გადაწყვეტილება №20071/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.09.2023
№ დოკუმენტი 20071/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20071/2/2023

28 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20071/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შპს ----------ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის

საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №005-220 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12366 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 214 969 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 104 965

მოგების გადასახადი - 8 179

საშემოსავლო გადასახადი - 23 174

ჯარიმა - 52 483

საურავი - 57 521

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება შპს--------------ის (ს/ნ -----------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33666 ბრძანება და №005-220 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12366 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შპს ---------- მიერ ფ/პ ----------- შეძენილი შპს ------------ის წილის ნასყიდობის ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12366 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შპს ------------ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა

შპს -------------ის დამფუძნებლები, 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, არიან ----------- (პ/ნ ------------) - 31.5%, ------------- (პ/ნ ----------) - 21%, შპს -----------(ს/ნ ------------) - 12% და შპს ------------ (ს/ნ -------------) - 35.5%. შპს ------------- 2019 წლის 23 აგვისტოს იყიდა შპს -----------ის 31% წილი ------------150 000 დოლარად. შპს --------- 100%-იანი დამფუძნებელი არის ----------- (პ/ნ ---------), ------------- მეუღლე.

მოცემულ პირობებში, ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად, ისევ სრულად ფლობს შპს-----------ის წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკვალიფიცირდა როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა მართლზომიერია, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში განაწილებულ მოგებად უნდა ჩაითვალოს ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთელი თანხა და მიიჩნევს, რომ შპს----------- მიერ ფ/პ ------------- შეძენილი შპს -------------ის წილის ნასყიდობის ღირებულება საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს შპს ------------ მიერ ფ/პ ----------- შეძენილი შპს -----------ის წილის ნასყიდობის ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს კატეგორიულად არ ეთანხმება როგორც ფაქტობრივი გარემოების აუდიტორების მიერ გაკეთებულ შეფასების, ასევე მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

1. შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად მითითებულია, რომ წილის გასხვისება „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად“. არც საეჭვო სამეურნეო ოპერაციის ტერმინს და არც ამ საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს არ იცნობს და არ იძლევა საგადასახადო კოდექსის არც 73-ე და არც რომელიმე სხვა მუხლი. სავარაუდოდ, შემმოწმებელთა მიერ აღნიშნული ტერმინი აღებულია შემოსავლების სამსახურის 28.07.2022წ. №20231 ბრძანებით დამტკიცებული „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებიდან, რაც ასევე სრულიად უსაფუძვლოა, რადგან: ა) შემოსავლების სამსახური საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს მეთოდურ მითითებებს მხოლოდ საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. მეთოდური მითითებით ვერ მოხდება საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი ვალდებულების დადგენა. ეს ტერმინიც ამ მეთოდურ მითითებაში შემოტანილია იმ მიზნით, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა საეჭვოდ მიჩნეული ოპერაცია შეისწავლოს, აღწეროს და გაანალიზოს საფუძვლიანად და ყველა შესაბამისი ქმედების ჩატარების შემდგომ მიიღოს სამართლებრივად გამართული და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) სადავო წილის გასხვისების ოპერაცია განხორციელდა 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული მეთოდური მითითება კი დამტკიცებული იქნა 2022 წლის ივლისში. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ოპერაციის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ მიღებული მეთოდური მითითების გამოყენება ამ ოპერაციის შესაფასებლად, თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით არის უსამართლო, სხვა მხრივაც რომ გამართული და სათანადოდ დასაბუთებულიც იყოს (რასაც ასევე კატეგორიულად არ ვეთანხმებით). მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მსგავსი შინაარსის ოპერაციებისათვის ასეთი კვალიფიკაციის მინიჭების პრაქტიკა შემოსავლების სამსახურს არ ქონია არც მეთოდური მითითების დამტკიცებამდე და არც მას შემდგომ, ამ სადავო აქტის შედგენამდე;

2. როგორც ზემოთაც აღნიშნა, შემოწმების მიერ ფიზიკური პირის მიერ წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე გასხვისება მიჩნეული იქნა საეჭვო ოპერაციად და საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით შეეცვალა კვალიფიკაცია. კოდექსის ამ ნორმით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საინტერესოა, ამ ოპერაციის ფორმა რა ნაწილში და რის საფუძველზე არ შეესაბამება მის შინაარსს, რაზეც აქტში არაფერია ნათქვამი. ფიზიკური პირი ----------- 2014 წლიდან ფლობდა შპს------------ის წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს და ამ წილის მფლობელი გახდა შპს--------- (რომელიც არის ფუნქციონირებადი საწარმო), საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა დაცვით. ფორმაც და შინაარსიც ცხადი და შესაბამისია ერთმანეთთან. აქ ისევ შემოსავლების სამსახურის 28.07.2022წ. №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №1 მაგალითში განხილული შემთხვევის დაუსაბუთებელ გამოყენებასთან უნდა ქონდეს ადგილი, რომლის საფუძველზეც შემმოწმებელთა აზრით აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის რეალურ მიზანს (შინაარსს) შესაძლოა წარმოადგენდეს ფიზიკურ პირზე დივიდენდის დაუბეგრავად გაცემა. წილის გამსხვისებელი პირის რეალური მიზეზი მართლაც რომ ეს ყოფილიყო (თუმცა ნამდვილად არაა ეგრე, რადგან წილის გასხვისებას მიზნად ქონდა სხვა რეალური ბიზნეს ინტერესები), ფიზიკური პირის მიერ ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობა და ამ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენება სრულიად არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შემმოწმებელთა მიერ აქტში გამოყენებული ლოგიკით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნებისმიერი შეღავათით სარგებლობა საეჭვო ოპერაციად უნდა ჩაითვალოს და შეეცვალოს კვალიფიკაცია ისე, რომ ვერ მოხდეს მისით სარგებლობა. საინტერესოა, მათ შემთხვევაში წილის გასხვისება რომ 2 წლიანი ვადის გასვლამდე მომხდარიყო და გამსხვისებელს დაებეგრა რეალიზაციით მიღებული თანხა, მაშინ რა კვალიფიკაცია მიენიჭებოდა ამ ოპერაციას, მაინც დაკვალიფიცირდებოდა დივიდენდად და კიდე დაიბეგრებოდა ერთხელ უკვე დაბეგრილი თანხა და თუ ამ შემთხვევაში არ შეეცვლებოდა კვალიფიკაცია, ე.ი. ერთიდაიგივე ოპერაცია სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად დაკვალიფიცირდებოდა ანუ, შემოწმების მიზანია, რომ გადასახადის გადამხდელმა კოდექსით დადგენილი შეღავათის გამოყენება ვერ შეძლოს?;

3. საინტერესოა, რომელი საწარმოს მიერ განაწილებულ რომელ თანხას ბეგრავს შემოწმება. როგორც შემოწმების აქტიდან ჩანს, დასაბეგრ ბაზად აღებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში და ჩაითვალა, რომ მყიდველი საწარმოს მიერ მოხდა ნასყიდობის თანხის განაწილება მოგების სახით, რაც კიდევ ერთი დიდი აბსურდია, რადგან შემოწმების აქტით (მეთოდური მითითებითაც) ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივი არის ის, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს ------------დან კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, კიდეც რომ ჩაითვალოს, რომ შემოწმების მიერ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელდა სწორად და კანონის მოთხოვნათა დაცვით (რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით), გამოდის რომ მოგების განაწილება და დივიდენდის გატანა მოხდა შპს ------------ დან და ამავე საწარმოზე უნდა მომხდარიყო ამ ოპერაციის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებაც.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი იმ ნაწილში, რომ განაწილებულ მოგებად უნდა ჩათვლილიყო ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთლიანი თანხა ხელშეკრულების დადების მომენტში. მიღებულ გადაწყვეტილებით სრულად იქნა გაზიარებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია და უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები ნათესავები არიან. ხოლო, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ შემოწმებით ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად საეჭვო ოპერაციის ტერმინის გამოყენება არამართლზომიერია. აღნიშნულ ტერმინს და ამ საფუძვლით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს არ ცნობს და არ იძლევა საგადასახადო კოდექსი, იგი გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში, რომელიც დამტკიცდა სადავო ოპერაციის განხორციელებიდან სამი წლის შემდეგ. ფ/პ ----------- 2014 წლიდან ფლობდა შპს------------ის წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შპს -----------, ფუნქციონირებად საწარმოზე. შემმოწმებლის აზრით, აღნიშნული ოპერაციის რეალურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდა ფიზიკურ პირზე დივიდენდის დაუბეგრავად გაცემა. რეალურად, ფიზიკური პირის მიერ ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობა და ამ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენება სრულიად არასამართლიანია. ასევე, საინტერესოა კომპანიის მიერ განაწილებულ რა თანხას ბეგრავს შემმოწმებელი. შემოწმების აქტით კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივი არის ის, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს -------------დან კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ ოპერაციის კვალიფიკაცია მართლზომიერად იქნა შეცვლილი, გამოდის, რომ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაეკისროს შპს ------------ს. ამასთან, განაწილებულ მოგებად უნდა ჩაითვალოს ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთელი თანხა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები.

შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის მიერ, 2019 წლის 23 აგვისტოს, შეძენილია შპს-------------ის 31% ------------ 150 000 დოლარად, ამასთან, კომპანიის 100%-იანი დამფუძნებელი არის ------------- (პ/ნ ----------), ----------) მეუღლე. ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს ----------)-ის წილს და რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების მესაკუთრის ცვლილება, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას შემოწმებით სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერად მიჩნევის და გაცემულ დივიდენდად განხილვის თაობაზე.

ამასთან, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შპს ----------) მიერ ფ/პ ----------) შეძენილი შპს ----------)-ის წილის ნასყიდობის ღირებულების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 52 483 ლარი და საურავი 57 520.82 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ითხოვა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შპს -ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება;

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს შეძენილია სხვა შპს -ის“ 31% წილი. წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს

შპს-ს წილს და რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების მესაკუთრის ცვლილება.შესაბამისად აღნიშნული, დაკვალიფიცირდა როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;19(1,2თ);73(9);97(1ა);981;100(1);102(1ზ);130;154(1ზ);269(7)