გადაწყვეტილება №21652/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21652/2/2023
25 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 19.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21652/2/2023).
დავის საგანი:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №021-81 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №30114 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 42 868 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 26 771
ჯარიმა - 9 916
საურავი - 6 181
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა წიგნებით, ჟურნალებით და სხვა მსგავსი საქონლით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24733 ბრძანება და №021-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №30114 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება
ფაქტების აღწერა
შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი წლების მიხედვით. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 26.18%-ს. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული ხელფასების შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს სულ გაცემული და წყაროსთან დაბეგრილი აქვს 1 800 ლარის ოდენობის განაცემი, თუმცა ამავე წლის წლიურ დეკლარაციაში, ხარჯების ნაწილში გამოქვითულმა ხელფასის ხარჯმა შეადგინა 30 515 ლარი.
შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. კერძოდ, შემცირდა ზედმეტად გამოქვითული ხელფასის ხარჯები და დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით დაკორექტირდა გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი წლების მიხედვით. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 26.18%-ს. გამომდინარე იქედან, რომ მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით დაკორექტირდა გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯები. ასევე, 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში შემცირდა ზედმეტად გამოქვითული ხელფასის ხარჯის ოდენობაც. შედეგად, ჯამურად სამივე საანგარიშო წელს საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 19 831 ლარი, რომელიც სწორადაა ასახული საგადასახადო შემოწმების აქტში. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ 26 771 ლარს, სხვაობა გამოწვეულია 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელების შედეგად. კერძოდ, 2022 წელს დარიცხულმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 9 253 ლარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის საანგარიშო პერიოდისთვის დარიცხულმა მიმდინარე გადასახდელებმა შეადგინა 6 940 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირ მეთოდი, რის საფუძველზეც შემცირებულია შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კუთხით. შეძენილ საქონელზე გამოყენებულია ფასნამატი 26.18%-ის ოდენობით, რასაც გაუგებრად მიიჩნევს, რადგან ასეთი ფასნამატი წიგნებზე არ არსებობს. ასევე გაუგებარია შეძენილი საქონლის ღირებულების შემცირება, დასაქმებულ პირებზე გაცემული ხელფასები 2022 წლის წლიურ დეკლარაციაში შემცირებულია მექანიკური შეცდომით, მიზანი არ ყოფილა გადასახადის დამალვის მცდელობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 26.18%-ს. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული ხელფასების შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს სულ გაცემული და წყაროსთან დაბეგრილი აქვს 1 800 ლარის ოდენობის განაცემი, თუმცა ამავე წლის წლიურ დეკლარაციაში, ხარჯების ნაწილში გამოქვითულმა ხელფასის ხარჯმა შეადგინა 30 515 ლარი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. კერძოდ, შემცირდა ზედმეტად გამოქვითული ხელფასის ხარჯები და დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით დაკორექტირდა გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯები.
ასევე საყურადღებოა, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი წლების მიხედვით, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 26,18%-ს. გამომდინარე იქედან, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით დაკორექტირდა გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯები. ასევე, 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში შემცირდა ზედმეტად გამოქვითული ხელფასის ხარჯის ოდენობაც. შედეგად, ჯამურად სამივე საანგარიშო წელს საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 19 831 ლარი.
მომჩივანი არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას, შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და შედეგად, გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯების კორექტირებას. მომჩივანს, არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ მიუთითებს რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს დარიცხვას კანონშეუსაბამოდ და არამართლზომიერად, ამასთან არ წარმოადგენს მისი არგუმენტების შესაბამის რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 9 916 ლარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე და განესაზღვრა საურავი 6 181 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 26.18%-ს. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული ხელფასების შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს სულ გაცემული და წყაროსთან დაბეგრილი აქვს 1 800 ლარის ოდენობის განაცემი, თუმცა ამავე წლის წლიურ დეკლარაციაში, ხარჯების ნაწილში გამოქვითულმა ხელფასის ხარჯმა შეადგინა 30 515 ლარი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. კერძოდ, შემცირდა ზედმეტად გამოქვითული ხელფასის ხარჯები და დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით დაკორექტირდა გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯები.
ასევე საყურადღებოა, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი წლების მიხედვით, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 26,18%-ს. გამომდინარე იქედან, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით დაკორექტირდა გამოქვითული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯები. ასევე, 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში შემცირდა ზედმეტად გამოქვითული ხელფასის ხარჯის ოდენობაც. შედეგად, ჯამურად სამივე საანგარიშო წელს საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 19 831 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 80; 155.