ბრძანება N 2570

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2023
№ დოკუმენტი 2570
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2570

13.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 10 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 10 ნოემბრის №76245/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №005-158 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში დარიცხულ თანხებს.

2. არ ეთანხმება საკურსო სხვაობების გამო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.

3. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 მაისის №15385 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 ოქტომბრის №26541 ბრძანება და ამავე თარიღის №005-158 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 027 987 ლარი, მათ შორის, გადასახადი 518 542 ლარი, ჯარიმა 279 405 ლარი, საურავი 230 040 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„1. შპს „----------“ დამფუძნებლებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები „----------“ (პ/ნ ----------) და „----------“ (პ/ნ ----------). ამასთან, ხსენებული პირები არიან შპს „----------“ (ს/ნ ----------) დამფუძნებლები. 2020 წლის 1 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „----------“ და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შორის შპს „----------“ 100%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. თანხის გადახდა ხორციელდება პერიოდულად სალაროს მეშვეობით (სალაროს ნაშთი 2020 წლის იანვრის თვიდან იზრდება თანდათან ანგარიშვალდებული პირების შენატანებით) 2020 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს. ბიზნეს შემფასებელმა შეაფასა შეფასების ეფექტური თარიღისათვის შპს „----------“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტისათვის, შემფასებელი არ იძლევა აღნიშნული ანგარიშის სხვა მიზნებისათვის გამოყენების უფლებას. შეფასება დაეყრდნო 2020 წლის 31 მაისის ფინანსურ ანგარიშებს და შესაბამისად, შეფასების ეფექტური თარიღია 2020 წლის 31 მაისი. საბოლოოდ, შემფასებლის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დასკვნაში წარმოდგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) 100%- იანი წილის საბაზრო ღირებულება 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენს 320 000 აშშ დოლარს. ამასთან, შეფასების ანგარიშში მოცემულია კომპანიის ბალანსის და მოგება-ზარალის წინა პერიოდების მოკლე მიმოხილვა, რის მიხედვითაც 2017, 2018, 2019 და 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „----------“-ის კაპიტალი შეადგენს შესაბამისად -2 943, -2 983, -18 863 და -27 892 ლარს. ვინაიდან ორივე საწარმოს (შპს „----------“ და შპს „მნკ „----------“) დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან შპს „----------“ შეისყიდა შპს „----------“ 100%-იანი წილი, ფ/პ „----------“ და ფ/პ „----------“ ირიბად კვლავ ფლობენ შპს „----------“ 100%- იან წილს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების საფუძველზე, განისაზღვრა ჩასათვლელი მოგების თანხა 31 048 ლარით.

2. შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ მომსახურებას უწევს სს „----------“ (ს/ნ ----------), კერძოდ, ახორციელებს „----------“ ქუჩის მილების მონტაჟის სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაფორმებულია ხელშეკრულება რომლის მიხედვით, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 12 532 352 ლარი. თავის მხრივ, სს „----------“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „----------“-თან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ფინანსდება „----------“ მიერ. შპს „----------“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (1.8368) გათვალისწინებით. საკურსო სხვაობის გამო კომპანიამ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით მიიღო მეტი შემოსავალი ლარში. სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად.

ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში (ლარი და დოლარი) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ უნდა იქნას ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად (კომპენსაციის 30%-ის ანაზღაურდება ლარში, ხოლო 70% დოლარში). შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს პირის მიერ როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომპენსაციის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება უცხოურ ვალუტაში ანაზღაურებას უნდა გადაანგარიშდეს ლარში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დღისთვის დოლარის ლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „----------“ დამფუძნებლების და თავად საწარმოს პირდაპირი ინტერესი იყო კომპანიის აქტივების ზრდის მეშვეობით გამხდარიყო მეტად მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის, ვინაიდან შპს „----------“ ფლობს ---------- მ2 მიწის ნაკვეთს „----------“ მიმდებარედ და ---------- მ2-ს მასზე განთავსებული უეკლო მაყვლის ბაღით ქალაქ „----------“. ამდენად, შპს „----------“ მიერ შპს „----------“ შეძენა იყო სრულიად განპირობებული კომპანიის გაძლიერებით და გამიზნულად ემსახურებოდა კომპანიის ბიზნეს-ოპერირების ზრდა-განვითარებას. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „----------“ წმინდა აქტივების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება შეფასების მომენტში კომპანიის შეფასებული წილის ოდენობას (320000 აშშ დოლარი), ამიტომ მხოლოდ შემოსავლების მეთოდით წილის ღირებულების შეფასებაზე აპელირება საფუძველს მოკლებულია. შპს „----------“ საკუთრებაში არსებული მიწების საბაზრო ღირებულების კიდევ ერთხელ განსაზღვის მიზნით 2022 წლის 13 ოქტომბერს მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მიღებული დასკვნით მიწების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ჯამურად 1 346 660 ლარით, რაც ვალდებულებების არარსებობის გათვალისწინებით მესაკუთრეთა კაპიტალის ტოლფასია. გადამხდელი განმარტავს, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს ჰორიზონტალურად განვითარებული ორი კომპანიის ნაცვლად ერჩიათ, შეექმნათ ჰოლდინგური ტიპის ვერტიკალურად განვითარებული ძლიერი ორი კომპანია (სამშენებლო/სამონტაჟო მიმართულება - დედა კომპანია და სასოფლო სამეურნეო მიმართულება - შვილობილი საწარმო), რომელთა კონსოლიდირებული ბალანსი ფასების მიხედვით მნიშვნელოვან სტაბილურ და მომგებიან ფინანსურ სურათს შექმნიდა და რომლებიც კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის ნაწილში შესული ცვლილებების გამო, ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემდათ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „----------“ დამფუძნებლები არიან „----------“ და „----------“. ამასთან, ხსენებული პირები არიან შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) დამფუძნებლებიც. 2020 წლის 1 ივნისს შპს „----------“-სა და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „----------“-ის 100%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ, ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. თანხის გადახდა ხორციელდებოდა პერიოდულად სალაროს მეშვეობით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს. ვინაიდან შპს „----------“ და შპს „----------“ დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე ფიზიკური პირები და 2021 წლის 15 იანვრიდან შპს „----------“-ს მიერ შპს „----------“-ის 100%-იანი წილის შესყიდვის შემდგომ ხსენებული პირები ირიბად კვლავ ფლობენ შპს „----------“-ის 100%-იან წილს, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა დივიდენდის გაცემად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისივე დამფუძნებლებისათვის შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა საგადასახადო შემოწმების პოზიცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშგების წესი თავდაპირველად განსაზღვრული იყო „----------“-ს და შპს „----------“-ს შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ყველა პირობა გავრცელდა შპს „----------“-ზე, როგორც ძირითადი ხელშეკრულების მონაწილე მხარეზე უცვლელად, კერძოდ, ხელშეკრულების ფასი განსაზღვრული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ანაზღაურება ხორციელდებოდა ორ ვალუტაში - აშშ დოლარში და ქართულ ლარში. შპს „----------“-ს მიერ წარსადგენი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის წესების შესახებ შპს „----------“-ის მიერ განემარტათ, რომ ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოწერილიყო იმ თანხაზე, რაზეც გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების მ/ჩ აქტი (ფორმა №2), ხოლო ანაზღაურება განხორციელდებოდა ორ ვალუტაში - აშშ დოლარში ფიქსირებული კურსით და ქართულ ლარში.

მომჩივანი ასევე მიუთითებს 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას: გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით საკურსო სხვაობების გამო დღგ-ით დასაბეგრი ბაზის კორექტირება შემოწმების მიერ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადახდების განხორციელების დროს მიღებული შემოსავალი თუ დანაკლისი, რაც გამოიხატება ადგილობრივ ვალუტაში, წარმოადგენს მხოლოდ კურსთა შორის სხვაობით მიღებულ შემოსავალს/დანაკლისს და არ იცვლება კონკრეტული ოპერაციის სახელშეკრულებო ღირებულება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ მომსახურებას უწევს სს „----------“-ს (ს/ნ ----------), კერძოდ, ახორციელებს „----------“ მილების მონტაჟის სამუშაოებს. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 12 532 352 ლარი. სს „----------“-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „----------“-თან, ხოლო პროექტი ფინანსდება „----------“ მიერ. შპს „----------“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (1.8368) გათვალისწინებით. საკურსო სხვაობის გამო კომპანიამ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით მიიღო მეტი შემოსავალი ლარში. აღნიშნული სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად. ხოლო საგადასახადო შემოწმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნა ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა პირის მიერ როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში დარიცხულ თანხებს.

2. არ ეთანხმება საკურსო სხვაობების გამო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.

3. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირები ასევე არიან სხვა კომპანიია დამფუძნებლები. 2020 წლის პირველ ივნისს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით კომპანიია 100%-იანი წილის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში. აღნიშნული თანხის გადახდა ხორციელდება პერიოდულად სალაროს მეშვეობით (სალაროს ნაშთი 2020 წლის იანვრის თვიდან იზრდება თანდათან ანგარიშვალდებული პირების შენატანებით) 2020 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს. ბიზნეს შემფასებელმა, შეაფასა შეფასების ეფექტური თარიღისათვის კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტისათვის, შემფასებელი არ იძლევა აღნიშნული ანგარიშის სხვა მიზნებისათვის გამოყენების უფლებას. შეფასება დაეყრდნო პირის 2020 წლის 31 მაისის ფინანსურ ანგარიშებს და შესაბამისად შეფასების ეფექტური თარიღია 2020 წლის 31 მაისი. საბოლოოდ, შემფასებლის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დასკვნაში წარმოდგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შესახებ მოსაზრება 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენს 320 000 აშშ დოლარს. ამასთან, შეფასების ანგარიშში მოცემულია კომპანიას ბალანსის და მოგება-ზარალის წინა პერიოდების მოკლე მიმოხილვა, რის მიხედვითაც კომპანია 2017, 2018, 2019 და 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით სულ კაპიტალი შეადგენს შესაბამისად (2 943), (2 983), (18 863), (27 892) ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შესაბამისად, ვინაიდან ორივე კომპანიის დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები, იგივე პირები არიან მომჩივანის დამფუძნებლები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან მომჩივანმა შეისყიდა კომპანიის 100%-იანი წილი, ფიზიკური პირები ირიბად კვლავ ფლობენ კომპანიის 100%-იან წილს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით, ასევე, გათვალისწინებული იქნა მოგების გადასახადის ჩათვლა. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორივე კომპანია (მათ შორის მომჩივანი) იყვნენ 2 დამოუკიდებელი სუბიექტი, კომპანიას ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი, ანუ არის სასოფლო-სამეურნეო საწარმო. კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 13.10.2022 წლის დასკვნით განისაზღვრა 485 ათასი აშშ დოლარი. მოჩივანის მიერ კომპანიის შეძენა განპირობებული იყო კომპანიის გაძლიერებისთვის და საინვესტიციო მიმზიდველობიდან გამომდინარე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით, წილის ნასყიდობაზე კვალიფიკაციის შეცვლის გამო დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა უსაფუძვლოდ მიაჩნია. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს გააჩნდა დიდი ოდენობით გაუნაწილებელი მოგება, რომლის დივიდენდის სახით გაცემა არ მომხდარა, მომჩივანსა და ფიზიკურ პირებს (რომლებიც, ერთდროულად არიან ორივე კომპანიის დამფუძნებლები) შორის კომპანიის 100%-იანი წილის 1.06.2022 წლის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით წილის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში. აღნიშნული თანხის გადახდა ხორციელდებოდა პერიოდულად სალაროს მეშვეობით. ვინაიდან ფიზიკური პირები არიან მომჩივანის დამფუძნებლები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან მომჩივანმა შეისყიდა კომპანიის 100%-იანი წილი, ფიზიკური პირები ირიბად კვლავ ფლობენ კომპანიის 100%-იან წილს.

2. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას (მილების მონტაჟის სამუშაოები) უწევს სააქციო საზოგადოებას, რაზეც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება და მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 532 352 ლარს. მომჩივანის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხდება შემდეგნაირად: გაწეული მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - დოლარში (გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით). საკურსო სხვაობის გამო მომჩივანმა ლარში მიიღო კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით მეტი შემოსავალი, რაც გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად მოხდა განხილვა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სამეურნეო ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები ვერ გახდება საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ამ ნაწილში შემცირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი. მე-3 სადავო ნაწილთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,10); 97(1„ა“); 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 179(1„გ“); 272; 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)