ბრძანება N 12941
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12941
09.06.2023
შპს ,,------“-ის (ს/ნ ------)
(მის.:,,------“)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის (ოქმი №58) სხდომაზე განიხილა შპს ,,------“-ის (ს/ნ ,,------“) 2023 წლის 23 იანვრის №78387/1/2023 და №78388/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №001-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ გადასახადები არასამართლიანად დაერიცხა და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ფასს. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ ქონება შეფასდა დაახლოებით 176 000 ლარად, ხოლო მისი დაკვეთით განხორციელებული ექსპერტის შეფასებით86 387 ლარად. აღნიშნული იწვევს დასაბეგრი ბაზის/ბრუნვის ცვლილებას, მათ შორის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ნოემბრის N28544 ბრძანების საფუძველზე შპს ,,-----“-ს (ს/ნ ,,------“) ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს გამოსცა №32484 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 71 581 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 70 046 ლარი, ჯარიმა 100 ლარი და საურავი 1 435 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს დამფუძნებელმა 2022 წლის 27 ოქტომბერს მოითხოვა შპს „------ “-ის ლიკვიდაცია, ხოლო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანიის დამფუძნებლის "-----" -ის გადაწყვეტილებით გატანილი იქნა საწარმოს კაპიტალიდან. შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია (რეალიზებულად ჩათვლილი ძირითადი საშუალებები) განხილული იქნა არაფულადი ფორმით განხორციელებულ მოგების განაწილებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.
შემოწმებით, საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, საქართველოს საგადასახადო კოდქსის 160-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაითვალა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. საბაზრო ფასი განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რამაც შეადგინა 176 000 ლარი. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად კომპანიას დაერიცხა დღგ.
შპს „------"-ის საქმიანობას წარმოადგენს კომერციული და სამეწარმეო ორგანიზაციების საქმიანობა. საწარმომ ლიკვიდაცია გამოაცხადა 2022 წლის 27 ოქტომბერს. გადამხდელის სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება მდებარე ქ. ------ ,"-------" არასაცხოვრებელი ფართი 80.40 კვადრატული მეტრი და სარდაფი 80.40 კვადრატული მეტრი. შპს „------"-ის 2022 წლის 26 ოქტომბრის კრების ოქმის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული ფართი გამოტანილი იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა 100%-იან წილის მქონე დამფუძნებლის "------" ის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით. გადამხდელმა საწარმოს ლიკვიდაციის გამოცხადების დროს არ წარადგინა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია, რაზეც დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, თვეების პროპორციულად.
გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა სალიკვიდაციო დეკლარაცია, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
2023 წლის 18 აპრილამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სალიკვიდაციო კომისია ან გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საგადასახადო ორგანოს. იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „-------"-ის ლიკვიდაცია დაიწყო 2022 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საწარმოს დამფუძნებლის მიერ გატანილი იქნა კომპანიის კაპიტალიდან, რაც შემოწმებით, ჩაითვალა ძირითადი საშუალების საბაზრო ფასით მიწოდებად. საბაზრო ფასი განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით და კომპანიას დაერიცხა კუთვნილი დღგ. შემოწმების შედეგად კომპანიის დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანა განხილულ იქნა არაფულადი ფორმით განხორციელებულ მოგების განაწილებად, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. პირს, ასევე დარიცხვა ქონების გადასახადი.
წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საშუალება არ მიეცა წარედგინა სერთიფიცირებული შემფასებლის დასკვა და შემოწმებამ იხელმძღვანელა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერიზის მიერ დადგენილი ღირებულებით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული ფასი არ ასახავს ქონების საბაზრო ღირებულებას, შესაბამისად, არ ეთანხმება და წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება ქონებების საბაზრო ფასის შესახებ, რომლის მიხედვითაც ითხოვს გადასახადების დაანგარიშებას და შემოწმების შედეგების კორექტირებას. ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ასევე ითხოვს, კომპანიის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან ლიკვიდაციამდე კომპანია არ იყო დღგ-ს გადამხდელი და ლიკვიდაციის გამო, მიწოდებული ქონების ღირებულების გათვალისწინებით, მხოლოდ ამ ოპერაციის მიზნებისთვის, განხორციელდა კომპანიის რეგისტრაცია დღგ-ს გადამხდელად. საჩივრებზე წარმოდგენილია ფოტომასალა და შეფასების დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,------“-ის (ს/ნ ,,------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ გადასახადები არასამართლიანად დაერიცხა და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ფასს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს დამფუძნებელმა მოითხოვა შპს-ს ლიკვიდაცია, ხოლო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით გატანილი იქნა საწარმოს კაპიტალიდან.აღნიშნული ოპერაცია (რეალიზებულად ჩათვლილი ძირითადი საშუალებები) განხილული იქნა არაფულადი ფორმით განხორციელებულ მოგების განაწილებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.
საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, საქართველოს საგადასახადო კოდქსის 160-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაითვალა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით.
გადამხდელმა საწარმოს ლიკვიდაციის გამოცხადების დროს არ წარადგინა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია, რაზეც დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, თვეების პროპორციულად.
მომჩივანს საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა სალიკვიდაციო დეკლარაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
981 (1),130(1),160("ვ“ )165(1,2),201(1„ა.ა“ )205(8) 291,164-ე (მე-2 ნაწილის ,,ბ“),160(3 ნაწილის „ვ“ და „თ“ )