ბრძანება N 20530
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20530
19 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „-------ის“ (ს/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 2 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ----- (პ/ნ -----) №137802/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 31 აგვისტოს №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 31 აგვისტოს ჩამოფრინდა ------ აეროპორტში. გამოსვლისას შეაჩერეს და გარკვევით კითხეს გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, ძვირფასეულობას და თანხას. შეკითხვა სრულად ვერ გაანალიზა. ამასთან, უცოდინრობის გამო უპასუხა, რომ ჰქონდა 160 ევრო. ვერ გაიაზრა თუ მისი მცირეოდენი ოქრო ითვლებოდა ძვირფასეულობად. ნივთები განთავსებული ჰქონდა ხილულად ხელჩანთაში და არ ჰქონდა დამალული. არასდროს ჰქონია პრობლემა არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ. იმყოფებოდა მგზავრობისგან დაღლილი, ღამენათევი და სტრესულ მდგომარეობაში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 31 აგვისტოს ------ რეისით ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ------. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონის მწვანე დერეფნის გამოყენებით დატოვებისას, საბაჟო გამშვები პუნქტის „------- აეროპორტები და ------- -------“ უფლებამოსი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება. დასმულ კითხვაზე, გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის - ძვირფასეულობას (ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობებს), მგზავრმა უარი განაცხადა. მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ------ გადამისამართდა დეკლარირების ოთახში, დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ შეადგინა 72.09 გრამი, რაზეც შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი.
არადეკლარირებულ საქონელს საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ჩაუტარდა ექსპერტიზა. 2025 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის (№----) თანახმად წარმოდგენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 11 563 ლარი.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის „----- აეროპორტები და ------ თავისუფალი ინდუსტრიული და ----- “------- უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 31 აგვისტოს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 11 563 ლარი.
სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №----- ოქმი“, დაილუქა საბაჟო ლუქით №------ და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის“ ადმინისტრაციულ შენობაში.
აღნიშნული მგზავრი ზეპირი გამოკითხვისას სრულიად გააზრებულად პასუხობდა მებაჟეოფიცრის მიერ დასმულ შეკითხვებს. მან შეგნებულად უარყო მის მიერ დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების, კერძოდ, ოქროს საიუველირო ნაკეთობების გადაადგილების ფაქტი (რაც დასტურდება სამკერდე კამერის ჩანაწერით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 11563 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანმა მებაჟე-ოფიცრის დასმულ შეკითხვაზე უარყო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების გადაადგილების ფაქტი. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი, ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 31 აგვისტოს ფ/პ ჩამოფრინდა საქართველოში. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონის მწვანე დერეფნის გამოყენებით დატოვებისას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, ოქროს საიუველირო ნაკეთობები რაზეც შედგა დათვალიერების ოქმი.
პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(1);168(1)