გადაწყვეტილება №19996/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.07.2023
№ დოკუმენტი 19996/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19996/2/2023

25 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ს “ 18.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19996/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილულ თანხებზე გაანგარიშებული სარგებლის გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №006-706 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11349 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 102 075 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 41 188

დღგ - 1 525

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 144

მოგების გადასახადი - 7 961

საშემოსავლო გადასახადი - 29 676

ქონების გადასახადი - 1 882

ჯარიმა - 41 188

საურავი - 19 699

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3308 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33894 ბრძანება და №006-706 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 მაისის №11349 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილულ თანხებზე გაანგარიშებული სარგებლის გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო შემოსავლის მიღებასა და ხარჯის გაწევას ახორციელებდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო ორგანოს მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 982 , 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.

დადგენილია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების თანახმად გაანგარიშებული პროცენტი კი ხელფასთან გათანაბრებულ სარგებლად.

მომჩივანი არ ეთანხმება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს და აცხადებს, რომ იგი არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილ მონაცემებს. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება კანონმდებლობის შესაბამისია. ამასთან, სესხზე დარიცხული სარგებლის განსაზღვრა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების საფუძველზე 20%-ის ოდენობით მართლზომიერია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სესხად გაცემულ თანხებზე გაანგარიშებული სარგებელი, რომელიც ჩათვლილია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით ექვემდებარება გადაანგარიშებას/შემცირებას. სესხად გაცემულ თანხებზე უნდა შემცირდეს სარგებლის 20%-იანი განაკვეთი. სარგებლის საპროცენტო განაკვეთი - 20% არ წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, არამედ თითქმის 2-ჯერ აღემატება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც პერიოდულად - ყოველთვიურად აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც გამოცემულია 2011 წელს, არ შეესაბამება დღევანდელ ეკონომიკის განვითარებას და დადგენილი საპროცენტო განაკვეთი დიდი ხანია დრომოჭმულია და მისი გამოყენება წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე11 ნაწილის „ა" ქვეპუნქტთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საწარმოს მიერ გაცემულ სესხზე წლიური სარგებელი განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და მოხდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/შემცირება.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №006-706 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 102 075 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 41 188 ლარი, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე - 41 188 ლარი და საურავი - 19 699 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებელი დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად.

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11349 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საწარმოს მიერ გაცემულ სესხზე წლიური სარგებელი განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და მოხდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი.სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9) „ბ“,982 (3 "ზ") 101,269(7)