გადაწყვეტილება №18957/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18957/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18957/2/2023

16.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "------" (პ/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 22.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18957/2/2023).

დავის საგანი:

პროცენტის სახით მიღებული შემოსავლების დაბეგვრა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №001-453 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12646 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 18 210 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 11 548

ჯარიმა - 3 992

საურავი - 2 670

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა იპოთეკური სესხების გაცემა. სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 17.12.2021 წლამდე პერიოდი.

 

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს არ აქვს წარდგენილი 2018-2020 წლების წლიური საშემოსავლო დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მომჩივანს 2018-2020 წლებში გაცემული აქვს სესხები უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულებების საფუძველზე. ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და იპოთეკით დატვირთულია მსესხებლების საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ქონება.

საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებები განსაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით. კერძოდ, სესხის გაცემისა და დაბრუნების (შეწყვეტის) პერიოდების, გასესხებული და დაბრუნებული თანხების ოდენობის, საპროცენტო განაკვეთის და გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საპროცენტო შემოსავლები, რომელმაც 2018 წელს შეადგინა 2 559 ლარი, 2019 წელს 19 531 ლარი, 2020 წელს 17 826 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 138-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით (20%) (2018 წელს 512 ლარი, 2019 წელს 3 906 ლარი, 2020 წელს 3 565 ლარი, სულ 7 983 ლარი) და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №001-453 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12646 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 79- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 136-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 138-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანს 2018-2020 წლებში გაცემული აქვს სესხები უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულებების საფუძველზე. ფიზიკურ პირს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში და იპოთეკით აქვს დატვირთული მსესხებლების საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ქონება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ 21.12.2021 წლის შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხის დასაბუთება არ არსებობს. სადავო სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რადგანაც არ გაუცია სარგებლიანი სესხი და შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა არასწორად შეაფასა ოპერაცია. 2.02.2023 წელს წარმოდგენილი №12646 ბრძანება არის დაუსაბუთებელი.

არ განხორციელებულა რაიმე სახის სარგებლიანი სესხის გაცემა და შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12646 ბრძანება მომჩივანს 2-ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან მომჩივანი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხამრებელი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 29.07.2022 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანების საჯაროდ გავრცელება.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2023 წლის №"------" წერილით წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12646 ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა მისამართზე: "------" გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს, დაბრუნების მიზეზად მითითებულია, რომ მისამართი არასრულია. აღნიშნული ბრძანება მომჩივანს მეორედ გაეგზავნა მისამართზე: "------". გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს, მიზეზად მითითებულია, რომ მისამართზე არავინ იყო და კურიერმა დატოვა შეტყობინება

საბჭო მიუთითებს, რომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების კანონმდებლობით გათვალისწინებული პორცედურები დაცული არ არის, დოკუმენტის პირველ ჯერზე გაგზავნის შემთხვევაში დაფიქსირებულია არასრული მისამართი, რის გამოც გზავნილი ვერ ჩაბარდა. აღნიშნული დასტურდება საფოსტო უკუგზავნილზე არსებული ჩანაწერითაც, რომ მისამართი არასრულია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 27.01.2023 წლის განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე მომჩივანს 1.02.2023 წლის №"------"წერილით ეცნობა, რომ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12646 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 29.07.2022 წელს და აგრეთვე გაეგზავნა აღნიშნული ბრძანების ასლი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 1.02.2023 წლის №"------" წერილი ჩაბარდა 2.02.2023 წელს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 21.02.2023 წელს.

ვინაიდან დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისას დარღვეულია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადა უნდა აითავლოს მომჩივნის მიერ სადავო აქტის ჩაბარების თარიღიდან. შესაბამისად, საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დაცვით.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

მომჩივნის განმარტებით, არ განხორციელებულა რაიმე სახის სარგებლიანი სესხის გაცემა და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ აქტები მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად.

აღნიშნული არგუმენტის საპირისპიროდ, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს 2018-2020 წლებში გაცემული აქვს სესხები, უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულებების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებულია ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები, ასევე იპოთეკით არის დატვირთული მსესხებლების საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ქონება. გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებულია ინფორმაციები გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.