ბრძანება N 24156
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24156
03 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------)
(მის.: --------------------------------)
2025 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 17 ოქტომბრის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №259-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ხარჯების გაუთვალისწინებლობას. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია მიიღო დაგვიანებით რის გამოც ვერ მოახერხა აუდიტორთან თანამშრომლობა. მიუთითებს, რომ მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფო ტენდერებში და თავდაპირველ ეტაპზე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კომპანიის დირექტორს შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და სახელმწიფო სტრუქტურებთან აღებული ვალდებულებების შესრულება მოუწიათ მის ოჯახის წევრებს, რომლის დასრულების შემდეგ კომპანიამ ფაქტობრივად შეაჩერა კომერციული საქმიანობა. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაბეგრა კომპანიის სრული ბრუნვა და არ გაითვალისწინა ხარჯები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №10287 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აგვისტოს №18047 ბრძანება და ამავე თარიღის №259-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 192 137 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 325 ლარი, ჯარიმა 59 663 ლარი, საურავი 13 149 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 20 მაისის №10126 ბრძანებით დაინიშნა შპს „------ის“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარით, უფლებამოსილ პირთან ვერ დაკავშირების გამო. მიღებული შემოსავლების და დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა თავისუფალი ფულადი სახსრების ნაშთი. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგის გათვალისწინებით (0 ლარი), მიღებული თავისუფალი ფულადი სახსრები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში და ზეპირი განხილვისას დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია მიიღო დაგვიანებით რის გამოც ვერ მოახერხა შემოწმებასთან თანამშრომლობა. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაბეგრა კომპანიის სრული ბრუნვა და არ გაითვალისწინა ხარჯები. აქედან გამომდინარე, ითხოვს შესაძლებლობას წარადგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ხარჯების გაუთვალისწინებლობას.ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10287 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №18047 ბრძანება და №259-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 192 137 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 325 ლარი, ჯარიმა 59 663 ლარი, საურავი 13 149 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №10126 ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარით, უფლებამოსილ პირთან ვერ დაკავშირების გამო. მიღებული შემოსავლების და დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა თავისუფალი ფულადი სახსრების ნაშთი. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგის გათვალისწინებით (0 ლარი), მიღებული თავისუფალი ფულადი სახსრები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 105(2); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);