ბრძანება N 17098
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17098
19 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2024 წლის 13 და 22 ივნისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №90177/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მაისის №006-200 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ბანკში მიღებული შემოსავლის, რომელზეც არ არის გამოწერილი დოკუმენტი, საფუძველზე განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აღნიშნული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ამონაწერის მიხედვით გარკვეულ ობიექტებში გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა ე.წ. „ორმაგი სტანდარტებით“ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას - შემოწმების აქტის პირველი საკითხის თანახმად უკვე დაიბეგრა ე.წ. „დამატებითი“ შემოსავლები საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნული „დამატებითი“ შემოსავლების სისწორის შემთხვევაში, აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების შედგენისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომები და გადასახადის გადამხდელს „ორჯერ“ განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
3. გადამხდელი არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად განხილვას და დანარჩენი 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას. აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ნოტარიალური წესით დამოწმებული ცნობა მომწოდებლისგან მასზედ, რომ შპს „-------“ სრულად აქვს ანაზღაურებული საინვოისო დავალიანების თანხები მომწოდებლისათვის კონკრეტულ თარიღებში.
4. გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის სარეალიზაციო ზედნადებში მითითებული ფირნიშის ნომრებით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად განსაზღვრას, ხოლო 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას. მომჩივანი განმარტავს, რომ ფირნიშის ნომრების მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს მომწოდებელი ორგანიზაციის ბუღალტრული/დოკუმენტურად დადასტურებული სასაქონლო ნაშთის ოდენობა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. აღნიშნულ დოკუმენტზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე შპს „-------“ მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები და აღნიშნული შემოწმების მიერ გაუქმებას არ დაქვემდებარებულა. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დარღვეულია №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მოთხოვნები გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშებებში.
5. გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხველ საქონელს და აღნიშნულის შესაბამისად შეფარდებულ ჯარიმას. აცხადებს, რომ საქონლის მოძრაობის უწყისების შედგენისას, შედეგების გამოყვანისას, აუდიტორს დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომები, რომელიც განპირობებულია იმით, რომ ჩამოწერისას არ იქნა განაშთული პროდუქციის რაოდენობა ხეტყის შეტყობინებების გამოწერის/გააქტიურების თარიღების მიხედვით, შესაბამისად, მიღებულია ე.წ. „აღურიცხავი“ საქონელი.
6. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31175 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 იანვრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 13 მაისს გამოსცა №11058 ბრძანება და 14 მაისს №006-200 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 22 030 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 706 ლარი, ჯარიმა 9 528 ლარი და საურავი 796 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ურთიერთშედარებით აღმოჩნდა, რომ ბანკში მიღებულ ზოგიერთ შემოსავლზე არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტი და სრულყოფილად არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა შპს ,,-------" დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადების შემცირებისთვის კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეულ ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, შპს ------- დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შპს ,,-------“ 2023 წლის აგვისტო და სექტემბრის თვეში რუსეთის ფედერაქციიდან შემოტანილი აქვს ხის მასალა. მის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით არ დასტურდება შეძენილ საქონელში ფულის გადახდა. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხარჯებში გამოიქვითა საქონლის ღირებულების 75%, ხოლო დანარჩენი ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოწმებით, საქონლის მოძრაობის შესწავლისას გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როცა საქონლის სარეალიზაციო ზედნადებში მითითებულია ისეთი ფირნიშის ნომრები, რომელიც არ არის დაფიქსირებული შეძენებში ან/და შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებული ფირნიშის ნომრით მოპოვებულია/შეძენილია ნაკლები ოდენობა რეალიზებულთან შედარებით. შემოწმებით, აღნიშნულ რეალიზაციებზე, №0256 დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხარჯებში გამოიქვითა საქონლის ღირებულების 75%, ხოლო დანარჩენი ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, შპს ------- დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. 25.01.2024წ. თარიღში შპს ,,-------“ ჩატარდა ინვენტარიზაცია. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებულია ნაკლები ოდენობა ფაქტობრივად აღწერილ მონაცემებთან შედარებით. საქონლის ზედმეტობა შეადგენს 20.74 მეტრ კუბს. შემოწმებით, აღურიცხავი საქონლის საბაზრო ღირებულების დაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის საშუალო ფასის მიხედვით. შედეგად, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილიზე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ ელექტრონულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ზოგიერთი მყიდველის ნაცვლად საქონლის ანაზღაურება ხორციელდება მესამე პირების მეშვეობით, რომელიც საგადასახადო/ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის იგულისხმება, რომ საქონლის/მომსახურების ღირებულებების ანაზღაურებას ახდენს სარეალიზაციო დოკუმენტში დაფიქსირებული პირი. წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივანი ასევე მიუთითებს, სხვა შემთხვევაში თუ შემოწმების მიერ დაკვალიფიცირებული შემოსავლები მართლად ჩათლებოდა „დამატებით“ მიღებულ შემოსავლებად მაშინ შემოწმებას ხარჯები უნდა განესაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, რაც გამოიწვევდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილიზე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეულ ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გარკვეულ ობიექტებში გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად განხილვას, ხოლო დანარჩენი ღირებულების, 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ნოტარიალური წესით დამოწმებული ცნობა მომწოდებლისგან მასზედ, რომ შპს „-------“ სრულად აქვს ანაზღაურებული საინვოისო დავალიანების თანხები მომწოდებლისათვის კონკრეტულ თარიღებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ შეუძლია წარმოადგინოს ნოტარიალური წესით დამოწმებული ცნობა მომწოდებლისგან მასზედ, რომ შპს „-------“ სრულად აქვს ანაზღაურებული საინვოისო დავალიანების თანხები მომწოდებლისათვის კონკრეტულ თარიღებში და მიაჩნია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) იმპორტირებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხეტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალიზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხეტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქონლის სარეალიზაციო ზედნადებში მითითებულია ისეთი ფირნიშის ნომრები, რომელიც არ არის დაფიქსირებული შეძენებში, ან/და შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებული ფირნიშის ნომრით მოპოვებულია/შეძენილია ნაკლები ოდენობა რეალიზებულთან შედარებით. შემოწმებით, აღნიშნულ რეალიზაციებზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხარჯებში გამოიქვითა საქონლის ღირებულების 75%, ხოლო დანარჩენი ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად განხილვა, ხოლო დანარჩენის ღირებულების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა და მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად, ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად აღწერილ მონაცემებს შორის გამოვლინდა აღურიცხველი საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება გაანგარიშდა ინვენტარიზაციის საშუალო ფასის მიხედვი, რამაც გამოიწვია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები (ტექნიკურ შეცდომებთან და აღურიცხველ საქონელთან მიმართებით), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ურთიერთშედარებით აღმოჩნდა, რომ ბანკში მიღებულ ზოგიერთ შემოსავლზე არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტი და სრულყოფილად არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით, დაკორექტირდა მომჩივანის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეულ ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. შედეგად, შემოწმებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
3. მომჩივანს რუსეთის ფედერაქციიდან შემოტანილი აქვს ხის მასალა. მის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით არ დასტურდება შეძენილ საქონელში ფულის გადახდა. შემოწმებით, ხარჯებში გამოიქვითა საქონლის ღირებულების 75%, ხოლო დანარჩენი ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
4. შემოწმებით, საქონლის მოძრაობის შესწავლისას გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როცა საქონლის სარეალიზაციო ზედნადებში მითითებულია ისეთი ფირნიშის ნომრები, რომელიც არ არის დაფიქსირებული შეძენებში ან/და შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებული ფირნიშის ნომრით მოპოვებულია/შეძენილია ნაკლები ოდენობა რეალიზებულთან შედარებით. შემოწმებით, ხარჯებში გამოიქვითა საქონლის ღირებულების 75%, ხოლო დანარჩენი ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
5. საწაემოში ჩატარდა ინვენტარიზაცია. შემოწმებით, გამოვლინდა, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებულია ნაკლები ოდენობა ფაქტობრივად აღწერილ მონაცემებთან შედარებით. პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. წარმოდგენილი საჩივრები დანარჩენ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ა, ბ); 101; 154; 286(4); 269(7)