ბრძანება N 3257

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.02.2023
№ დოკუმენტი 3257
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3257

22.02.2023

ბრძანება

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 15 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 15 ნოემბრის №76449/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №056-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და აღნიშნულის საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს. მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გააჩნდა 6 132 467 ლარის კრედიტორული დავალიანება, ამასთან, საქონელი უსასყიდლოდ არ მიწოდებულა, რადგან ჰქონდათ მყიდველების მხრიდან დებიტორული დავალიანების დაფარვის პირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის №6795 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 12 თებერვლიდან 2022 წლის 16 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 12 ოქტომბრის №25998 ბრძანება და 13 ოქტომბრის №056-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 154 025 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 163 784 ლარი, ჯარიმა 774 821 ლარი და საურავი 215 420 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„კომპანიის საქმიანობის საგანია ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტ-რეექსპორტი. ფიზიკური პირებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს ---------- რესპუბლიკაში. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ---------- კომპანია „----------“-ს ერიცხება დებიტორული დავალიანება 5 653 948 ლარი (1 757 085 აშშ დოლარი) და ----------“-ს 1 592 959 ლარი (495 046 აშშ დოლარი), რომელიც წარმოშობილია 2020 წლის თებერვლის თვიდან 2022 წლის 16 მარტამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით დებიტორული დავალიანება ძირითადად მზარდია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია, რითიც დასტურდება აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ), წარმოდგენილია კომპანიებს შორის გაფორმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდება დებიტორული დავალიანების არსებობა.

შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დებიტორული დავალიანება განხილულ იქნა არარეზიდენტისთვის შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, სესხად გაცემული თანხების დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახდის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. “

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ხოლო ამ მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ---------- რესპუბლიკის რეზიდენტ ორ კომპანიასთან მიმართებით ერიცხება დებიტორული დავალიანება, რომელიც წარმოშობილია შესამოწმებელ პერიოდში. ვინაიდან შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმებით დებიტორული დავალიანება ჩაითვალა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, დაბრუნებულ თანხებთან მიმართებით, განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დავალიანების დაფარვის ხანდაზმულობა ჯერ არ დამდგარა, კოპანიას აქვს პირობა მყიდველების მხრიდან დებიტორული დავალიანების დაფარვის თაობაზე და ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა მოკლებულია საფუძველს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში საწარმოს გააჩნდა 6 132 467 ლარის კრედიტორული დავალიანება და ფინანსურად გაუმართლებელია ამ პირობებში 1 163 784 ლარის ოდენობის მოგების გადასახადის დარიცხვა, ვინაიდან საწარმო ვერ მიიღებდა 1 114 440 ლარზე მეტი ოდენობის სარგებელს. გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილია მყიდველ კომპანიებთან გაფორმებული ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და საბანკო ამონაწერი.

მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ საჩივარზე დართული საბანკო ამონაწერების მიხედვით, დღემდე მიმდინარეობს არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით თანხების გადმორიცხვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს რესპუბლიკის რეზიდენტ ორ კომპანიასთან მიმართებით ერიცხება დებიტორული დავალიანება, რომელიც წარმოშობილია შესამოწმებელ პერიოდში. ვინაიდან შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმებით დებიტორული დავალიანება ჩაითვალა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, დაბრუნებულ თანხებთან მიმართებით, განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დავალიანების დაფარვის ხანდაზმულობა ჯერ არ დამდგარა, კოპანიას აქვს პირობა მყიდველების მხრიდან დებიტორული დავალიანების დაფარვის თაობაზე და ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა მოკლებულია საფუძველს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში საწარმოს გააჩნდა 6 132 467 ლარის კრედიტორული დავალიანება და ფინანსურად გაუმართლებელია ამ პირობებში 1 163 784 ლარის ოდენობის მოგების გადასახადის დარიცხვა, ვინაიდან საწარმო ვერ მიიღებდა 1 114 440 ლარზე მეტი ოდენობის სარგებელს. გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილია მყიდველ კომპანიებთან გაფორმებული ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და საბანკო ამონაწერი.

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3„ზ“); 275.