ბრძანება N 21696
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21696
10 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 11 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის და 2 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №78 და №83) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2025 წლის 11 სექტემბრის №97926/1/2025 და №97919/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს №007-212 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს შეცდომაზე, კეთილსინდისიერებაზე, ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას ან/და ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7907 და 23 მაისის №10507 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს №17728 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-212 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 356 799 ლარი, მათ შორის, გადასახადი 214 200 ლარი, ჯარიმა 106 568 ლარი და საურავი 36 031 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები (განხორციელდა რაოდენობრივ თანხობრივი ანალიზი). შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და განისაზღვრა ფასნამატები თითოელი ჯგუფის მიხედვით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის აპრილის №7954 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერის ანალიზის შედეგად, განისაზღვრა 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება 17 080 ლარი კატეგორიების მიხედვით. ასევე, ჩატარებული ანალიზის შედეგად განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით შემოწმების მიერ გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატები (საშუალოდ 37,5%). შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სრულად არ აქვს დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების ანალიზით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს ჩათვლილი აქვს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ----- №----- 2022 წლის იანვრის თვეში, ასევე არ აქვს გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ----- №-------. შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა სულ - 777 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს შეცდომაზე, კეთილსინდისიერებაზე, ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას ან/და ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გამოვლინდა, რომ საწარმოს სრულად არ აქვს დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
საწარმოს ჩათვლილი აქვს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე არ აქვს გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა. . საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275;272(1);269(7)