გადაწყვეტილება №24695/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24695/2/2025
10 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ს 5.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24695/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №24853 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 15.01.2025 წლის №142 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 122 670.73 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 609
დღგ - 23 566
საშემოსავლო გადასახადი - 40 043
ჯარიმა - 31 822
საურავი - 27 239.73
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ხახვის იმპორტი (ყაზახეთიდან, რუსეთიდან) და რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. საწარმო აგრეთვე, ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანასაც და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №2599 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 28.01.2020 წლიდან 9.02.2023 წლამდე სანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა, რომ:
საწარმო ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანას და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ მოყვანილი ხახვის რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-საგან. კომპანია აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა „ორისში“. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერი და ახსნაგანმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით სარგავი მასალა (კვიჭიჭი) ნორმა შეადგენს 4 ტ/ჰა-ზე და მოსავალი 8-13 ტ/ჰა-ზე. გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 404 452 ლარი და განთავისუფლებული ბრუნვა 386 274 ლარი.
შემოწმების მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილია ინფორმაცია სარგავი მასალის (კვიჭიჭი) დარგვის და მოსავლის ნორმის შესახებ. ამავე, სამინისტროს სსიპ „---------“ 7.04.2023 წლის №04/461 წერილის მიხედვით სარგავი მასალა (კვიჭიჭი) შეადგენს 900 კგ/ჰა-ზე, ხოლო მოსავალი 30-40 ტ/ჰა-ზე.
აღნიშნული ინფორმაციისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაანგარიშდა საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწაზე (2020 წელს 30 ჰა, 2021 წელს 20 ჰა და 2022 წელს 5 ჰა) საჭირო სარგავი მასალა (კვიჭიჭი) და მიღებული მოსავლის რაოდენობა და თვითღირებულება. ამასთან, შემოწმების შედეგად დოკუმენტური რეალიზაციიდან და თვითღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ფასნამატი (68%-318%-მდე პერიოდების მიხედვით), რომელიც გავრცელდა, ნორმებიდან გამომდინარე, გაანგარიშებული მოსავლის თვითღირებულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 159-ე და 172-ე მუხლების (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 168-ე მუხლების) შესაბამისად, იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიხედვით განსაზღვრულია დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ აქვს აღრიცხული/გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იმპორტირებული ტომრების (ცარიელი) რეალიზაცია, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
არაპირდაპირი მეთოდით (დღგ-ის ბრუნვები) გაანგარიშებულია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიჩნეულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გარდა აღნიშნულისა, საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო ქირა და პროცენტი (აღებული სესხიდან გამომდინარე), რომელიც საგადასახადო კოდექსის 101- ე, 154-ე და 131-ე მუხლების საფუძველზე არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამისი განაკვეთებით. შესაბამისად, მომჩივანს დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 30 ივნისსა და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 13 554 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 036 ლარით და ჯარიმა 4 518 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №7065 ბრძანება და ამავე თარიღის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 16.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანებით საჩივარი:
- აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №006-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა;
- აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანება 14.05.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.07.2024 წლის №23069/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66697) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანება; საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში (შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგები), დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); საჩივარი შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი; საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება) და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 18.11.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე სარგავი მასალის ნორმების და მოსავლიანობის განსაზღვრისას შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება), რომლის მიხედვით, ხახვის დარგვა/მოყვანის პროცესში საწარმო ხელმძღვანელობდა მათი ხახვის მომწოდებლის (ყაზახური კომპანია) მიერ განსაზღვრული (მოწოდებული) ნორმატიული აქტებით/ნორმებით. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს, რომ 14/17–17/21 ფრაქციის (ზომის) ხახვის თესვის ნორმაა საშუალოდ 3 700 – 4 000 კგ. ხოლო მოსავალი 1 ჰექტარზე შეადგენს 8-9 ტონას, მაქსიმალური მოსავლიანობა 13-18 ტონას 1 ჰექტარზე. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
18.11.2024 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 229 256 ლარით, მათ შორის გადასახადი 152 837 ლარით და ჯარიმა 76 419 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 26.11.2024 წლის №24853 ბრძანება და ამავე თარიღის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.01.2025 წლის №142 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, სარგავი მასალის ნორმების და მოსავლიანობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
რაც შეეხება ხახვის ცარიელი ტომრების დანაკლისს და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.01.2020 წელს, დღგ-ის გადამხდელად 29 იანვარს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემოწმებულ პერიოდში ხახვის იმპორტი და რეალიზაცია, ასევე იჯარით აღებულ მიწაზე ხახვის დარგვა-მოყვანა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით განისაზღვრა საკითხები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა და განმარტებულია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები:
საკითხი 1: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში საჭირო სარგავი მასალა და მიღებული მოსავლის რაოდენობა და თვითღირებულებისა და ფასნამატის არსებული ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრულია დღგით დასაბეგრი და განთავისუფლებული ბრუნვები;
საკითხი 2: პირველი საკითხის შედეგებიდან გამომდინარე გაანგარიშებულია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიჩნეულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა ფიზიკურ პირებზე გადახდილი დაუბეგრავი საიჯარო ქირა და სესხის პროცენტი;
საკითხი 3: საწარმოს საგადასახადო ორგანოში გაცემული თანხების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისათვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა.
საგადასახადო სამართალდარღვევის სხვა საკითხები აქტში არ ფიქსირდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.07.2024 წლის №23069/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. №03/66697) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და მისგან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება) და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დარიცხული თანხების ნაწილობრივი კორექტირება/შემცირება. დარიცხულად იქნა დატოვებული დღგ-ის ნაწილში 23 566 ლარი და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 40 043 ლარი. წერილობით ითხოვა აღნიშნული დარიცხული თანხების გაშიფვრა, მაგრამ მიიღო მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ ხახვთან დაკავშირებით ყველანაირი დარიცხვა მოხსნილია და დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხა და ამ ბრუნვების შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენენ ხახვის ცარიელი ტომრების დანაკლისთან დაკავშირებულ თანხას.
შემოსავლების სამსახურის უარის განმაპირობებელ გარემოებებად მიუთითებს, რომ:
„აუდიტის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, სარგავი მასალის ნორმების და მოსავლიანობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება“ - სარგავი მასალა კომპანიის მიერ დახარჯულია ნორმის ფარგლებში, ხოლო მოსავლიანობა ზედა ზღვარის ფარგლებშია, შესაბამისად ამ ნაწილში დარიცხვა აღარ უნდა არსებობდეს.
„რაც შეეხება ხახვის ცარიელ ტომრების დანაკლისს და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია“ - აღნიშნულს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო შემოწმების აქტში და მისგან გამომდინარე დოკუმენტებში (ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა), რომელიც გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს, საერთოდ არაფერია ნათქვამი ტომრებთან დაკავშირებით. შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ის ნაწილში მთლიანი დარიცხვა შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც მხოლოდ ხახვის თესვა-მოყვანის ნორმებთან დაკავშირებული დარიცხვა. გადასახადის გადამხდელს შეეძლო სადავოდ გაეხადა მხოლოდ ის გარემოებები, რაც ასახული იქნებოდა საგადასახადო შემოწმების აქტში. ამ ეტაპზე ტომრებთან დაკავშირებით დარიცხვა იქნება მომჩივანისთვის საგადასახადო ვალდებულების დამძიმება, რაც საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია. თუ ცარიელი ტომრების დანაკლისზე დარიცხვა ხორციელდება ჩატარებული შემოწმების ფარგლებში, მაშინ მისი რეალიზებულად აღიარება და შესაბამისი დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეზე 2022 წლის დეკემბრის თვეში. აქტში და აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანების დანართში მითითებულია, რომ 2022 წელში დღგ-ის დარიცხვა განხორციელებულია თებერვლის და მარტის თვეებზე. შემდგომ თვეებში, დეკემბრის ჩათვლით, დღგ-ის დარიცხვა არ ხდება. უცნობია რა მონაცემებზე დაყრდნობით დაითვალა შემმოწმებელმა ტომრების დანაკლისი და რა პრინციპის მიხედვით გაანაწილა ეს დანაკლისი და შესაბამისი დღგ-ის თანხები თვეების მიხედვით, მაგრამ მარტივი გაანგარიშებით გამოდის რომ დარიცხულად დატოვებული დღგ-დან (23 566 ლარი) 11,7 ათას ლარზე მეტი დარიცხულია 2021 წლის პირველი ნახევრის თვეებზე. შესაბამისი რაოდენობის ტომრების ამ პერიოდში რეალიზებულად აღიარება შეუძლებელია, იმიტომ რომ შემდგომ პერიოდში ბუღალტრულად აღრიცხული ფაქტიური მოხმარებარეალიზაციისათვის შეიქმნება დეფიციტი, ასე ვთქვათ, ბუღალტრულ პროგრამაში „100 ათას ცალზე მეტი გაწითლდება“. სავარაუდოა, რომ შემმოწმებელმა საერთოდ არ გაითვალისწინა ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგების „ორისის“ პროგრამაში (რომელიც მიეწოდა შემმოწმებელს შემოწმების დაწყებისთანავე) ასახული მონაცემები.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (ახსნაგანმარტება) და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23135 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 18.11.2024 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე სარგავი მასალის ნორმების და მოსავლიანობის განსაზღვრისას შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება), რომლის მიხედვით, ხახვის დარგვა/მოყვანის პროცესში საწარმო ხელმძღვანელობდა მათი ხახვის მომწოდებლის (ყაზახური კომპანია) მიერ განსაზღვრული (მოწოდებული) ნორმატიული აქტებით/ნორმებით. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს, რომ 14/17–17/21 ფრაქციის (ზომის) ხახვის თესვის ნორმაა საშუალოდ 3 700 - 4 000 კგ. ხოლო მოსავალი 1 ჰექტარზე შეადგენს 8-9 ტონას, მაქსიმალური მოსავლიანობა 13-18 ტონას 1 ჰექტარზე. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიუთითებს, რომ დარჩენილ დარიცხვაზე მიიღო მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ ხახვთან დაკავშირებით ყველანაირი დარიცხვა მოხსნილია და დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხა და ამ ბრუნვების შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენენ ხახვის ცარიელი ტომრების დანაკლისთან დაკავშირებულ თანხას. სარგავი მასალა კომპანიის მიერ დახარჯულია ნორმის ფარგლებში, ხოლო მოსავლიანობა ზედა ზღვარის ფარგლებშია, შესაბამისად ამ ნაწილში დარიცხვა აღარ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება ტომრებს, საგადასახადო შემოწმების მასალებში არაფერია დაფიქსირებული ტომრებთან დაკავშირებით. შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ის ნაწილში მთლიანი დარიცხვა შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც მხოლოდ ხახვის თესვა-მოყვანის ნორმებთან დაკავშირებული დარიცხვა.
გადასახადის გადამხდელს შეეძლო სადავოდ გაეხადა მხოლოდ ის გარემოებები, რაც ასახული იქნებოდა საგადასახადო შემოწმების აქტში. ამ ეტაპზე ტომრებთან დაკავშირებით დარიცხვა იქნება მომჩივანისთვის საგადასახადო ვალდებულების დამძიმება, რაც საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია.
საგადასახადო შემოწმების აქტში „საკითხი №1“ მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 159-ე და 172-ე მუხლების (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 168-ე მუხლების) შესაბამისად, იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიხედვით განსაზღვრულია დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ...“- წინადადება დასრულებული არ არის.
აქტის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: „ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ აქვს აღრიცხული/გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იმპორტირებული ტომრების (ცარიელი) რეალიზაცია, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით“.
აღნიშნული სადავო არ გამხდარა 14.05.2024 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრით, ამასთან, ზემოთ ხსენებული ტექსტი სრულად იქნა ასევე, მითითებული დავების განხილვის საბჭოს 11.07.2024 წლის №23069/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66697) გადაწყვეტილებაში.
შემოსავლების სამსახური მომჩივნის მითითებაზე ხახვის ცარიელი ტომრების დანაკლისსა და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანას და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადამხდელის მიერ მოყვანილი ხახვის რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-საგან.ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით სარგავი მასალა ნორმა შეადგენს 4 ტ/ჰა-ზე და მოსავალი 8-13 ტ/ჰა-ზე. გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 404 452 ლარი და განთავისუფლებული ბრუნვა 386 274 ლარი.
შემოწმების მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილია ინფორმაცია სარგავი მასალის დარგვის და მოსავლის ნორმის შესახებ. ამავე, სამინისტროს წერილის მიხედვით სარგავი მასალა შეადგენს 900 კგ/ჰა-ზე, ხოლო მოსავალი 30-40 ტ/ჰა-ზე.
შემოწმების შედეგად დოკუმენტური რეალიზაციიდან და თვითღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ფასნამატი,რომელიც გავრცელდა, ნორმებიდან გამომდინარე, გაანგარიშებული მოსავლის თვითღირებულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 159-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიხედვით განსაზღვრულია დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ აქვს აღრიცხული/გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იმპორტირებული ტომრების რეალიზაცია, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიჩნეულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო ქირა და პროცენტი,რომელიც სსკ-ის 101- ე, 154-ე და 131-ე მუხლების საფუძველზე არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამისი განაკვეთებით. შესაბამისად, მომჩივანს დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
160,168.