოსაანგარიშებლად კი კონკრეტული ოპერაციის ფასნამატის მაჩვენებელს მიენიჭა წონითი ერთეული იმავე საანგარიშო თვის სრულ დოკუმენტურ რეალიზაციაში მისი წილის შესაბამისად. ხოლო იმ საქონელზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხდა, შემოწმებამ გამოიყენა საშუალო ფასნამატი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესშიც მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „--------ს“ გაცემული ჰქონდა სესხი მის ურთიერთდამოკიდებულ პირზე, თუმცა მსესხებლისგან პროცენტის გადახდის ფაქტი საბანკო ამონაწერებით არ დასტურდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, გაცემული სესხი დაკვალიფიცირდა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და პროცენტის სახით მისაღები შემოსავალი, რომელიც განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე L3.22; https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data), ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემული სესხის, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მსესხებელზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და პროცენტის სახით მისაღები შემოსავლის საბაზრო საპროცენტო განაკვეთით ერთობლივ შემოსავალში ჩართვა კანონმდებლობის შესაბამისია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს გაწეული ჰქონდა სხვადასხვა ხარჯი, (საკვები, სასმელი, სასტუმრო-რესტორნის მომსახურება), რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების მიზნობრიობა ვერ დადგინდა ( მაგ.: სარესტორნო-სასტუმრო მომსახურებები, რომლებიც გაწეულია შპს „---------ს“, შპს „-------ს“, შპს „--------ის“, შპს „-------ს“ და სხვების მიერ).გადამხდელს ხსენებულ მომსახურებებსა თუ საქონელზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული 2022 წლის 20 დეკემბრის ინფორმაციის თანახმად, გადამხდელს აღნიშნული ხარჯის წარმომადგენლობით ხარჯად დაკვალიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოდგენილ დოკუმენტებში ვერ იქნა მოძიებული.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების მიზნობრიობა ვერ დადგინდა, საწარმოს თანამშრომელზე გაცემულ ხელფასად განხილვა,ხოლო აღნიშნულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირება მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ----------ს (პ/ნ--------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.