გადაწყვეტილება №25486/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25486/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25486/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 19.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25486/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის №006-125 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14538 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 40 953,45 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 22 266,10

ჯარიმა - 11 057,10

საურავი - 7 630,25

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 27 ნოემბერს, ამავე თარიღში არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. 2024 წლის 2 სექტემბერს მინიჭებული აქვს დღგ-ის გადამხდელის არაკვალიფიციური სტატუსი.

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის სახელზე რეგისტრირებული იყო სალარო აპარატი (DY----- ამჟამად გაუქმებული) და ბანკის პოსტერმინალები (POS--- და RS---ამჟამად გაუქმებული), შესაბამისად ანგარიშსწორება ხორციელდებოდა, როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდოდ. შესამოწმებელ პერიოდებში სალაროს აპარატის და პოსტერმინალების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის №006-125 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14538 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში აუდიტორი გაანგარიშებისას დაეყრდნო მხოლოდ მის ხელთარსებულ მონაცემებს, რის შედეგადაც გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვებს დაამატა დამატებით შემოსავალი, რომელიც მიღებულია საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალის მეშვეობით. გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქონელის მიწოდებას, რომელიც გათავისუფლებულია დღგისგან. დღგ-ის დეკლარაციაში ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაუბეგრავი სოფლის მეურნეობის საქონლის რეალიზაციიდან, არ არის ასახული დეკლარაციის შედგენისას დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე. ამ შეცდომის აღიარებისას და ქმედითი ზომების მიღების მიზნით, სასურველია მოხდეს ამ შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში.

აღნიშნულის შედეგად, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს, რადგან ის ნაწილი, რომელიც დაუბეგრავია საქონლის მიწოდებიდან არის მიღებული და არ მოიცავს დღგ-ის დაბეგვრის ვალდებულებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ანგარიშსწორებას ახორციელებდა, როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდოდ. შესამოწმებელ პერიოდებში სალარო აპარატის და პოსტერმინალების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქონლის მიწოდებას, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციაში ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაუბეგრავი სოფლის მეურნეობის საქონლის რეალიზაციიდან, არ არის ასახული დეკლარაციის შედგენის შეცდომიდან გამომდინარე. ამ შეცდომის აღიარებისას და ქმედითი ზომების მიღების მიზნით, სასურველია მოხდეს ამ შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის სახელზე რეგისტრირებული იყო სალარო აპარატი და ბანკის პოსტერმინალები , შესაბამისად ანგარიშსწორება ხორციელდებოდა, როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდოდ. შესამოწმებელ პერიოდებში სალაროს აპარატის და პოსტერმინალების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის №006-125 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №14538 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 163(პირველი და მე-2); 164(1);