გადაწყვეტილება №20473/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20473/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20473/2/2023

22 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 3.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20473/2/2023).

 

დავის საგანი:

1. რეალიზებული ფართების ღირებულების სრულად მიღებულად და დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა, შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. რეალიზებული ფართების სრულად მიღებულად განხილვა და შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

3. მიწის მეპატრონეებზე ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად (ბარტერად) განხილვა, შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №005-194 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №16940 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 487 251 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 290 132

დღგ - 178 348

საშემოსავლო გადასახადი - 111 784

ჯარიმა - 147 044

საურავი - 50 075

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქ ------ში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32508 ბრძანება და №005-194 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16940 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებული ფართების ღირებულების სრულად მიღებულად და დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა, შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართებიდან მიღებული თანხის ოდენობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს მიღებული რეალიზებული ფართების ღირებულება. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფულის მოძრაობის მიხედვით, გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, განსაზღვრულმა ფულის ნაშთმა შეადგინა 447 140 ლარი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 558 925 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. რეალიზებული ფართებთან დაკავშირებული გადაუხდელი თანხები შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანიას სრულად აქვს მიღებული, ვინაიდან გაყიდული ფართები, საჯარო რეესტრში მყიდველებზე გადაფორმების დროს, საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებში ჩაიწერა - „ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად“. ფაქტობრივად კი, აღნიშნული თანხები მყიდველების მიერ არ არის გადახდილი, ვერც იქნებოდა მოთხოვნილი კომპანიის მხრიდან, ვინაიდან, მშენებლობის ვადები დარღვეული იქნა მნიშვნელოვნად. გადაფორმების დროს რეესტრში წარდგენილ საბოლოო ხელშეკრულებებში ჩაიწერა „ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად“, ნასყიდობის ხელშეკრულებების შეწყვეტისა და მშენებლობის პროცესის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, მყიდველთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების შეწყვეტის, გადახდილი თანხების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ჯარიმების მოთხოვნის თავიდან აცილების მიზნით.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადი დარიცხული იქნა ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ გადახდილ ნასყიდობის ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობაზე, რომელიც ჩაითვალა კომპანიის მიერ მიღებულად. შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორი მიერ მიღებულ სარგებლად.

მყიდველთა მიერ გადაუხდელი თანხები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და უნდა ჩაითვალოს მყიდველთა მიმართ გადაუხდელ საჯარიმო თანხებში გაქვითულად, შესაბამისად, არ უნდა დაიბეგროს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.

ხოლო, ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ გადახდილ ნასყიდობის ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა უნდა დაიბეგრო მოგების გადასახადით არა ფართების გადაფორმების მომენტში, არამედ შენობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში, როცა საბოლოოდ გადაეცემა მყიდველს ქონებასთან დაკავშირებული სარგებელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს მიღებული რეალიზებული ფართების ღირებულება. შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებული ფართების ღირებულების სრულად მიღებულად ჩათვლას და დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად კვალიფიცირებას, ვინაიდან გაყიდული ფართების გადაფორმების დროს საჯარო რეესტრში წარდგენილ საბოლოო ხელშეკრულებებში სიტყვები „ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად“, ჩაიწერა ნასყიდობის ხელშეკრულებების შეწყვეტისა და მშენებლობის პროცესის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით. მყიდველთა მიერ გადაუხდელი თანხები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და უნდა ჩაითვალოს მყიდველთა მიმართ გადაუხდელ საჯარიმო თანხებში გაქვითულად. ხოლო, ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ გადახდილ ნასყიდობის ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა უნდა დაიბეგრო მოგების გადასახადით არა ფართების გადაფორმების მომენტში, არამედ შენობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში, როცა საბოლოოდ გადაეცემა მყიდველს ქონება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებები და კვლავაც აღნიშნა, რომ მშენებლობის ვადები დარღვეული იქნა მნიშვნელოვნად, ამდენად, რეესტრში წარდგენილ ხელშეკრულებებში ჩაიწერა რომ „ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად“, თუმცა აღნიშნული თანხები მყიდველების მიერ არ არის გადახდილი. საბოლოო ჯამში დაბეგვრას აპირებდნენ მშენებლობის დასრულების, ექსპლოატაციაში შესვლის მომენტში. ბუღალტრულად მიუღებელი თანხები მოთხოვნაში უზის და როცა მიიღებდნენ მაშინ დაბეგრავდა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით იხელმძღვანელა, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს მიღებული რეალიზებული ფართების ღირებულება. ამასთან, ეცადა მყიდველებთან დაკავშირებას, მაგრამ მხოლოდ 2 პირთან მოხდა დაკავშირება, რომლებმაც დაადასტურეს თანხების სრულად გადახდა.

მომჩივანს არც დავის წარმოების პროცესში შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. რეალიზებული ფართების სრულად მიღებულად განხილვა და შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ქალაქ ------ში, -----ს ქ. №---ში, დაწყებულია 2016 წლიდან. კორპუსი ფაქტობრივად დასრულებულია. საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან და ფართების 100% რეალიზებულია. შემოწმების შედეგად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა ფიზიკურ პირებზე გადაფორმებული ბინების ღირებულებები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების მიხედვით მართლზომიერად იქნა განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ თანხას. დარიცხვა გამოწვეულია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნული მიზეზით, კერძოდ, იმის გამო, რომ რეალიზებული ფართების ღირებულება შემოწმებით ჩაითვალა კომპანიის მიერ სრულად მიღებულად. ვინაიდან, კომპანიას მყიდველებისგან თანხები ფაქტობრივად სრულად არ მიუღია, გაყიდული ფართების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი დღგ-ით უნდა დაიბეგროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში. არ შეიძლება ჩაითვალოს მშენებლობა დასრულებულად და ფართები ექსპლოატაციაში შეყვანილად, ვინაიდან შემოწმების პერიოდში არ არის მშენებლობის დასრულებისათვის (კორპუსის ჩაბარებისათვის) მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულებული, როგორიცაა ელ. ენერგიის და გაზის შეყვანაგამრიცხველიანობა, წყლის შეყვანა, პარკინგის ჩასასვლელი არ არის მოწყობილი და ეზო არ არის მოწესრიგებული სათანადოდ და ა.შ. ამდენად, მიაჩნია, რომ ფართების რეესტრში გადაფორმების ფაქტი არ უნდა იქნეს მიჩნეული დღგ-ით დაბეგვრის დროის საფუძვლად და ნარჩენი თანხების (მთლიან ღირებულებას გამოკლებული ავანსის სახით დაბეგრილი თანხები) დაბეგვრა უნდა განხორციელდეს კორპუსის ექსპლოატაციაში შესვლის მომენტში, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან და შემოწმების ეტაპზე რეალიზებულია ფართების 100%. შემოწმებით, დღგით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა ფიზიკურ პირებზე გადაფორმებული ბინების ღირებულებები.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიას მყიდველებისგან თანხები ფაქტობრივად სრულად არ მიუღია, გაყიდული ფართების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი დღგ-ით უნდა დაიბეგროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში. არ შეიძლება ჩაითვალოს მშენებლობა დასრულებულად და ფართები ექსპლოატაციაში შეყვანილად, ვინაიდან შემოწმების პერიოდში არ არის მშენებლობის დასრულებისათვის (კორპუსის ჩაბარებისათვის) მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულებული, ელ. ენერგიის და გაზის შეყვანა-გამრიცხველიანობა, წყლის შეყვანა და ა.შ.. ფართების რეესტრში გადაფორმების ფაქტი არ უნდა იქნეს მიჩნეული დღგ-ით დაბეგვრის დროის საფუძვლად და ნარჩენი თანხების (მთლიან ღირებულებას გამოკლებული ავანსის სახით დაბეგრილი თანხები) დაბეგვრა უნდა განხორციელდეს კორპუსის ექსპლოატაციაში შესვლის მომენტში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისგან განსხვავებული გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაბეგვრა განხორციელდა ფართების გადაფორმების მომენტში.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია მართებულად. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. მიწის მეპატრონეებზე ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად (ბარტერად) განხილვა, შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ქალაქ ------ში, -----ს ქ. №55-ში, დაწყებულია 2016 წლიდან. დღეის მდგომარეობით კორპუსი ფაქტობრივად დასრულებულია. საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან და ფართების 100% რეალიზებულია. კომპანიამ მშენებლობა დაიწყო ფიზიკური პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის პირობით (ბარტერი). ბარტერის ფარგლებში გადასაცემი ბინები გადასახადის გადამხდელს არ აქვს განხილული დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმების მიერ აღნიშნული ფართების გადაცემა ჩაითვალა კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევად, რომლის საბაზრო ღირებულებაც განისაზღვრა გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით.

აგრეთვე, დასაბეგრ ბრუნვებში დამატებით ასახვას დაექვემდებარა სხვა დანარჩენ პირებზე (ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული იქნა იმავე პერიოდში რეალიზებული ფართების სხვა მყიდველების ფასები) გადაფორმებული ბინების ღირებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციაზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ში დამატებით თანხების დარიცხვა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მიწის მეპატრონეებზე ფართების გადაცემა განიხილა გრძელვადიან კონტრაქტად და აღნიშნული ფართების ღირებულების დაბეგვრა განხორციელდა გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნების შესაბამისად, ყოველი საანგარიშო წლის დეკემბერში, ხოლო ფართების სრული დაბეგვრა განხორციელდა ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს.

შემმოწმებლის მიდგომას მიწის მეპატრონეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების ნაწილში ეთანხმება. თუმცა კომპანიის მიერ აღნიშნული არ განხილულა გრძელვადიან კონტრაქტად, კონტრაქტის საფუძველზე გადასაცემი ფართების დღგ-ით დაბეგვრას გეგმავდა შენობის ექსპლოატაციაში შეყვანის დროს, რომელიც არ იყო დამდგარი ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა მშენებლობა დაიწყო ფიზიკური პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის პირობით (ბარტერი). ბარტერის ფარგლებში გადასაცემი ბინები გადასახადის გადამხდელს არ აქვს განხილული დასაბეგრ ოპერაციად, რომლის საბაზრო ღირებულებაც განისაზღვრა გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნული ბინების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვებში ასახვას 10%-იანი ფასნამატით ხარჯის პროპორციულად ხარჯის გაწევის პერიოდის ბოლოს. ტექნიკურად გადაანგარიშდა ბარტერის ფარგლებში დასაბეგრი ბინების ღირებულება გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიდგომას მიწის მეპატრონეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების ნაწილში ეთანხმება. თუმცა კომპანიის მიერ აღნიშნული არ განხილულა გრძელვადიან კონტრაქტად, კონტრაქტის საფუძველზე გადასაცემი ფართების დღგ-ით დაბეგვრას გეგმავდა შენობის ექსპლოატაციაში შეყვანის დროს, რომელიც არ იყო დამდგარი ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკითხს ხელშეკრულებების გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების ნაწილში ეთანხმება, დაბეგვრას შენობის ექსპლოატაციაში შესვლის მომენტში აპირებდნენ, რადგან არ იყო დასრულებული ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობები, როგორიცაა ელექტრო ენერგიის, გაზის, წყლის 10 შეყვანა და ა.შ, რაც აუცილებელია ექსპლოატაციაში შესაყვანად, ამაზე საჩივარშიც მიუთითებს, ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავისგან) გათავისუფლებას.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციაზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 147 044 ლარი და განესაზღვრა საურავი 50 075.41 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვის საფუძველი ძირითადად გახდა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულებები შედგენილი იქნა არასწორად, რაც გამოიხატა იმაში, რომ მიუხედავად იმის, რომ თანხები არ იყო მყიდველების მიერ სრულად გადახდილი, ხელშეკრულებებში ჩაიწერა „სრულად არის გადახდილი“ ნაცვლად იმისა, რომ ნასყიდობის ფასების დაკორექტირება მოეხდინა საბოლოო ხელშეკრულებით.

დღგ-ის ნაწილშიც ძირითადად დარიცხვა განაპირობა იგივე მიზეზმა, კერძოდ, საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულების არასწორად შედგენამ. აგრეთვე მიწის მეპატრონეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების არასწორად დაკვალიფიცირებამ. შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს, თითქმის იგივე ოდენობით, თავადვე დაირიცხავდა შენობის ექსპლოატაციაში შეყვანის მომენტში და მათი მიზანი არ ყოფილა გადასახადის შემცირება ან დამალვა, ხოლო დარიცხვები განაპირობა მათმა შეცდომამ, ხოლო სხვა კუთხით გადასახადებს კეთილსინდისიერად იხდიდა დაფუძნების დღიდან.

კომპანია ვინაიდან იყო გამოუცდელი, მისი პირველივე პროექტი აღმოჩნდა ზარალიანი, რადგან მშენებლობის ვადების დარღვევა მოუწია მნიშვნელოვნად, შესაბამისად არ გააჩნია ფულადი რესურსი, რომ შეძლოს დარიცხული თანხის სრულად გადახდა, გადასახადის თანხის გადახდას შეძლებს ეტაპობრივად.

მომჩივანი ითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და დაკისრებული ჯარიმა-საურავების პატიებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხიმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეალიზებული ფართების ღირებულების სრულად მიღებულად და დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა, შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. რეალიზებული ფართების სრულად მიღებულად განხილვა და შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

3. მიწის მეპატრონეებზე ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად (ბარტერად) განხილვა, შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართებიდან მიღებული თანხის ოდენობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს მიღებული რეალიზებული ფართების ღირებულება. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფულის მოძრაობის მიხედვით, გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, განსაზღვრულმა ფულის ნაშთმა შეადგინა 447 140 ლარი. შემოწმებით, აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 558 925 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაწყებულია 2016 წლიდან. კორპუსი ფაქტობრივად დასრულებულია. საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან და ფართების 100% რეალიზებულია. შემოწმების შედეგად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა ფიზიკურ პირებზე გადაფორმებული ბინების ღირებულებები.

3. კომპანიამ მშენებლობა დაიწყო ფიზიკური პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემის პირობით (ბარტერი). ბარტერის ფარგლებში გადასაცემი ბინები გადასახადის გადამხდელს არ აქვს განხილული დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმების მიერ აღნიშნული ფართების გადაცემა ჩაითვალა კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევად, რომლის საბაზრო ღირებულებაც განისაზღვრა გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით. აგრეთვე, დასაბეგრ ბრუნვებში დამატებით ასახვას დაექვემდებარა სხვა დანარჩენ პირებზე (ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული იქნა იმავე პერიოდში რეალიზებული ფართების სხვა მყიდველების ფასები) გადაფორმებული ბინების ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

4. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 147 044 ლარი და განესაზღვრა საურავი 50 075.41 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2)(3)(10)(11"ა"), 19(1), 73(9"ბ"), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2)(6"ბ"), 16(1)(2), 101(1), 154(1"ა"), 14(1"ა"), 8(10), 269(7).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა")(6)(8).