გადაწყვეტილება №18408/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 18408/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18408/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“ 9.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18408/2/2022).

 

დავის საგანი:

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო დავის დაწყება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №007-161 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31008 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 716 487 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 364 788

მოგების გადასახადი - 256 869

საშემოსავლო გადასახადი - 107 919

ჯარიმა - 182 394

საურავი - 169 305

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №17467 ბრძანება და №007-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23676 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №17909/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყების მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურს 14.09.2022 წლის №23676 ბრძანებით არ ჰქონდა ნამსჯელი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს და დაევალა მომჩივნის მონაწილეობით საჩივრის განხილვა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31008 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა გავიდა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ამასთან, მომჩივანი მის მიერვე მითითებულ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას გაეცნო ამავე წლის 15 აგვისტოს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრებული იყო ერთი და იმავე საფუძვლებით. აგრეთვე, ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მიაჩნდა არამართლზომიერად, მითითებულია, როგორც 2018 წლის საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივარში, ისე 2019 წლის შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივარში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მომჩივნის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებსაც იგი ემყარება მოთხოვნის საფუძვლად. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ მტკიცების საგანს და სხვა გარემოებების მსგავსად უნდა დადგინდეს დავის განმხილველი ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, რომელიც გამოცემულია შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მითითებული ბრძანება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა კომპანიის მიერ მიღებულია 2022 წლის 5 ივლისს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2022 წლის 18 აგვისტოს. შესაბამისად, ფორმალურად დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი გასაჩივრების 30 დღიანი ვადა. განმარტავს აღნიშნულის მიზეზებს და ამასთან, ითხოვს, გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ან/და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არის მე-2 შუალედური აქტი, რაც კომპანიამ მიიღო მოცემული საგადასახადო შემოწმების პროცესში, პირველი აქტი დაიწერა 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე. აღნიშნული აქტი გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით და 2022 წლის 15 აგვისტოს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (დანართი №9), რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, კერძოდ ერთი საკითხის მიხედვით, დარიცხვა სრულად მოიხსნა (და ეს საკითხი არის მთავარი საკითხი განხორციელებულ დარიცხვაში თანხობრივი ნაწილის გათვალისწინებით) და მე-2 საკითხზე დაინიშნა ე.წ. გადაანგარიშება. 2019 წელზე საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვა განხორციელდა ანალოგიური ორი საკითხის მიხედვით, შესაბამისად ლოგიკას მოკლებული იქნებოდა კომპანიას არ გაესაჩივრებინა 2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი.

მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში სრულად კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნებიც საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

როგორც ზემოთ აღნიშნა, 2018 წლის შუალედური აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 2022 წლის 15 აგვისტოს ჩაბარდა №21533 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან აღებულ სესხზე განხორციელებული დარიცხვა სრულად დაექვედებარა შემცირებას, ხოლო დამოკიდებული პირისგან საქონლის შესყიდვის ოპერაციაზე დაინიშნა გადაანგარიშება. 2019 წლის შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა ანალოგიური იყო 2018 წლის შემოწმების აქტისა და დარიცხვა განხორციელდა სწორედ მოცემული ორი საკითხის ირგვლივ. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა გასაჩივრდებოდა დარიცხვის დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის ვადაში, ერთი საკითხის ირგვლივ (სესხის ნაწილში) დარიცხვა სრულად დაექვემდებარებოდა შემცირებას, ხოლო მე-2 საკითხზე (ურთიერთამოკიდებული პირისგან საქონლის შესყიდვა) დაინიშნებოდა გადაანგარიშება.

2019 წლის შემოწმების აქტის გასაჩივრების 30 დღიანი ვადა გავიდა 2022 წლის 4 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღება, რაც არის ის გარემოება და მტკიცებულება რაც არ იცოდა გასაჩივრების ვადის დადგომამდე, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ვადის გასვლა მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის №21533 გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლის შესაბამისად, მიუხედავად 30-დღიანი ვადის გასვლისა საჩივარი უნდა იყოს მიღებული წარმოებაში. 4 აგვისტოს ვერ ეცოდინებოდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება 2018 წლის დარიცხვის მიხედვით გასაჩივრებულ საკითხებზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 15 აგვისტოს და რომელიც არსებით გავლენას ახდენს 2019 წლის აქტის მიხედვით განხორციელებულ დარიცხვებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის, გასაჩივრებულ საკითხებზე, ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება 2018 წლის სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რომ გამოცემულიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის შემოწმების აქტის გამოცემისა და შესაბამისი დარიცხვების განხორციელებამდე, აუდიტის დეპარტამენტი გაითვალისწინებდა საგადასახადო დავის შედეგებს და კომპანიას არ დაარიცხავდა დამატებით გადასახადებს არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული სესხის ნაწილში, ვინაიდან ანალოგიურ საკითხზე გაუქმდა 2018 წლის დარიცხვა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით. ფიქრობს, აღნიშნული გარემოება სრულად აკმაყოფილებს 299-ე მუხლის მე-7 ნაწილში მოყვანილ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების განმარტებას, 2018 წლის დაანგარიშო პერიოდზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად. აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და მტკიცებულებას, რომელიც ცნობილი, რომ ყოფილიყო კომპანიისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე (2019 წლის საგადასახადო აუდიტის შედეგად გადასახადების დარიცხვამდე), აუდიტის დეპარტამენტი მიიღებდა კომპანიისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას (არ დაარიცხავდა დამატებით გადასახადებს სესხის ნაწილში).

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილს, პირველ რიგში აღვნიშნავს, რომ კომპანია საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის და რეპორტინგის მიზნებისთვის იყენებს ე.წ. აუთსორსინგული კომპანიის დახმარებას. კერძოდ, ერთ-ერთი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია უწევს მოცემულ მომსახურებას. საკონსულტაციო კომპანიის კომპეტენციაში შედის კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა და ა.შ.

ამასთან, კომპანია არის --------- რეგისტრირებული -------------ის 100%-იანი შვილობილი, კომპანიის მენეჯმენტი -------ენოვანია, ეს ეხება კომპანიის ორ დირექტორს ------------- და -------------, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულები არიან შესაბამისი წესით და ------------------ ოფისის წარმომადგენლებს (რეგიონალურ მენეჯერებს), რომლებიც, როგორც წესი კურირებენ და მეთვალყურეობენ კომპანიის საქმიანობას. ამასთან, ------------------ ოფისის წარმომადგენლების სამუშაო ადგილი არის ---------------- და მხოლოდ პერიდულად ჩამოდიან საქართველოში საჭირო საკითხების გადასაწყვეტად. კომპანიის დირექტორები ძირითადად საქართველოში არიან, თუმცა ხშირად დადიან ---------------- კონსულტაციებზე და შესაბამისად, დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ ---------------.

კომპანია საქმიანობს სწრაფი კვების მომსახურების მიმართულებით. კომპანია ოპერირებს --------------ის ბრენდის ქვეშ (ფრენშაიზინგის საფუძველზე) და დღევანდელი მდგომარეობით ფლობს 4 ობიექტს, გარდა ამის კომპანია საქართველოში ფლობს ადგილობრივ სწრაფი კვების ობიექტებს ----------- 3 ობიექტი და ---------- 1 ობიექტის, ჯამურად მიმდინარე პერიოდში კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 8 სწრაფი კვების ობიექტს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი -----------. არის მეხუთე უმსხვილესი ფრენჩაიზის ოპერატორი მსოფლიოში და ოპერირებს 2,600-მდე ობიექტს თურქეთში, ჩინეთში, მაკედონიაში, კვიპროსსა და საქართველოში. შესაბამისად, ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელი და ჯგუფის მესაკუთრე --------- რეგისტრირებული პირია, მენეჯმენტი სრულად ----------ენოვანია.

კომპანიის RS-პორტალზე წვდომა აქვს რამოდენიმე წარმომადგენელს: საკონსულტაციო კომპანიას, შპს ---------- თანამშრომელს (ადმინისტრაციული ასისტენტი), რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული მიზნებით იყენებს პორტალს და საბაჟო ბროკერს, რომელიც ასევე, გარე აუთსორსინგული კომპანიის წარმომადგენელია. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის დირექტორები და ზოგადად მენეჯმენტი ---------ენოვანია, მათ არ აქვთ წვდომა პორტალზე, იმ მიზეზით, რომ ქართულ ენაზე წარმოებული პორტალი მათთვის გაუგებარია. როგორც წესი, საწარმოს პორტალზე მოსულ ყველა მნიშვნელოვან შეტყობინებას კომპანიის მენეჯმენტს აწვდის საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა საკონსულტაციო კომპანიის მიერ შპს ------------- მენეჯმენტის ინფორმირება მოსულ საგადასახადო აქტსა და მის საფუძველზე გამოცემულ მოთხოვნასა და აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების შესახებ. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების და საგადასახადო ანგარიშგების წარმოებას ახორციელებს კონკრეტული გუნდი, რომელიც შედგება უმცროსი კონსულტანტის, უფროსი კონსულტანტის და მენეჯერის მიერ. ყველა რგოლს აქვს თავის ფუნქციები და მოვალეობები. როგორც წესი, მნიშვნელოვან საგადასახადო შეტყობინებებს და ზოგადად, კომპანიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობა უფროსი კონსულტანტი და მენეჯერი, რომელიც შემდგომ ატყობინებს ყველა მომხდარ მოვლენას და საყურადღებო საკითხს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაირღვა საქმის დელეგირების ეს წესი და უმცროსმა კონსულტანტმა შეცდომით გახსნა შეტყობინება, რომელიც მას არც უნდა ენახა/გაეხსნა და შესაბამისად, არ მოუხდენია სათანადო რეაგირება, არ გადაუგზავნია ზემდგომისთვის და არც თავად დაინტერესებულა ვადით ან დოკუმენტის შინაარსით, რადგან მისი მოვალეობა იყო მხოლოდ პირველადი ინფორმაციის გადატანა პორტალზე, კერძოდ, ზედნადების და ანგარიშ ფაქტურის მომზადება, საგადასახდო დეკლარაციაში კონკრეტული გაანგარიშებების გადატანა და ა.შ. აღნიშნული თანამშრომელი ასევე არ ყოფილა ჩართული 2018 წლის საგადასახადო აქტის გასაჩივრების პროცესში და მისი კომპეტენცია არ ყოფილა მიღებული შემოწმების აქტებისა და გადაწყვეტილებების კონტროლი და შესაბამისად, ვერ გააცნობიერა მიღებული დოკუმენტების კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიისთვის. გამომდინარე იქედან, რომ პორტალზე საკმაოდ ბევრი საინფორმაციო შეტყობინება მოდის პერიოდულად, მათ შორის საბაჟო ოპერაციებზე და ა.შ., მიღებული და გახსნილი შეტყობინებაც თანამშრომელმა ჩათვლა საინფორმაციო წერილად, შედეგად არ მოუხდენია ზემდგომი თანამშრომლების ინფორმირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შეტყობინება არ მიუვიდა კომპანიას, მის დირექტორებს და მენეჯმენტს. საკონსულტაციო კომპანიის შესაბამისმა თანამშრომელმა ეს ფაქტი აღმოაჩინა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიუვიდა შეტყობინება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ირგვლივ აღსრულების ღონისძიებების შესაძლო გამოყენების შესახებ. ვინაიდან, კომპანიას არ ჰქონდა არანაირი აღიარებული საგადასახადო ვალდებულება და მოცემული შეტყობინება ნახა საკონსულტაციო კომპანიის შესაბამისმა თანამშრომელმა, მოახდინა მიზეზების გამოკვლევა თუ რა ტიპის დავალიანება აღირიცხა ბარათზე და აღმოაჩინა საგადასახადო დარიცხვა, რომელიც უკვე ძირითად ბარათზე იყო ასახული. აღნიშნულის შემდეგ 2022 წლის 16 აგვისტოს მოხდა კომპანიის დირექტორებისა და მენეჯმენტის ინფორმირება მიღებული საგადასახადო შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული მოთხოვნისა და აუდიტის ბრძანების შესახებ. მოცემული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადებში ჩვენს მიერ მოხდა იმ საკითხის გამოკვლევა, თუ რა მიზეზით არ მივიდა მასთან შესაბამისი შეტყობინება და ასევე უმოკლეს ვადებში წარადგინოს საჩივარი განხილვისთვის შემოსავლების სამსახურში.

ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, კომპანიის დირექტორები და მენეჯმენტი მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას მიგვეღო ინფორმაცია 2019 წლის მიხედვით განხორციელებულ დარიცხვაზე და მოგვეხდინა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, გაესაჩივრებინა აღნიშნული აქტი. ის ფაქტი, რომ აუცილებელი წესით გეგმავდა მოცემული აქტის და მის საფუძველზე გამოცემული მოთხოვნისა და აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების გასაჩივრებას, ჩანს კომპანიის საგადასახადო კონსულტანტის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწერილ წერილში იმეილის ფორმით (დანართი №10), რომელიც შემმოწმებელ გუნდს გაეგზავნა შემოწმების აქტის სამუშაო ვერსიის მისთვის მოწოდებისას. მოცემული მეილით საგადასახადო კონსულტანტი ატყობინებს შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს, რომ არც ერთ საკითხში არ ეთანხმება კომპანია დარიცხვას. უფრო მეტიც, 2022 წლის 13 ივლისს საგადასახადო კონსულტანტი მიმართავს შემმოწმებელ გუნდს თხოვნით მოგვაწოდონ დრაფტი აქტის კალკულაციები (დანართი 12), მაშინ, როდესაც პორტალზე უკვე გახსნილი იყო საბოლოო აქტი. ანუ, მოცემული წერილიც ადასტურებს, რომ კომპანია არ იყო ინფორმირებული 13 ივლისს იმის შესახებ, რომ 5 ივლისს მიღებული ჰქონდა უკვე საბოლოო აქტი და დრაფტი (სამუშაო ვერსიის) აქტის კალკულაციის კი არა საბოლოო აქტის კალკულაციები უნდა მოეთხოვა. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიდგომა ლოაილურია იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელს დოკუმენტი წარედგინა ელექტრონული ფორმით, პორტალის საშუალებით და როცა პირადად - წერილობით. კერძოდ, წერილობითის შემთხვევაში აუცილებელი პირობაა წერილი ჩაბარდეს უფლებამოსილ პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ იგივე და ანალოგიური მიდგომა უნდა გავრცელდეს ელექტრონულად მიღებულ დოკუმენტებზე. ჩვენი კონკრეტული მაგალითი ადასტურებს, რომ უფლებამოსილ წარმომადგენლებს არ მიუღიათ საგადასახადო დარიცხვის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად ვერ მოვახდენდით შესაბამის რეაგირებას და საჩივრის წარმოდგენას დარიცხვაზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად მიიჩნევს, რომ სრულად კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა და ვინაიდან, გასაჩივრების ვადის დარღვევა მოხდა მისგან (კომპანიის დირექტორების და მენეჯმენტის) დამოუკიდებელი მიზეზით. შესაბამისად ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და წარმოებაში იქნას მიღებული საჩივარი. აქვე, დამატებით, აღნიშნავს, რომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაზე რაც ეხება დარიცხვების გასაჩივრებას, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილია მხოლოდ კომპანია და მისი მენეჯმენტი და იმ პირობებში, როდესაც იგი არ იყო ინფორმირებული დარიცხვის შესახებ ვერ მოახდენდა შესაბამის რეაგირებას,აღნიშული დაუძლეველი ძალა იყო მისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დირექტორატი -------ენოვანია და იმყოფება ნაწილობრივ ----------, ხოლო დანარჩენი მენეჯმენტი სრულად ------------ ასრულებს თავის სამუშაოს.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, რომელიც მიიჩნევს, რომ არ კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა. გაუგებარია რა დამატებითი გარემოება უნდა არსებობდეს იმის დამადასტურებლად, რომ გასაჩივრების ვადა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაირღვა. კომპანიას არ მოუხდენია მიღებული შეტყობინების გახსნა, იგი როგორც აღნიშნა გახსნა მომსახურე საკონსულტაციო კომპანიამ, რომელმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა, შესაბამისად კომპანია არ იყო ინფორმირებული მოსული საგადასახადო აქტისა და მასთან თანმხლები დარიცხვის დოკუმენტაციის შესახებ. ასეთი ინფორმირებულობის არსებობს შემთხვევავში მიღებული დარიცხვის დოკუმენტები გასაჩივრდებოდა უმოკლეს ვადაში, მითუმეტეს რომ დარიცხვის უდიდესი ნაწილი მოიხსნებოდა პირველივე დავაზე შემოსავლების სამსახურში, 2018 წლის გადაწყვეტილების კვალდაკვალ. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წარმოვადგინოთ აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის წერილი, რომელიც დაადასტურებს მომხდარ გარემოებას.

მიუხედავად დადგენილი გასაჩივრების ვადისა, რომელიც სტანდარტულად 30 დღეა, საგადასახადო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას ვადის დარღვევით წარმოდგენილი საჩივარი განიხილოს დავების ორგანომ, ვინაიდან არსებობს დაუძლეველი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებით შესაძლოა დაირღვეს გასაჩივრების ვადები, მაგრამ ამ გარემოების გათვალისწინებით დავების განხმილველმა ორგანომ უნდა განიხილოს საჩივარი, ვინაიდან უსამართლო შედეგი შესაძლოა გამოიწვიოს საჩივრის განუხილველობამ გადამხდელთან მიმართებით. სწორედ ამ მიზნით საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილი უშვებს დამატებით შესაძლებლობას ასეთი გადამხდელებისთვის გაასაჩივრონ დარიცხვა თუ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. მიაჩნია, რომ კონკრეტული შემთხვევა ზუსტად აკმაყოფილებს მუხლის მოთხოვნებს და ვადის დარღვევით საჩივრის წარმოდგენა მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამასთან, თუ გარემოება ვერ აკმაყოფილებს მუხლის პირობებს, მაშინ გაუგებარია რა გარემოების დროს მტკიცდება, რომ საჩივრის წარმოდგენა ვერ ხდება გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. მსგავსი მიდგომა პრაქტიკულად ანულირებს საგადასახადო კოდექსის მიდგომას და შეღავათს რომელიც დაწესებულია საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით.

ითხოვს, ზემოთ წარმოდგენილი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოებაში იქნეს მიღებული საჩივარი ვინაიდან მიაჩნია, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც მოცემული დავა უნდა იყოს მიღებული წარმოებაში. ამასთან მიიჩნევს, რომ სრულად კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მომჩივანი ასევე საუბრობს დარიცხვის არამართლზომიერებაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად: 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანი მოითხოვს, მიიღებული იქნას მხედველობაში საჩივარში დასახელებული არგუმენტები და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიეცეს დავის დაწყების შესაძლებლობა.

საბჭო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მომჩივნის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებსაც იგი ემყარება მოთხოვნის საფუძვლად. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ მტკიცების საგანს და სხვა გარემოებების მსგავსად უნდა დადგინდეს დავის განმხილველი ორგანოს მიერ.

გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ე.წ. ელექტრონულ პორტალზე კომუნიკაციის შემთხვევაში მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის. შესაბამისად, კომპანიის დირექტორის უფლებაა განსაზღვროს აღნიშნული სახელწოდებითა და პაროლით მოსარგებლე უფლებამოსილი პირების წრე და უზრუნველყოს პორტალის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. ეს მისი რისკია და აღნიშნული მას არ ათავისუფლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან. მომჩივნის არგუმენტი, რომ სადავო აქტებს (აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტი, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 5.07.2022 წლის №17467 ბრძანება და №007-161 საგადასახადო მოთხოვნა) ელექტრონულ გვერდზე გაეცნო შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის არ მქონე პირი, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტების გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია. საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოება/მტკიცებულება ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთი სახის გარემოებას/მტკიცებულებას, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31008 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების და შესაბამისად საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.