საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/7644/21

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 3/7644/21
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/7644/21

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბაია ოტიაშვილი

სხდომის მდივანი რატი გოცირიძე

მოსარჩელე- შპს ,,------"

წარმომადგენელი -რ.მ

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - რ.ღ

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ.კ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის N12961 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 08 ოქტომბრის N13080/2/2021 გადაწყვეტილება;

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხარის მითითების საფუძველზე მოხდება ხელახალი გადაანგარიშება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2020 წლის 7 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N18403 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,------"-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის აპრილის თვის სააგნარიშო პერიოდი. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 8 ივლისიდან 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

 

2020 წლის 24 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N21071 ბრძანებით, ცვლილება შევიდა 2020 წლის 7 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N18403 ბრძანებაში და ბრძანების პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „1. დაინიშნოს შპს ,,------" საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით; 2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2019 წლის 9 მარტიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 2020 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები”.

 

2020 წლის 28 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N21502 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,------"-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის პროცედურის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

2020 წლის 3 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N22506 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2020 წლის 7 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N18403 ბრძანებაში და ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2020 წლის 9 მარტიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 2020 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით”.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2020 წლის 7 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N18403 ბრძანება (ს.ფ. 128);

2020 წლის 24 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N21071 ბრძანება (ს.ფ. 152)

2020 წლის 28 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის - საგადასახადომონიტორინგის დეპარტამენტის N21502 ბრძანება (ს.ფ. 156);

2020 წლის 3 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N22506 ბრძანება (ს.ფ. 153);

 

3.2. 2020 წლის 20 აგვისტოს შპს ,,------"ის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2020 წლის 28 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N21502 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------"ის სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა საწარმოს კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა, 30 ივლისის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი იყო 0, დანაკლისი 135 000 კგ. მზესუმზირა. გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ წარუდგენია.

 

ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის რეალური ბუღალტრული ნაშთის დადგენა და შედეგების გამოყვანით, საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ გამოვლენილი იქნა დანაკლისი 135000 კილოგრამი მზესუმზირა, საბაზრო ფასით - 499 500 ლარი. დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განიხილება აღმოჩენის მომენტში განხორციელებულ მიწოდებად და ექვემდებარება დაჯარიმებას გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასის 10%-ის ოდენობით. ამასთან გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

 

გადასახადის გადამხდელს დეკლარაციით დასაბეგრი ბრუნვა ჰქონდა 1 175 860 ლარი, დასაბეგრ ბრუნვაზე გადაანგარიშებული დღგ 211 655 ლარი, ჩასათვლელი დღგ 208 387 ლარი, ბიუჯეტის კუთვნილი დღგ 3 267 ლარი.

 

შემოწმების შედეგად დასაბეგრი ბრუნვა ჰქონდა 1 175 860 ლარი, დასაბეგრ ბრუნვაზე გადაანგარიშებული დღგ 211 655 ლარი, ჩასათვლელი დღგ 208 387 ლარი, ბიუჯეტის კუთვნილი დღგ 3 267 ლარი.

 

2020 წლის 2 სექტემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N26104 ბრძანებით, შპს ,,------"-ის დაერიცხა ჯარიმა 49 950 ლარი.

2020 წლის 3 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მიერ გამოცემული იქნა N007-312 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გამოცემული იქნა 2020 წლის 2 სექტემბრის N26104 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 49 950 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2020 წლის 20 აგვისტოს შემოწმების აქტი (132-150);

2020 წლის 2 სექტემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N26104 ბრძანება (ს.ფ. 162-163);

2020 წლის 3 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N007-312 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 164-165);

 

3.3. 2020 წლის 18 ნოემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N34368 ბრძანებით შპს ,,------"-ის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

შპს ,,------".”-ის საჩივრით, მოთხოვნა იყო 2020 წლის 3 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N007-312 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რადგან არ ეთახმებოდა ჯარიმის ოდენობას. საჩივრის ავტორს პრეტენზია არ გააჩნდა გამოვლენილი დანაკლისის ოდენობაზე, რაც აღიარებული იყო 2020 წლის ივლისის მოგების დეკლარაციით. არ ეთანხმებოდა გამოვლენილ დანაკლისზე განსაზღვრულ საბაზრო ფასს. მიუთითებდა, რომ პროდუქციის ფასი განსხვავდებოდა ხარისხის მიხედვით და განსახილველ შემთხვევაში საწარმოს ქონდა დაბალი ხარისხის მზესუმზირის დანაკლისი.

 

ბრძანებაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრული იქნა სანქცია. გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საქართველოში შემოაქვს სხვადასხვა ხარისხის მზესუმზირა, ხოლო საბაზრო ფასი დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საწარმომ შემოიტანა 207 000 კგ დაბალი ხარისხის მზესუმზირა, საიდანაც 72 000 კგ. შეურია მაღალი ხარისხის მზესუმზირას. ნარევი მასა გაასხვისა მაღალი ხარისხის მზესუმზირის სარეალიზაციო ფასზე ნაკლებად. შედეგად შემოტანილი დაბალი ხარისხის მზესუმზირა დარჩა 135 000 კგ, რომელიც უმეტესად შედგებოდა ე.წ. ჩენჩოსგან და წარმოადგენდა ძირითადად ცხოველების გამოსაკვებ პროდუქტს. აღნიშნული პროდუქტი კომპანიამ გაასხვისა კილოგრამი 0,98 ლარად, შესაბამისად ჯამში 132 000 ლარად, თუმცა ეს ოპერაცია კომპანიას დოკუმენტურად არ გაუფორმებია, რამაც წარმოშვა დანაკლისი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასის გაანგარიშების საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2020 წლის 18 ნოემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N34368 ბრძანება (ს.ფ. 166- 169);

3.4. 2020 წლის 28 დეკემბერს შპს ,,------"ის საგადასახადო შემოწმება გადაანგარიშებაზე დასკვნის მიხედვით, 2020 წლის 18 ნოემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N34368 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა თავისი არგუმენტაციის დამამტკიცებელი სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

2020 წლის 30 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N39714 ბრძანებით, შპს ,,------" ის 2020 წლის 20 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

2020 წლის 30 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა N007-585 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გამოცემული იქნა 2020 წლის 30 დეკემბრის N39714 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 49 950 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2020 წლის 28 დეკემბერს შპს ,,------"საგადსახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა (ს.ფ. 175-178);

2020 წლის 30 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N39714 ბრძანება (ს.ფ. 185);

2020 წლის 30 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N007-585 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 186-187);

 

3.5. 2021 წლის 28 აპრილის სსიპ შემოსავლების სამსახურის N12961 ბრძანებით შპს ,,------" საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებული იყო, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშნველობის მქონე ყველა გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გარემოებების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობდა წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2021 წლის 28 აპრილის სსიპ შემოსავლების სამსახურის N12961 ბრძანება (ს.ფ. 194- 196);

 

3.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ, 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საქმის მასალების გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით, კერძოდ საბაჟო ინვოისების, ადგილობრივი შეძენების, შიდა გადაზიდვებისა და რეალიზაციის ზედნადებებში ტრანსპორტირებების მიმართულებებისა და რაოდენობების შესწავლით გამოიკვეთა, რომ: 2020 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირა (91 020 კგ; 4.11 ლარი) გაიყიდა იმავე თვეს 91 020 კგ; 4.16 ლარი); 2020 წლის აპრილის თვეში ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირის (106 000 კგ, 3,74 ლარი) რეალიზაცია დოკუმენტურად არ ფიქსირდება (ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ----------, ხოლო არცერთ რეალიზაციის დოკუმენტში ტრანსპორტირების დაწყების ადგილად არ არის მითითებული აღნიშნული მისამართი); 2020 წლის მაისის თვეში საბაჟოზე შემოტანილი (138 000 კგ; 0,96 ლარი) იმავე თვეში გაიყიდა 109 000 კგ 3,33 ლარად, ხოლო 29 000 კგ რეალიზაცია დოკუმენტურად არ ფიქსირდება; 2020 წლის ივნისის თვეში საბაჟოზე შემოტანილი (69 000 კგ; 2,91 ლარი) გაიყიდა იმავე თვეში (69 000 კგ, 3.16 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზის შედეგად ვლინდება, რომ ინვენტარიზაციის მომენტისთვის გამოვლენილი დანაკლისი 135 000 კგ შედგება 2020 წლის აპრილის თვეში ადგილობრივად შეძენილი მზესუმზირის (106 000 კგ; 3,74 ლარი) და 2020 წლის მაისის თვეში შემოტანილი მზესუმზირის ნაწილისგან (69 000 კგ; 0.96 ლარი), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დანაკლისის დროს აღმოჩენილი მზესუმზირა არ იყო დაბალი ხარისხის და შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ აღებული საბაზრო ფასი (3,7 ლარი დღგ-ის გარეშე 3.13 ლარი) არ ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჩივარი (ს.ფ. 197-202);

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 203–207);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,------"-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუსი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების აღსრულების, მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის N12961 ბრძანება - და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 08 ოქტომბრის N13080/2/2021 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლო - განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ, სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 7 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N18403 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,------"-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით; 2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2019 წლის 9 მარტიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 2020 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები”. 2020 წლის 28 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N21502 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,------"ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ვადა განისაზღვრა 2020 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ 2020 წლის 3 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N22506 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2020 წლის 7 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N18403 ბრძანებაში.და ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2020 წლის 9 მარტიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 2020 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით”. ასევე საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 20 აგვისტოს შპს ,,------"-ის საგადასახადო შემოწმების აქტისთ, 2020 წლის 28 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N21502 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------"-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა საწარმოს კუთვნილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა, თუმცა 30 ივლისის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი იყო 0. დადასტურებულია, რომ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ წარუდგენია.

 

ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგინდა რეალური ბუღალტრული ნაშთი და შედეგები. საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ გამოვლენილი იქნა დანაკლისი 135000 კილოგრამი მზესუმზირა, საბაზრო ფასით - 499 500 ლარი; დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განიხილება აღმოჩენის მომენტში განხორციელებულ მიწოდებად და ექვემდებარება დაჯარიმებას გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასის 10%-ის ოდენობით. ამასთან გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

 

წარმოდგენილი დეკლარაციით დატურდება, რომ გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვა ჰქონდა 1 175 860 ლარი, დასაბეგრ ბრუნვაზე გადაანგარიშებული დღგ 211 655 ლარი, ჩასათვლელი დღგ 208 387 ლარი, ბიუჯეტის კუთვნილი დღგ 3 267 ლარი. შემოწმების შედეგად დასაბეგრი ბრუნვა ჰქონდა 1 175 860 ლარი, დასაბეგრ ბრუნვაზე გადაანგარიშებული დღგ 211 655 ლარი, ჩასათვლელი დღგ 208 387 ლარი, ბიუჯეტის კუთვნილი დღგ 3 267 ლარი.

 

დასტურდება, რომ 2020 წლის 2 სექტემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N26104 ბრძანებით, შპს ,,------"ის დაერიცხა ჯარიმა 49 950 ლარი. 2020 წლის 3 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა N007-312 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გამოცემული იქნა 2020 წლის 2 სექტემბრის N26104 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 49950 ლარი.

 

6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ - გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით საზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება

უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

 

ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო- ორგანოს მიერ მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

 

2010 წლის 31 დეკემბრის - საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის” 29-ე უზრუნველყოფის მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონულ რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, თვითღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით - თუ ვერ მოხდა დადგენილ ვადებში სმფ-ების დასახელებების მიხედვით ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა, ეს სმფ-ები უნდა ჩაითვალოს, როგორთ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტ შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

 

მითითებული მუხლიდან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველია თუ პირს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა. ამდენად, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისათვის, უდგენს კონკრეტულ წინაპირობებს, რომლის შემთხვევაშიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული მეთოდის გამოყენება არსებობის ჩაითვლება კანოშესაბამისად.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის არაპირდაპირი მეთოდით მისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრსა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადის გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);

 

ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

 

ამავე კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა - საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მეწარმის შემოსავლები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვის ოდენობას და სადავოდ ხდის საგასახადო შემოწმებასთან მიმართებაში ჯარიმის ოდენობას. მას პრეტენზია არ გააჩნია გამოვლენილი დანაკლისის ოდენობაზე, რაც აღიარებული იყო 2020 წლის ივლისის მოგების დეკლარაციით. არ ეთანხმება გამოვლენილ დანაკლისზე განსაზღვრულ საბაზრო ფასს. მიუთითებს, რომ პროდუქციის ფასი განსხვავდებოდა ხარისხის მიხედვით და განსახილველ შემთხვევაში საწარმოს ქონდა დაბალი ხარისხის მზესუმზირის დანაკლისი.

 

2020 წლის 18 ნოემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N34368 ბრძანებით შპს ,,------"ის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შპს ,,------"-ის საჩივრის მოთხოვნა იყო 2020 წლის 3 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N007–312 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

2020 წლის 18 ნოემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N34368 ბრძანების საფუძველზე 2020 წლის 28 დეკემბერს შპს ,,------" ”-ის საგადსახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც დგინდება რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა თავისი არგუმენტაციის დამამტკიცებელი სათანადო კოდუმენტაცია მტკიცებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

2020 წლის 30 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N39714 ბრძანებით, შპს ,,------"-ს 2020 წლის 20 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

2020 წლის 30 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N007- 585 საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 49 950 ლარი.

 

6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული

პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე. მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება. - ყოველგვარ გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ბს-626-596(კ-07).

 

ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. როდესაც სადავო საკითხია სამართალდარღვევის ფაქტის დადგენა, უპირველეს ყოვლისა, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაადასტუროს სამართალდარღვევის ყველა სავალდებულო ელემენტის არსებობა. ამგვარი მტკიცების გაქარწყლება კი უკვე მოსარჩელის პროცესუალურ ვალდებულებად იქცევა და თუკი იგი დამაჯერებელ საპირისპირო მტკიცებას ვერ განახორციელებს, სადავო ფაქტები ჩაითვლება დადასტურებულად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული გარემოებები, რომლებიც დამაჯერებლად დაასაბუთებდა სადავო ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლებს.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას, რომ პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით, კერძოდ საბაჟო ინვოისების, ადგილობრივი შეძენების, შიდა გადაზიდვებისა და რეალიზაციის ზედნადებებში ტრანსპორტირებების მიმართულებებისა და რაოდენობების შესწავლით გამოიკვეთა, რომ: 2020 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირა (91 020 კგ; 4.11 ლარი) გაიყიდა იმავე თვეს 91 020 კგ; 4.16 ლარი); 2020 წლის აპრილის თვეში ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირის (106 000 კგ, 3,74 ლარი) რეალიზაცია დოკუმენტურად არ ფიქსირდება (ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, --------, ხოლო არცერთ რეალიზაციის დოკუმენტში ტრანსპორტირების დაწყების ადგილად არ არის მითითებული აღნიშნული მისამართი); 2020 წლის მაისის თვეში საბაჟოზე შემოტანილი (138 000 კგ; 0,96 ლარი) იამვე თვეში გაიყიდა 109 000 კგ 3,33 ლარად, ხოლო 29 000 კგ რეალიზაცია დოკუმენტურად არ ფიქსირდება; 2020 წლის ივნისის თვეში საბაჟოზე შემოტანილი (69 000 კგ; 2,91 ლარი) გაიყიდა იმავე თვეში (69 000 კგ, 3.16 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზის შედეგად ვლინდება, რომ ინვენტარიზაციის მომენტისთვის გამოვლენილი დანაკლისი 135 000 კგ შედგება 2020 წლის აპრილის თვეში ადგილობრივად შეძენილი- მზესუმზირის (106 000 კგ; 3,74 ლარი) და 2020 წლის მაისის თვეში შემოტანილი მზესუმზირის ნაწილისგან (69 000 კგ; 0.96 ლარი), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დანაკლისის დროს აღმოჩენილი მზესუმზირა არ იყო დაბალი ხარისხის და შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ აღებული საბაზრო ფასი (3,7 ლარი დღგ-ის გარეშე 3.13 ლარი) არ ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად ვალდებულებას მიეკუთვნება გადასახადების დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა. საწარმოს მიერ ყველა ქმედება კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ემსახურება გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, შემოწმება დაეყრდნო სწორედ გადასახადის გადამხდელის ინფორმაციას, ფასის განსაზღვრა მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დაცვა სწორედ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას წარმოადგენს.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მესამე ნაწილი კი სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 101 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,------"-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. No7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის No64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე

ბაია ოტიაშვილი