გადაწყვეტილება №22258/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22258/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, რუხაძის შემადგენლობით, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22258/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №047-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32160 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 387 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 7 021
ჯარიმა - 3 511
საურავი - 4 855
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---------- მდებარე სახერხში ხის მასალის გადამუშავება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერი და ელ-ენერგიის ხარჯვის დოკუმენტები. ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემები და ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დახერხილი მზა პროდუქციის რაოდენობების და ღირებულებების შესახებ, გადამხდელის შემოსავალი წლების მიხედვით განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ელ-ენერგიის ხარჯის შესაბამისად გაანგარიშდა დახერხილი მასალის რაოდენობა. აღნიშნული მონაცემი აღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის ობიექტიდან. ვინაიდან მომჩივანს არ აქვს განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, თითოეული კუბური მეტრის დახერხვის ღირებულებაც გაანგარიშებულ იქნა სხვა ანალოგიური ობიექტის დოკუმენტური ფასის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, განისაზღვრა ელ-ენერგიის ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გაიზარდა ერთობლივის შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2018 წლის №25621 ბრძანება და წლის №047-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13166 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის ლენტური ხერხის ხარჯისა და ელ. ენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება, ხოლო დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში ეხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და პირის საგადასახდო ვალდებულება განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის 4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13166 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.11.2020 წლის №047-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის №13166 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.03.2023 წლის №047- 6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.09.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 456 ლარით, მათ შორის: გადასახადი 304 ლარით, ჯარიმა 152 ლარით, რაზეც გამოიცა 3.10.2023 წლის №24330 ბრძანება და №047-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32160 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, წინარე საჩივრებში და ამჯერადაც ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნას დაბეგვრის პირდაპირი მეთოდი და განესაზღვროს გადასახადები კანონით დადგენილი ზუსტი ოდენობით. მიაჩნია, რომ სრულად მოახდინა გადამუშავებული საქონლის დეკლარირება-ანგარიშსწორება.
ითხოვს საქმე, მის მიმართ დაბეგვრის პირდაპირი მეთოდის გამოყენებისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.09.2023 წელს გამოცემული დასკვნით, განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში გამოიყენა 16 ცალი ლენტური ხერხი, რომლის ფასი დღის მდგომარეობით შეადგენს 95 ლარს. შესაბამისად 1 520 ლარით (16*95=1 520) გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 456 ლარით, მათ შორის: გადასახადი 304 ლარით, ჯარიმა 152 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ და არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახერხში ხის მასალის გადამუშავება. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.09.2023 წელს გამოცემული დასკვნით, განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში გამოიყენა 16 ცალი ლენტური ხერხი, რომლის ფასი დღის მდგომარეობით შეადგენს 95 ლარს. შესაბამისად 1 520 ლარით (16*95=1 520) გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 456 ლარით, მათ შორის: გადასახადი 304 ლარით, ჯარიმა 152 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);105(2);