გადაწყვეტილება №19475/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19475/2/202
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19475/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19475/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №077-29 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7052 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 181 124 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 96 550

დღგ - 66 879

საშემოსავლო გადასახადი - 29 334

ქონების გადასახადი - 337

ჯარიმა - 47 656

საურავი - 36 918

 

პროცედურული გარემოებები

მეწარმის საქმიანობაა ავეჯის წარმოება და ავეჯით; ფურნიტურით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის საგადასახადო

შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.10.2022 წლის №26701 ბრძანება და 21.10.2022 წლის №077-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7052 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით

ფაქტების აღწერა

შემოწმებისას მეწარმის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. ასევე, არ არის აღრიცხული შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საქონლის სახეობების მიხედვით, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, ვაჭრობის ნაწილში ფასნამატი განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, აუდირებულ პირთან დაფიქსირებული ფასნამატის - 21.5%-ის ოდენობით, ხოლო წარმოების ნაწილში ფასნამატი განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, აუდირებულ პირთან დაფიქსირებული ფასნამატის - 35,37%-ის ოდენობით. პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სმფ-ებზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატები და დოკუმენტით რეალიზებული სმფ-ების გათვალისწინებით განისაზღვრა 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 79-ე მუხლით, მე-80 მუხლით, 81-ე მუხლით, 90-ე და 91-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციული ორგანო როდესაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, რაც ნიშნავს, იმას, რომ უნდა მოიკვლიოს ყველა ინფორმაცია მის შემდგომ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, შემოსავლების სამსახურს ჰქონდა საბანკო ამონაწერი, სადაც ნათლად იყო ასახული თუ ვისზე განხორციელდა საქონლის რეალიზაცია, მაგრამ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი და ასევე არ შეასრულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები და არ მიიღო ინფორმაცია იდენტიფიცირებული პირებიდან, ეს, რომ გაეკეთებინა და კანონის სრული დაცვით მოეპოვებინა სანდო ინფორმაციები მაშინ მეწარმეს დიდი თანხები არ დაერიცხებოდა, გამოდის, რომ თანხების დარიცხვა წარმოადგენდა თვითმიზანს. თუ ინფორმაციების მიღება გაზრდიდა დასარიცხ თანხებს მაშინ აუდიტის დეპარტამენტი აუცილებლად გამოითხოვდა მესამე პირებიდან ინფორმაციას და შესაბამისად განახორციელებდა გადასახადების დარიცხვას, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვა შემცირდებოდა არ მოითხოვა ინფორმაციები მესამე პირებიდან და მიმართა ყველაზე ადვილ გზას, რაც შეიძლება გაზრდილიყო დასარიცხი გადასახადები. ასევე წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლის თანახმადაც შეიძლება დადგინდეს ფასნამატის პროცენტული მაჩვენებელი და არ იქნას მიღებული მესამე პირების ინფორმაცია ფასნამატის შესახებ.

არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გაანგარიშება უნდა შეეხოს მხოლოდ არაიდენტიფიცირებულ გაყიდვებს-რეალიზაციას, შემოწმების აქტის დანართში „გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით“ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დაფიქსირებული აქვს, რომ იდენტიფიცირებული - „დოკუმენტით რეალიზაცია“ რეალიზაციის თანხა შეადგენს - 155 507 ლარს, აღნიშნული თანხა აუდიტის დეპარტამენტს აღებული აქვს მხოლოდ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებიდან, მაგრამ მეწარმე რეალიზაციას ახდენს ფიზიკურ პირებზე, რომელიც სამომხმარებლო სესხს იღებენ სს ბანკი -------- და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია --------- აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციებთან მეწარმეს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხი პირდაპირ ერიცხება მეწარმეს საბანკო ანგარიშზე, სადაც დაფიქსირებულია საქონლის შემძენი ფიზიკური პირის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, აქედან გამომდინარე, აღნიშნული საქონლის შემძენი იდენტიფიცირებულია და შესაბამისად რეალიზაციაც არის იდენტიფიცირებული, აქედან გამომდინარე 2019 წლის ელ. ზედნადებით რეალიზაციის თანხა შეადგენს - 155 507 ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხით გაყიდული საქონლის რეალიზაცია (დღგ-ის გარეშე) შეადგენს - 164 080,0 ლარს სულ 2019 წლის იდენტიფიცირებული რეალიზაცია შეადგენს - 319 587.3 (საჩივარს თან ერთვის საბანკო ანგარიშის ამონაწერი სადაც კონკრეტულად არის მითითებული სესხის აღება და ფიზიკური პირის რეკვიზიტები) ლარს. ანალოგიური მდგომარეობაა 2020 წლის საანგარიშო პერიოდზეც, შემოწმების აქტის დანართში იდენტიფიცირებული რეალიზაცია განსაზღვრულია - 328 554 ლარით, რაც აღებული აქვს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებების თანხებიდან, ხოლო ფიზიკური პირების მიერ სამომხმარებლო სესხით შეძენილი საქონელი, რომელთა იდენტიფიკაცია ხდება საბანკო ამონაწერში, რატომღაც არ არის იდენტიფიცირებულ რეალიზაციაში, ხოლო ასეთი რეალიზაციის თანხა შეადგენს (დღგ-ის გარეშე) - 34 201 ლარი შესაბამისი საბანკო ამონაწერი თან ერთვის საჩივარს. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში შემოწმების აქტით იდენტიფიცირებული რეალიზაცია მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით განსაზღვრულია 835 830 ლარით, ხოლო ფიზიკური პირების მიერ სამომხმარებლო სესხით შეძენილი საქონლის ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს - 72 251,0 ლარს. აქედან გამომდინარე, იდენტიფიცირებულ რეალიზაციებზე არ უნდა გავრცელდეს არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გაანგარიშება.

ასევე არ ეთანხმება ფასნამატის პროცენტის გაანგარიშებას, ვინაიდან ფასანამატის გაანგარიშება სრულიად შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებით, რაც შესაბამისად შეადგენს საქონლის ვაჭრობაზე 15-18%-ს, ხოლო წარმოებულ საქონელზე 23-28%-ს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღებულია მესამე პირის მონაცემები, რაც სრულიად არ მოდის შესაბამისობაში მის საქმიანობასთან.

მომჩივანმა 22.06.2023 წელს წარმოადგინა №20046/2/2023 დაზუსტებული საჩივარი და განმარტავს, რომ ბანკებთან (ბანკი -------; -------- ბანკი --------- ბანკი და ბანკი ----------) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, „საგანვადებო მომსახურების შესახებ“ - მისი კლიენტების (მყიდველები) სამომხმარებლო სესხების გაცემის შესახებ, ბანკის მხრიდან ი/მ ---------- კლიენტებზე სამომხმარებლო სესხის გაცემა ხდება ი/მ ---------- მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინვოისის საფუძველზე, ამ ინვოისში დეტალურად არის მითითებული მეწარმის მიერ გასაყიდი საქონლის ჩამონათვალი და მისი ღირებულება, აღნიშნულ ინვოისში მითითებული ფასის მიხედვით განისაზღვრება სესხად გასაცემი თანხა, ასევე ბანკი გამოწერს ,ორდერს საქონლის გაცემის შესახებ, აქედან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტები ბანკისთვის მიწოდებული ინვოისი და ბანკის მიერ გამოწერილი საქონლის გაცემის ორდერი წარმოადგენს სარწმუნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც ხდება მთელი ოპერაციის იდენტიფიცირება და ასეთი სახის ოპერაციაზე არ უნდა გავრცელდეს არაპირდაპირი მეთოდი და მიღებული ფასნამატი და არ უნდა მოხდეს დასაბეგრი ბაზის გაზრდა.

28.06.2023 წელს მომჩივანმა კიდევ ერთხელ დააზუსტა (№20094/2/2023) საჩივარი და განმარტა, რომ, ბანკებთან („ბანკი --------“; „---------“ „---------- ბანკი“ და „ბანკი ---------“) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, „საგანვადებო მომსახურების შესახებ“ - მისი კლიენტების (მყიდველები) სამომხმარებლო სესხების გაცემის შესახებ, აღნიშნულ ბანკებს წერილობით მიმართა ბანკში წარდგენილი წერილები თან ერთვის), რომ გადაეცათ ი/მ ---------- ინვოისები, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირები იღებენ სამომხმარებლო სესხს და მის მიერ ხდება ამ ფიზიკურ პირებზე ავეჯის მიწოდება, ხოლო ბანკი სესხის თანხას დააკლებს 5%-ს და დარჩენილ თანხას ჩარიცხავს მის ანგარიშზე, დღეის მდგომარეობით მისი წერილობითი მოთხოვნით მხოლოდ სს „------------ბანკმა“ მიაწოდა ------------ ინვოისები, რაც თანდართულია საჩივარზე, აღნიშნული ინვოისებით ხდება იდენტიფიცირება თუ ვინ და რა ფასად შეიძინა ავეჯი ----------- და ასეთი ინვოისების სრულად წარმოდგენილი იქნება, როდესაც ყველა ბანკი გადაუგზავნის მას. აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა უცვლელია, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე აუდიტის დეპარტამენტმა არ გაავრცელოს არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გაანგარიშება, აქედან გამომდინარე წარმოადგენს ინვოისებს, რომელიც გადაუგზავნა საქართველოს საბანკო დაწესებულებამ შეიცავს იგივე რეკვიზიტებს, რასაც ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც აღნიშნული ინვოისებით რეალიზებულ საქონელზე არ უნდა გავრცელდეს არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №54072-21-14 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:

შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება საფინასო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხების ჩარიცხვები, მაგრამ აღნიშნული ჩარიცხვების იდენტიფიცირებულ რეალიზაციებად არ იქნა მიჩნეული მართლზომიერად შემდეგი გარემოებების გამო:

1. აღნიშნული ჩარიცხვებით ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის და სახეობის იდენტიფიცირება, შესაბამისად შეუძლებელია იმ გარემოების დადგენაც რეალიზებული პროდუქცია წარმოებულია მეწარმის მიერ თუ შეძენილია როგორც სმფ.

2. აღნიშნული ჩარიცხვებით ვერ ხერხდება პროდუქციის მიწოდების თარიღის დადგენა.

3. აღნიშნული ჩარიცხვებით ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის ღირებულის დადგენა, რადგან როგორც შემოწმების მსვლელობისას გაირკვა, ხშირად ფიზიკური პირების მიერ სამომხმარებლო სესხის აღება ხდება შესაძენი პროდუქციის ღირებულების მხოლოდ ნაწილზე, ხოლო ნაწილი იფარება სამომხმარებლო სესხის გარეშე.

მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. ნაშთად რიცხული, შეძენილი, რეალიზებული სმფ-ები არ აღრიცხული საქონლის სახეობების მიხედვით, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. ვინაიდან მეწარმეს არ გააჩნდა შესაბამისი აღრიცხვა, რაც დაადასტურა შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ასეთი აღრიცხვის საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდეგ შედგენა, შემმოწმებლის პოზიციით იქნება პრობლემატური და არ შექმნის რეალურ სურათს საწარმოს შემოსავლების და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შესახებ.

რაც შეეხება ფასნამატის ოდენობას, ვაჭრობის ნაწილში ფასნამატი განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, აუდირებულ პირთან დაფიქსირებული ფასნამატით - 21.5%-ით, რასაც გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა შემოწმების მსვლელობისას წარდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტებით, (საჩივარში აფიქსირებს 15%-18%-ს). წარმოების ნაწილში ფასნამატი განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, აუდირებულ პირთან დაფიქსირებული ფასნამატით - 35,37%-ის მიხედვით. შემოწმების მსვლელობისას წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, წარმოების ნაწილში მომჩივანს გააჩნდა ფასნამატი 19.55% (საჩივარში აფიქსირებს 23%-28%-ს.) შემოწმებით მესამე პირთან დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენება განხორციელდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის დასახელებების დაკავშირება (იდენტიფიცირება) არ იყო შესაძლებელი.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქონლის გაყიდვას აწარმოებს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით, გამოწერს ინვოისს საქონლის მყიდველს მიაქვს ბანკში და საბანკო დაწესებულება ურიცხავს 5%-ით ნაკლებს. აქცენტი გააკეთა 22.06.2023 წელს და 28.06.2023 წელს შესაბამისად, №20046/2/2023 და №20094/2/2023 დაზუსტებული საჩივრებით წარმოდგენილ მასალებზე და განმარტავს, რომ საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვა ინვოისის ასლები, რომლითაც ხდება იდენტიფიცირება თუ როდის, ვინ და რა ფასად შეიძინა ავეჯი. მიაჩნია, რომ აღნიშნული ინვოისებით რეალიზებულ საქონელზე არ უნდა გავრცელდეს არაპირდაპირი მეთოდი.

მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ზემოთ დასახელებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით პირველადი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდა 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა შეძენილი სმფ-ების, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტების, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებები, ასევე, ხელფასის სახით განაცემები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სს ბანკი ---------- გადახდილია პროცენტები გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული პროცენტები წარმოადგენს ბანკი --------- მიერ კლიენტებზე გაცემულ სამომხმარებლო სესხის თანხას, ე.ი. როდესაც ფიზიკური პირი ბანკი „--------“ საშუალებით აიღებს სამომხმარებლო სესხს, სესხის თანხის 5%-ს აწერს მეწარმეს, ხოლო დანარჩენ თანხას ჩარიცხავს მეწარმის ანგარიშზე საქონლის ღირებულებისათვის, აღნიშნული წარმოადგენს ფინანსურ მომსახურების ხარჯებს და უნდა აისახოს გამოსაქვით ხარჯებში, ასევე ამოსაღებია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვებიდან, (ამ ოპერაციით იზრდება კლიენტურა და საქონლის რეალიზაციის მაჩვენებელი) ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა ამოიღო გამოსაქვითი ხარჯებიდან და დაბეგრა დღგ-ით, აქედან გამომდინარე, მოთხოვნაა --------- ბანკზე გადახდილი თანხა აღდგენილი იქნას გამოსაქვით ხარჯებში და ამოღებული იქნას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიდან.

მომჩივანმა 22.06.2023 წელს წარმოადგინა №20046/2/2023 დაზუსტებული საჩივარი და განმარტა, რომ მიერ ზემოთ დასახელებული ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის დამტკიცების შემდგომ, ხელშეკრულების თანახმად, სესხის მთლიან თანხას დააკლდება 5%, რომელსაც ბანკი დაიტოვებს მომსახურების სანაცვლოდ, ამის შემდგომ 5%-ით ნაკლები თანხა ირიცხება მის ანგარიშზე, ხოლო შემმოწმებლებმა შემოწმების აქტში დააფიქსირეს, რომ აღნიშნული 5% არ წარმოადგენს გამოსაქვით ხარჯს მით უმეტეს, რომ მეწარმეს აღნიშნული 5% გათვალისწინებული აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და შესაბამისად ასახული აქვს წლიურ ერთობლივ შემოსავლებში. გაზარდეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა, რაც არასწორად მიაჩნია. მისი პოზიციით ბანკის მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხის თანხას აკლდება მთლიანი სესხის 5% და ეს მტკიცდება მეწარმის საბანკო ანგარიშის ამონაწერითაც, წარმოადგენს მაგალითს თავისი დოკუმენტური მტკიცებულებით: მაგალითი: დანართი №1-ში მოცემულია ი/მ ----------- საბანკო ანგარიშის ამონაწერი და ნათლად ჩანს, რომ მის ანგარიშზე 2019 წლის 22 თებერვალს ჩარიცხულია - 1928,5 ლარი, აქვე ოპერაციის შინაარსში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა ჩარიცხულია ----------- ბანკიდან ----------- სესხად გაცემული 2030 ლარიდან, ე.ი. --------- ბანკმა --------- გასცა სესხი 2030 ლარი, სესხის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია ი/მ -------- ბანკზე მიწოდებული ინვოისი 2030 ლარზე, ხოლო მეწარმესა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ბანკმა 2030 ლარის 5%- თანხით 101,5 ლარით ნაკლები ჩაურიცხა, ამ კონკრეტულ ოპერაციაზე ბანკის მიერ გამოწერილია საქონლის გაცემის ორდერი იხ. დანართი №2; აქედან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა გაანგარიშდეს 1928,5 ლარიდან რაც ჩაერიცხა მეწარმეს ანგარიშზე და არა 2030 ლარიდან, ვინაიდან აღნიშნული თანხა 101,5 ლარი წარმოადგენს ბანკის შემოსავალს, რომელიც მიღებულია სესხის გაცემასთან დაკავშირებულ ფინანსური ოპერაციებიდან, (აღნიშნულის მტკიცებულება წარმოდგენილია დანართის სახით ბანკი --------- ანგარიში ამონაწერი, სადაც თანხის ჩარიცხვის გრაფაში მითითებულია ის თანხა რომელიც რეალურად მიიღო მეწარმემ, ხოლო დანიშნულების გრაფაში მითითებულია ბანკის მიერ გაცემული სესხის თანხა), მეწარმის მიერ სესხის 5% არ წარმოადგენს არც შემოსავალს მათ შორის დღგ-ით დასაბეგრ შემოსავალს და არც გამოსაქვით ხარჯებს, აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებული სესხის მომსახურების 5%-იანი თანხა ასევე უნდა ამოიღოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან და შესაბამისად ამოიღოს წლიური ერთობლივი შემოსავლებიდან და მოახდინოს დამატებით დარიცხული გადასახადების (დღგ, საშემოსავლო გადასახადი) შემცირება. საჩივარზე თანდართულია ბანკის საქონლის გაცემის ორდერები რომელიც წარმოადგენს იდენტიფიცირებულ დოკუმენტს, ბანკი ------- ანგარიშის ამონაწერი, სადაც თანხის ჩარიცხვის გრაფაში მითითებულია ის თანხა, რომელიც რეალურად მიიღო მეწარმემ, ხოლო დანიშნულების გრაფაში მითითებულია ბანკის მიერ გაცემული სესხის თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის (2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის (2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №54072-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საფინანსო ორგანიზაციებისათვის გადახდილი მომსახურების (საკომისიო) თანხები შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით სხვა ხარჯებში აისახა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე განისაზღვრება სამომხმარებლო სესხის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) და თუ საფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხის თანხა მოიცავს ბანკის მომსახურების საკომისიოს, დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს სამომხმარებლო სესხის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) და არა საკომისიოს თანხის გამოკლებით, როგორც საჩივარშია აღნიშნული, თუმცა ამ საკითხის სადავოდ განხილვა არარელევანტურია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არ განსაზღვრულა საბანკო ჩარიცხვების მიხედვით, არამედ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქონლის გაყიდვას აწარმოებს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით, გამოწერს ინვოისს საქონლის მყიდველს მიაქვს ბანკში და საბანკო დაწესებულება ურიცხავს 5%-ით ნაკლებს. აქცენტი გააკეთა 22.06.2023 წელს და 28.06.2023 წელს შესაბამისად, №20046/2/2023 და №20094/2/2023 დაზუსტებული საჩივრებით წარმოდგენილ მასალებზე და განმარტავს, რომ ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის დამტკიცების შემდგომ, სესხის მთლიან თანხას აკლდება 5%, რომელსაც ბანკი იტოვებს მომსახურების სანაცვლოდ. საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვა ინვოისის ასლები და მიაჩნია, რომ ბანკის მომსახურების საკომისიო (5%) გათვალისწინებული უნდა იქნას საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.

მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ზემოთ დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წელს შესამოწმებელ პირს შეძენილი აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (341 მ 2 ) და მასზე განთავსებული საწარმოო ფართი (289,3 მ 2 ). აღნიშნული ძირითადი საშუალების ღირებულება მეწარმეს სრულად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან მიწის ღირებულების ჩათვლით. ვინაიდან მიწა მიეკუთვნება არაცვეთად აქტივს, მისი ღირებულებით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი, მიწის ღირებულება განისაზღვრა 38 800 ლარით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული არასასოფლო-სამურნეო მიწის საბაზრო ფასიდან გამომდინარე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, სს „-----------“ შეძენილია შენობა, რომელზეც ბანკმა გამოუწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მეწარმის მხრიდან მთლიანად აღიარდა გამოსაქვით ხარჯად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა მიწის საბაზრო ღირებულება და ამოღებული იქნა გამოსაქვითი ხარჯებიდან, ამ შენობაში გამართული აქვს ავეჯის საამქრო და აღნიშნული შენობის შეძენა იყო მისთვის პრიორიტეტული და არა მიწის ნაკვეთის, ვინაიდან ცარიელი მიწის შეძენით არ ყოფილა დაინტერესებული შენობაზე გადახდილი მთლიანი თანხა ექვემდებარება გამოსაქვით ხარჯებში აღდგენას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.

საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს.

შემოწმებით დადგინდა, რომ 2020 წელს შესამოწმებელ პირს შეძენილი აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (341 მ 2 ) და მასზე განთავსებული საწარმოო ფართი (289,3 მ 2 ). აღნიშნული ძირითადი საშუალების ღირებულება მეწარმეს სრულად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან მიწის ღირებულების ჩათვლით. ვინაიდან მიწა მიეკუთვნება არაცვეთად აქტივს, მისი ღირებულებით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი, მიწის ღირებულება განისაზღვრა 38 800 ლარით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული არასასოფლო-სამურნეო მიწის საბაზრო ფასიდან გამომდინარე.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიწის ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირების შესახებ მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7052 ბრძანება;

3. პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება საფინასო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხების ჩარიცხვები, მაგრამ აღნიშნული ჩარიცხვების იდენტიფიცირებულ რეალიზაციებად არ იქნა მიჩნეული მართლზომიერად.

აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით პირველადი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდა 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა შეძენილი სმფ-ების, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტების, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებები, ასევე, ხელფასის სახით განაცემები.

აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წელს შესამოწმებელ პირს შეძენილი აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (341 მ 2 ) და მასზე განთავსებული საწარმოო ფართი (289,3 მ 2 ). აღნიშნული ძირითადი საშუალების ღირებულება მეწარმეს სრულად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან მიწის ღირებულების ჩათვლით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

61(3);136(3);160;161(1);159(1);163(1);164(1);105(1,2);112(5);111(2);