გადაწყვეტილება № 26818/2/2026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2026
№ დოკუმენტი 26818/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26818/2/2026

25 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:ი/მ „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 4.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26818/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი

ფასნამატით;

2. 2024 წლის ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება;

3. საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება;

4. რეალიზებულ ავტომანქანაზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მოგების მარჟის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №056-98 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 146 793,27 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 99 955,85

დღგ 52 810,55

საშემოსავლო გადასახადი - 47 145,30

ჯარიმა - 35 540

საურავი - 11 297,42

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სანტექნიკით, აბაზანის აქსესუარებით, სანათებით და სხვა შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. საქონლის შეძენა ძირითადად ხდება იმპორტით. საქმიანობის ადგილია ქ. -----.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 11 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №27491 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 8 სექტემბრის №19606 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.06.2025- მდე). საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება დოკუმენტური ფასნამატის (77%) გაანგარიშებას, აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს ფასნამატის გაანგარიშების ალტერნატიულ ცხრილს რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოწმების აქტში დაფიქსირებული შედეგისგან. ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით.

საერთოდ გაუგებარია აღნიშნული მიდგომა, არსებობს პრეცედენტული გადაწყვეტილებები როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსი, კერძოდ შემოსავლების სამსახურს აქვს გამოცემული 2024 წლის 06 მარტის 4951 ბრძანება, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტს „დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთსა და ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის N7082 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნავს, რომ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.“

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ყოვლად გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშების მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრაქტიკას.

თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული 2024 წლის 21 ოქტომბრის N23784/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც „საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში).

შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფამ გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის გაზრდა ასევე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება, რამაც გამოიწვია გადასახადისა და მასზე დარიცხული სანქციის ზრდა.

მომჩივანი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის შემოსავალები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა ფაქტობრივი ნაშთი. აღნიშნულზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.06.2025- მდე). საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%).

მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. 2024 წლის ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე. 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. მომჩივნის განმარტებით, შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფამ გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის გაზრდა ასევე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება, რამაც გამოიწვია გადასახადისა და მასზე დარიცხული სანქციის ზრდა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოწმების პროცესში დაკორექტირდა (გაიზარდა), როგორც 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი, ისე გამოსაქვითი ხარჯი, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია მართლზომიერად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება

ფაქტების აღწერა

2025 წლის 8 სექტემბრის №19606 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგადაც დადგენილ ფაქტობრივ ნაშთზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.06.2025-მდე). საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%). მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახურის 11.02.2026 წლის №2939 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.02.2026 წლის №2939 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

4. რეალიზებულ ავტომანქანაზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მოგების მარჟის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებლ პერიოდში განახორციელა ავტომანქანის შეძენა/რეალიზაცია. ავტომანქანა გაყვანილ იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანის მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანაზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ავტომანქანის რეალიზაციის ნაწილში დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში რეალიზებულ ავტომანქანაზე სხვა მსგავსი ოპერაციების ანალიზის შედეგად დადგენილი მოგების მარჟის გავრცელება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაურკვეველია რა მარჟა გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტმა ზემოაღნიშნული მონაცემების დასაგენერირებლად, რადგან არ არის აღნიშნული რა შესადარისი ინფორმაცია გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული შედეგის მისაღებად, არ არის მითითებული რა ღირებულება იქნა განსაზღვრული ავტომობილის თვითღირებულებად, რომელსაც მიუყენა სხვა გაურკვეველი მეწარმისა თუ ობიექტის მარჟა, იმ მოცემულობაშიც კი, რომელშიც სატრანსპორტო საშუალების შეძენისა და რეალიზაციის მომენტში არსებული მდგომარეობაც კი არ არის დადგენილი. თან უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მეწარმის არც ძირითადი და არც სისტემატიური საქმიანობა და ავტომატურად ამ ოპერაციის მომგებიან საქმიანობად განხილვა და გადასახადის დარიცხვა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე მტკიცებას მოკლებულია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სრულად გაუქმდეს ამ ნაწილში დარიცხული თანხები და მეწარმის პირადი აღრიცხვის ბარათი დაექვემდებაროს კორექტირებას შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების, შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით;

2. 2024 წლის ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება;

3. საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება;

4. რეალიზებულ ავტომანქანაზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მოგების მარჟის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სანტექნიკით ვაჭრობას. პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.06.2025-მდე). საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისიწნებით დათვლილ იქნა რპთ და გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%). პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებლ პერიოდში განახორციელა ავტომანქანის შეძენა/რეალიზაცია. ავტომანქანა გაყვანილი იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულბები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლაანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანის მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანაზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159;163;73;100;102;105;